რუსულ რუბლს: «ჩემს ქვეყანაში შენი ხმა აღარ გავიგო!»

რუსულ რუბლს: «ჩემს ქვეყანაში შენი ხმა აღარ გავიგო!»

   

    რუსეთში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები თითქოს უშუალო ზეგავლენას ვეღარ ახდენენ საქართველოზე, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც კირიენკოს მთავრობამ ორშაბათს მიიღო (რუბლის სავალუტო კორიდორის გაფართოების შესახებ), იმდენად მნიშვნელოვანია, თბილისშიც უთუოდ განხილვის საგნად იქცევა.
    უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს: გადაწყვეტილება საქართველოზე დიახაც მოახდენს ზეგავლენას და არცთუ მხოლოდ ნეგატიური თვალსაზრისით.
    ფაქტობრივად, რუსული რუბლის სავალუტო კურსის ზედა ზღვარის კიდევ უფრო ამაღლება (9,5 რუბლამდე) რუსეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციას ნიშნავს; რუსეთის ტელევიზიის პირველი არხი («უმაღლესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე», ისინი ხშირად ივიწყებენ ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპებს) ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა; არადა რა უნდა ელაპარაკო ქვეყანას, რომლის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ორი თვის წინ აცხადებდა, დევალვაცია არ იქნებაო, ახლა კი ურცხვად ადასტურებს: რუსეთმა არათუ დევალვაცია (ეროვნული ვალუტის გაუფასურება) მოახდინა, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების აღსრულება გადადო, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენა საკუთარ პრესტიჟს.
    ამის შემდეგ, რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი ენდობა რუსეთს? რუბლის დევალვაცია უმტკივნეულო პროცესი რომ ყოფილიყო, ელცინი ორი წლის განმავლობაში ასეთი გააფთრებით რატომ შეეწინააღმდეგებოდა ამ იდეას?
    რუსული მასმედია ისევ და ისევ მალავს ძირითად ნეგატიურ შედეგს (რუსეთისთვის), რაც შეიძლება მოჰყვეს რუბლის დევალვაციას - ეს გახლავთ კრემლის პოზიციათა საბოლოო შერყევა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში, ყოველგვარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის იდეის დასამარება. სამხედრო-სტრატეგიული ბერკეტები რუსეთს ყოფილ საბჭოთა კავშირში ფაქტობრივად აღარ შერჩა, ამდენად ფინანსური ბერკეტების იმედზეღა იყო. გახსოვთ ალბათ, 1993 წელს რა დამცინავად ყვებოდნენ რუსი ექსპერტები: საქართველოში ეროვნული ვალუტის (კუპონის) ინფლაცია 7000 პროცენტს აღწევს, თუმცა გაუგებარია, ქართველებს საკუთარი ვალუტა რად უნდათ, როდესაც ყველაფერი ისედაც რუბლზე იყიდებაო.
    იმ დროს ზოგიერთი «ჭკუისკოლოფი» რუსული რუბლის ზონაში შესვლასაც კი მოითხოვდა. კიდევ კარგი ეს იდიოტური იდეა არ განხორციელდა, თორემ ახლა საქართველო რუსეთთან ერთად აღმოჩნდებოდა ფინანსური კრიზისის ჭაობში.
    რუსული რუბლის დევალვაცია ძალიან მძლავრი დარტყმაა რუსეთის სტრატეგიულ პოზიციებზე ჩვენს ქვეყანაში; ისევე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სხვა ქვეყნებში. ეკონომიკური მოტივაცია ამ თვალსაზრისით ყველაზე ძლიერია; «რუსული ორიენტაციის» თვალსაჩინო პროპაგანდირება იყო 1992-1994 წლების ის ფაქტი, რომ «ქართული კუპონი» რუსულ რუბლთან შედარებით სასაცილო ვალუტად აღიქმებოდა - რეალურად არც ითვლებოდა ფულად.
    დღეს ლარს მოსახლეობა, რა თქმა უნდა, არ ენდობა დოლარზე მეტად, მაგრამ ნამდვილად უფრო მეტად ენდობა, ვიდრე რუსულ რუბლს. ლარმა ვერ შეიძინა შენახვის ფუნქცია, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებად ეკისრება ეს ფუნქცია რუბლს. ანგარიშსწორება ლარებში გაცილებით ხელსაყრელია და საიმედო, ვიდრე რუბლებში.
    სხვათა შორის, ამან არ შეიძლება ზეგავლენა არ მოახდინოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ლარის მოძრაობის არეალი უფრო ფართოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლარი აფხაზეთისა და ე.წ. «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიაზეც ბრუნავს უკვე. რუბლის დევალვაცია კი უეჭველად შეარყევს მისდამი ნდობას და პირიქით, - გაზრდის ნდობას ლარისადმი. არძინბასა და ჩიბიროვის ნებისმიერი ბრძანება თუ განკარგულება (ლარის საწინააღმდეგოდ, მისი ბრუნვის შესაჩერებლად) ისევე არ იმუშავებს, როგორც არ იმუშავებდა და ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებდა ხუთი წლის წინ ედუარდ შევარდნაძის ბრძანება რუბლის საწინააღმდეგოდ.
    ანალოგიური პროცესები განვითარდება სხვა რეგიონებშიც, - ლარის სიკეთეს შეიგრძნობს ჯავახეთის მოსახლეობა, აჭარაშიც შეწყდება ყოველგვარი საუბარი ე.წ. «თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე». რა თავში იხლიან ამ «ზონას» თუ მისი ძირითადი აზრი (რუბლის თავისუფლად ბრუნვა) სრულებით უსარგებლო ხდება? ლარი რომ რუბლს სჯობია როგორც ვალუტა - უკვე უეჭველია. უფრო მეტი და მყარი გარანტია საქართველოს დამოუკიდებლობისა არ არსებობს, ვინაიდან ჩვეულებრივი ობივატელის დაინტერესება, მისი სისხლხორცეული ინტერესი უფრო ძლიერია ამ თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერი დეკლარაცია.
    ამრიგად, რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა გადაედგა ნაბიჯი, რომელიც (მისდაუნებურად) საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება და განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის (ისევე, როგორც დსთ-ს წევრი სხვა სახელმწიფოების) დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
    მაგრამ ყველა ეს დადებითი შედეგი ნულზე დავა, თუ საქართველოს მთავრობა აჰყვება რთული პრობლემების იოლად გადაჭრის ცდუნებას, მიბაძავს რუსეთს და თავადაც მოახდენს ლარის დევალვაციას.
    ამის დაშვება არაფრის დიდებით არ შეიძლება - ეს იქნება ქვეყნისათვის ზურგში დანის ჩარტყმა, ეს იქნება უდიდესი ღალატი და სისულელეც, ვინაიდან რეალურად, საქართველოში ამ ნაბიჯს დადებითი შედეგი არ მოჰყვება, ისევე, როგორც არ მოჰყვება რუსეთში.
    რუბლის დევალვაციით ელცინის რუსეთმა მხოლოდ აგონია გაიხანგრძლივა. წლის ბოლომდე კირიენკოს მთავრობა შეძლებს გადაუხადოს ხელფასი მეშახტეებს, დაარიგოს პენსიები, მაგრამ აგორებულ ზვავს უკვე ვეღარ შეაჩერებს, - რაკი ერთხელ მოხდა დევალვაცია, რუბლის განუხრელი გაუფასურება გარდაუვალია. ელცინის გუნდს წყალში ეყრება ექვსი წლის ნაშრომ-ნაჯაფი; ფაქტობრივად, რუსული ლიბერალური რეფორმა კრახით დასრულდა, ვინაიდან ამ რეფორმის საფუძველი მონეტარისტული კონცეფციაა.
    ოღონდ ახლა გაუძლოს საქართველომ, არ აჰყვეს «მემარცხენეებს», არ მოახდინოს ლარის დევალვაცია, სხვა ხერხებით გადაწყვიტოს პრობლემა! თუნდაც ეს საგანგებო ხერხები იყოს; თუ, მაგალითად, ჩვენში ვერ ხერხდება ხელისუფლებისა და პენსიების დარიგება, საჭიროა არა ლარის დევალვაცია, არამედ საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერება, ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ ტერორის (დიახ, ტერორის!) გაჩაღება, მათი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად გასამართლება - ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.
    სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს ლარის სიმტკიცეზეა დამყარებული; რამდენჯერაც მოხდება რუბლის დევალვაცია, იმდენადვე შესუსტდება რუსეთის პოზიცია საქართველოში და განმტკიცდება საქართველოს სუვერენიტეტი.

7 დღე, 19 აგვისტო, 1998 წელი