რუსული იმპერია და ქართული ფეხბურთი

რუსული იმპერია და ქართული ფეხბურთი

 

    გასულ შაბათს, რუსეთის ტელეკომპანია «ოსტანკინომ» გადმოსცა СНГ-ს თასის ფინალური მატჩი ფეხბურთში, რომელიც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხითაც იქნა რეტრანსლირებული.
    ეს ტურნირი უკვე რამოდენიმე წელია იმართება მოსკოვში. ამჯერად პრიზიც სოლიდური და მიმზიდველი დააწესეს - ასოცი ათასი დოლარი. თბილისის «დინამომ» და მისმა ხელმძღვანელობამ ტურნირში სიხარულით მიიღო მონაწილეობა და მასპინძლებმაც ამ გუნდს (უფრო ზუსტად - შეჯიბრში მისი მონაწილეობის ფაქტს) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. თბილისელები დამარცხდნენ მინსკის «დინამოსთან» და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. ფინალური მატჩი გაიმართა ვლადიკავკაზის «სპარტაკ-ალანიასა» და კიევის «დინამოს» შორის. ეს უკანასკნელი პირველად მონაწილეობდა  ტურნირში და კომენტატორები გაუთავებლად უსვამდნენ ხაზს იმ გარემოებას, რომ კიევის «დინამო» ევროთასებში მონაწილეობას ვეღარ იღებს - მსაჯის მოქრთამვის მცდელობისათვის უეფამ ამ გუნდს სამი წლით დისკვალიფიკაციის სასჯელი გამოუტანა.
    ერთი სიტყვით, ყველაფერი თითქოს «ჩვეულ» სპორტულ კალაპოტში მიმდინარეობდა: «ზომიერად» სპორტი, «ზომიერად» პოლიტიკა, ზომიერად «რუსული შოვინიზმი» და ასევე ზომიერად «კომერციული ინტერესი».
    ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიასა და კიევის დინამოს შორის ფინალური მატჩი კომენტატორ ვლადიმერ პერეტურინს მიჰყავდა; ეს კაცი, ცოტა არ იყოს, «ივანუშკა-დურაჩოკის» შთაბეჭდილებას ტოვებს და ნიჭითაც არ გამოირჩევა.
    თავად ფეხბურთის მატჩი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და რაკი იგი საქართველოს I არხის მიერ იყო რეტრანსლირებული, ალბათ მას ფეხბურთს მონატრებული, ოდნავი ნოსტალგიით შეპყრობილი და ყოფითი პრობლემებით ქანცგაწყვეტილი საქართველოს მოსახლეობაც ადევნებდა თვალს.
    პერეტურინი ათას რამეს ლაქლაქებდა, ხან ტურნირის ორგანიზებულობას აქებდა, ხან სპონსორებს უხდიდა მადლობას, ხან ამ შეჯიბრის მნიშვნელობაზე საუბრობდა «გაწყვეტილი კავშირების აღდგენისათვის» და ა.შ. მაგრამ თანდათანობით კომენტატორი თამაშმა ჩაითრია და ვლადიკავკაზის «ალანიას» ქებას მოჰყვა. აქაოდა, ტექნიკური გუნდია, რუსეთში ბადალი არა ჰყავსო და ა.შ.
    მოულოდნელად, პერეტურინი აშკარად არასპორტულ და ხელოვნურ თემას შეეხო: «ცოტამ თუ იცის, რომ ვლადიკავკაზის «ალანიაში» 11 სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს. ეს მართლაც საოცარია, - ამგვარი რამ ჯერ არ ყოფილა».
    ამ დროს მინდორზე საინტერესო მომენტი შეიქმნა და პერეტურინს კვლავ ფეხბურთის მატჩის კომენტირება მოუწია, მაგრამ კადრს მიღმაც კი იგრძნობოდა, რომ იგი აშკარად ცქმუტავდა. როგორც ჩანს, იმდენად მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებდა, რომ ფეხბურთი მისთვის უკვე მეორეხარისხოვანი იყო. «თავად განსაჯეთ» - განაგრძო პერეტურინმა - «ზაურ ხაპოვი - ყაბარდოელია, კასიმოვი - უზბეკი, რევიშვილი - ქართველი, ჯიოევი - ოსი, თეთრაძე - ბერძენი (აქ პირველად მიყო გულმა რეჩხი და ვიფიქრე - «რაღაცაშია საქმე!») შელია . . . (პერეტურინმა უცნაური პაუზა გააკეთა, რომელიც სათამაშო სიტუაციით არ იყო გამოწვეული). . . . მეგრელი; ყაველაშვილი - ქართველი. . . «
    დარწმუნებული ვარ, იმ წუთს ყველა ქართველს თითქოს მეხმა გაუარა გულში; ინსტიქტურად ყველა იგრძნობდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა.
    პერეტურინს ეს ტექსტი აშკარად წინასწარ ჰქონდა დაზეპირებული (ანუ ჩაწერილი) წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენ ეროვნებას ზუსტად ვერ დაიმახსოვრებდა. თავად შელია კი მას ნამდვილად არ ეტყოდა - მეგრელი ვარ და არა ქართველიო. და ეს, იცით, საიდან ჩანს? მეორე დღეს გაზეთი «იზვესტია» წერდა: «თბილისის «დინამოსა» და მინსკის «დინამოს» შორის მატჩის შემდეგ გასახდელში, «სპარტაკ-ალანიას» ფეხბურთელი, ქართული ფეხბურთის აღზრდილი, მურთაზ შელია შეგვხვდა. სახეზე ისეთი ნაღველი ედო, უმალვე მივხვდი, ქართველებმა მატჩი წააგესო».
    მურთაზ შელიას რომ თავი ქართველად არ მიაჩნდეს, თბილისელთა დამარცხების გამო მას ასეთი ნაღვლიანი სახე არ ექნებოდა. ამრიგად, ეს პროვოკაცია აშკარად წინასწარ იყო ჩაფიქრებული და სწორედ იმ დროს, იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც მას მაქსიმალური «სარგებლობის» მოტანა შეეძლო.
    ზოგიერთ ჩვენს რეგვენ «დემოკრატს», რუსული «დემოკრატიის» მითითებით, საქართველოში რომ ხელისუფლება დაამხო, კვლავაც მოეჩვენება რომ ყოველივე ზემოთაღწერილი შემთხვევითობაა და სხვა არაფერი. მათთან კამათს არ ვაპირებ (ამას არავითარი აზრი არ აქვს). მხოლოდ ერთს ვიტყვი: რატომღაც ეს «შეცდომები» სულ ჩვენს საწინააღმდეგოდ ხდება - ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე კომენტატორს, თუნდაც ფეხბურთის მატჩის წაყვანისას - ჩვენს სასარგებლოს შეშლოდეს რამე.
    არადა, ეს პატარა ეპიზოდი უაღრესად რთული და მრავლისმომცველი, შეიძლება ითქვას, საქართველოსათვის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემის ერთი მცირე ანარეკლია.
    ზემოთხსენებული «დემოკრატები», ახლადშობილი ბოჩოლასავით პირდაღებულები რომ შესცქეროდნენ დღენიადაგ რუსულ დემოკრატიას, რატომღაც ვერ ამჩნევდნენ, ამ «დემოკრატიის» საფარქვეშ რა ბინძური პროვოკაციები ხორციელდებოდა საქართველოს, ქართველი ერის წინააღმდეგ. გავიხსენოთ დიდი რუსი დემოკრატის და არანაკლებ დიდი შოვინისტის, ანდრეი სახაროვის ცნობილი ფრაზა საქართველოს «იმპერიულობის» შესახებ - «..Грузия - маленькая империя - в ее состав входят Абхазия, Осетия и другие …»
    როგორ გგონიათ, ამ «и другие»-ში ვის და რას გულისხმობდა ქართული დემოკრატიის დიდი მეგობარი, რომლის ლანძღვა ზვიად გამსახურდიასათვის დღემდე ვერ უპატიებიათ ჩვენს «ცნობილ კინორეჟისორებს» და ამისათვის წამდაუწუმ ბოდიშებს იხდიან მოსკოვში? არადა, სახაროვს რაღაც მართლა უნდოდა ეთქვა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ თქვა. ვერ თქვა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, უსიამოვნო მოგონებები წამოუტივტივდა მეხსიერებაში და იქვე დასძინა იმავე ინტერვიუში - «ქართველ დისიდენტებთან რთული, წინააღმდეგობრივი ურთიერთობები მქონდაო».
    ეს პრობლემა «ქართული დემოკრატიის» მამებისათვის არ არსებობდა; არ არსებობდა არა იმიტომ, რომ იგი არ არსებობდა ბუნებაში, არამედ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ, ინტელექტი და ელემენტარული ჭკუა არ ჰყოფნიდათ დაენახათ პრობლემა, ჩასწვდომოდნენ მის არსს.
    სამოცდაათიან, ოთხმოციან წლებში სვანეთში, სამეგრელოში, აჭარაში «საბჭოთა კავშირის მიკლუხო-მაკლაის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის» ემისრებმა სიარულს მოუხშირეს, - გაუთავებლად დაძვრებოდნენ საქართველოს ამ რეგიონებში და «გულუბრყვილო» კითხვებს სვამდნენ «А пoчему oни считают себя Грузинами, если, например Абхазы не считают себя таковыми?» «Вы можете доказать, что они Грузины?» ერთი ასეთი «ექსპედიცია» სვანეთიდან მიშა ქურდიანმა ლამის პანღურისკვრით დაიფრინა, მაგრამ თუ რუსმა ეთნოგრაფებმა რაიმე იყნოსეს, ასე ადვილად მოიშორებ?
    1990 წელს 9 აპრილის მოვლენებით გაგულისებული გაზეთი «Правда» მოწინავე სტატიაში წერდა: «ერთხელ ამ სტრიქონების ავტორი ქართველ ინტელიგენტს დაემგზავრა ავტობუსში. უკვე ბევრი რამ მსმენოდა სტალინისდროინდელი ქართული შოვინიზმის შესახებ, მაგრამ ამის თაობაზე, რატომღაც არავინ ლაპარაკობდა. ჩემს ქართველ თანამგზავრს ვკითხე: «აჭარლები ქართველები არიან? «რა თქმა უნდა», - გაკვირვებით მომიგო მან; მეგრელები? სვანები? მესხები? ყველანი ქართველები არიან? «Неужели все Грузины!?»

    არსებობს ცნებები, რომელთა ახსნა ერთი შეხედვით ძნელია: მეგრელსა და კახელს შორის გაცილებით დიდი განსხვავებაა, ვიდრე მაგალითად ხორვატებსა და სერბებს შორის; მაგრამ ბალკანეთზე მცხოვრები ეს ორი ერი უკვე მერამდენე საუკუნეა ხოცავს ერთმანეთს; იუგოსლაველი მუსლიმანები სერბულ-ხორვატულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ეს მაინც სხვა ერია, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ისინიც სერბები არიან.
    რა თქმა უნდა ის, რომ აჭარლებიც, მეგრელებიც, სვანებიც, მესხებიც თავს ქართველებად თვლიან, საქართველოს უნიკალური შინაგანი ბუნების შედეგია და მისი უდიდესი სიმდიდრე!

    ქართველთა ღვთაებრივი ერთობა ჩვეულებრივ, რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენის ღრმა რწმენით, მასში ღვთის ერთ-ერთი საიდუმლოა ჩაკირული. ყოველ შემთხვევაში, ეს საოცრება თავად ისტორიამ შექმნა - ყოველგვარი ძალდატანების, ოკუპაციის, ანექსიის, ძალადობრივი ასიმილაციის გარეშე.
    რუს ეთნოგრაფს ამას ვერ აუხსნი. ქართველ «დემოკრატებს» კი საერთოდ ვერ გააგებინებ რაზეა ლაპარაკი. მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მსჯელობა: «გერმანული მოდელი» სჯობს თუ «ფრანგული მოდელი».
    დარწმუნებული ვარ, მათთვის ყოველივე ზემოთთქმული «პროვინციული ფაშიზმის» კიდევ ერთი გამოვლინება იქნება და სხვა არაფერი. არადა, «არსებობს ამქვეყნად საგანი, რომელსაც, თუ არ იწამებ - ვერ დაინახავ». ისინი ვერც ხვდებიან, რომ ცნება «ქართულ ფაშიზმში» თავად სხვა რამეს გულისხმობენ, სხვა მნიშვნელობას დებენ, ხოლო მათი რუსი «მეგობრები» კი - სულ სხვას.
    და რომც მიხვდნენ, არა მგონია, დიდად დასწყდეთ გული.

«მსგეფსი», 8 თებერვალი, 1996 წელი.