რუსული არმია საქართველოს არ დატოვებს

რუსული არმია საქართველოს არ დატოვებს

  

    თავდაცვის სამინისტროს სარწმუნო წყაროს ცნობით, წინასწარი კონსულტაციები რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ობიექტების გადმოცემის თაობაზე მძიმედ, წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს.
    მოსკოვში მშვენივრად ხვდებიან, რომ ფაქტობრივად საქმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული არმადის ეტაპობრივ გაყვანას ეხება, ვინაიდან «სამხედრო ბაზების» დაკანონების საკითხი თანდათან დღის წესრიგიდან იხსნება.
    1995 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამხედრო ბაზა უნდა დარჩენოდა - ვაზიანში, ბათუმში, გუდაუთაში და ახალქალაქში. მაგრამ ბაზები ვერ იარსებებენ ინფრასტრუქტურის, დამხმარე ნაგებობათა სრული სისტემის და კომუნიკაციის გარეშე.
    ზემოხსენებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა რუსეთის ჯარების დატოვებას საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად იმავე უფლებით, შესაძლებლობებითა და ფუნქციებით, როგორიც მას საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა.
    პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო, ვარდიკო ნადიბაიძის კერძო ინიციატივა ნამდვილად არ უნდა იყოს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იგი პრეზიდენტის მითითებით მოქმედებს. მაშასადამე, ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა, დაარღვიოს სტატუს-კვო და სამხედრო თვალსაზრისით თანდათანობით შეასუსტოს რუსეთის «სამხედრო ყოფნა» საქართველოში. სამაგიეროდ, რუსეთიც სწორად ორგანიზებულ თავდაცვაზე გადავიდა: «სამხედრო ობიექტების» გადმოცემა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯარების გაყვანის მოთხოვნას.
    ამდენად, მოსკოვს აქვს საშუალება გამართოს მოლაპარაკება და ეს მოლაპარაკება შეძლებისდაგვარად გააჭიანუროს: ნაცვლად 42 ობიექტისა, რომელიც მოვითხოვეთ, რეალურად განიხილოს მხოლოდ 8-10 ობიექტის საკითხი.
    ესეც მხოლოდ ფორმალურად, თვალთმაქცურად, - დროის მაქსიმალურად გაჭიანურების მიზნით. სინამდვილეში ამჟამად მხოლოდ იმ სამხედრო ობიექტების გადმოცემა განიხილება, რომლებიც არც სჭირდებათ რუსეთის ჯარებს საქართველოში.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარს იტყვის საკითხის განხილვაზე, თუ ვარდიკო ნადიბაიძე ისეთი სამხედრო ქონების, ნაგებობის, კომუნიკაციის, სარემონტო საამქროს, აეროდრომის, ყაზარმის ან საწყობის დაბრუნებას მოითხოვს, რომელთა გარეშე არსებობა რუსულ არმიას საქართველოში გაუჭირდება. მით უმეტეს (ვიმეორებ) სამხედრო საკუთრების პრობლემა რუსული არმიის ფუნქციონირების პრობლემაა.
    მოლაპარაკება უკვე შინაარსობრივად არა უბრალოდ ამა თუ იმ ნაგებობის გადმოცემაზე მიმდინარეობს, არამედ რუსული ჯარის გაყვანასა და საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირებაზე.
    შევარდნაძის მხრიდან ეს დემონსტრაციული ნაბიჯია; თუმცა საეჭვოა, მან რაიმე შედეგი გამოიღოს. რუსი სამხედროები ბოლო წლებში საკმაოდ დახელოვნდნენ დიპლომატიაში და მოლაპარაკებებსაც ეშმაკურად აწარმოებენ. დიალოგის გაჭიანურების უამრავი ხერხი და მეთოდი არსებობს. გარდა ამისა, სამხედრო ობიექტების გადმოცემა მხოლოდ ერთი მეასედი თუ იქნება მთლიანობაში იმ პრობლემათა კომპლექსისა, რომელსაც საქართველოდან რუსული არმიის გაყვანა წარმოადგენს. ამჟამად სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთი კვლავინდებურად აკონტროლებს ყველა მნიშვნელოვან წერტილს საქართველოში: რუსული ჯარები დგანან ენგურისა და ლიახვის აუზებში, აკონტროლებენ კომუნიკაციების უმრავლესობას, იმყოფებიან დედაქალაქის მახლობლად, აგრეთვე აჭარასა და ახალქალაქში, ძველებურად ფლობენ გუდაუთის აეროდრომს, დგანან საქართველო-თურქეთის საზღვარზე, «იცავენ საქართველოს საზღვაო აკვატორიას» და ბატონობენ საქართველოს საჰაერო სივრცეში (საკმარისია, ცას დავაკვირდეთ და შევნიშნავთ, რა ხშირად ტოვებენ მასზე კვალს რუსეთის ზებგერითი გამანადგურებლები); აღარაფერს ვამბობ იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს სერიოზული კოზირები აქვს და მათი გაბათილება არც ისე ადვილია.
    თუმცა, მთლიანობაში საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ფრთხილი მოქმედება მაინც სჯობს უმოქმედობას, ვინაიდან რუსეთმა უნდა იცოდეს: საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მასაც აქვს კოზირები ახალი თამაშის წამოსაწყებად. რუსეთის არმია მაინც გახდება იძულებული, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ზოგიერთი რამ დათმოს - საქართველოს გადმოსცეს რამდენიმე სამხედრო ობიექტი, დაუთმოს სამხედრო ქონების, ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციათა ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი.
    თვით ამ პროცესის წამოწყებაც კი უსიამოვნოა მოსკოვისთვის, ვინაიდან მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგენი უმალვე შენიშნავენ ცვლილებას გეოპოლიტიკურ ბალანსში და «ცარიელი ნიშის» დასაკავებლად მოემზადებიან.

მერიდიანი, 28 იანვარი, 1998 წ.