რუსი მესაზღვრეები საქართველოს ასე ადვილად არ დათმობენ

რუსი მესაზღვრეები საქართველოს ასე ადვილად არ დათმობენ

  

    საქართველოს ოფიციალურ პირთა, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთის სასაზღვრო ჯარებთან დაკავშირებით იმის უეჭველი მანიშნებელია, რომ დაძაბულობამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «დუღილის ნიშნულს» მიაღწია.
    რეზო ადამიასა და კახა ჩიტაიას თქმით, მომავალი წლის ბოლოსათვის საქართველოში რუსი მესაზღვრეები საერთოდ აღარ უნდა იდგნენ, ანუ საქართველო-თურქეთის საზღვარი ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალებით უნდა გააკონტროლოს. საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდლის, ვალერი ჩხეიძის განცხადებით კი, საქართველოს უკვე შესწევს ძალა ნაწილობრივ დაიცვას საზღვრის ეს მონაკვეთი.
    მაშასადამე, მომავალ წელს «სრულად გაკონტროლებაც» შეეძლებათ და რუსი მესაზღვრეებიც იძულებულნი გახდებიან, ორასი წლის შემდეგ პირველად დატოვონ თურქეთის საზღვრები. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იქნება, თუმცა რეალობას თუ უფრო საღად შევაფასებთ და ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, უეჭველად დავრწმუნდებით: ასე «ვარდისფრად» და «ზღაპრულად» არ არის საქმე. რუსი მესაზღვრეები საქართველოდან არსადაც არ წავლენ: საქართველო-თურქეთის საზღვრის გაკონტროლებას მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
    გენერალი ნიკოლაევი იმიტომაც ითვლება რუსეთში «რუსი ოფიცრის ღირსების განსახიერებად», რომ შესანიშნავად ესმის საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. საკმარისია, საქართველო-თურქეთის საზღვარი მან საქართველოს დაუთმოს, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების გაკონტროლება საეროთდ შეუძლებელი გახდება.
    ფაქტობრივად, საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე დგომით რუსის ჯარი ჩრდილოეთ კავკასიაში რუსულ გავლენას იცავს - იქ ხომ ჯერჯერობით არ არის შექმნილი ინფრასტრუქტურა, მაშასადამე წლები დასჭირდებათ შესაბამისი ნაგებობების ასაშენებლად, კომუნიკაციების გასაყვანად და ა.შ.
    საქართველოდან მესაზღვრეთა გაყვანა და ჩრდილოეთ კავკასიის საბოლოო დაკარგვა რუსეთისათვის ერთი და იგივე პროცესი იქნება. ამდენად ბუნებრივია, იგი ყველაფერს იღონებს, რათა პოზიციები შეინარჩუნოს. არავის ეგონოს, იგი საქართველოს მოთხოვნას არ დაემორჩილება. როგორც კი პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება მოითხოვს, რუსეთის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელები განაცხადებენ, რომ მზად არიან დაემორჩილონ იმ ქვეყნის მოთხოვნას, რომელშიც მსახუროდნენ. შეიძლება გააჭიანურონ კიდეც ეს დამორჩილება, მაგრამ თუ საქართველო ერთმნიშვნელოვნად დასვამს საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბოლოს და ბოლოს, იძულებულნი გახდებიან, დატოვონ საზღვარი და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაბარგდნენ.
    საქმე სწორედ ის არის, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამგვარ ცალსახა და ერთმნიშვნელოვან მოთხოვნამდე საქმე არ მიიყვანოს. საამისოდ მას უამრავი საშუალება გააჩნია. ჯერ ერთი, შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს «თურქი-მესხების» თემის აგორება სწორედ ამ მომენტში. როგორც ცნობილია, გათურქებულ მესხთა (ქართველთა) ასიათასიანი მასა აპირებს დასახლდეს თურქეთში, საქართველოს საზღვართან და «ხელსაყრელ დროს» დაელოდონ, რომ მესხეთში შემოიჭრას.
    ეს «ზღაპარი» არავის ეგონოს - ამგვარი სცენარი სავსებით რეალურია. რაც შეეხება თურქეთთან ჩვენს «მეგობრობას», როცა საქმე-საქმეზე მიდგება, თურქეთიც ისეთივე «მოსისხლე მტერი» აღმოჩნდება დამოუკიდებელი საქართველოსათვის, როგორც რუსეთი. ჯერ მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან ზოგიერთები ანკარაში, - სანამ რუსის ჯარი მათ საზღვრებთან დგას, საქართველო «ურუსის მიწად» მიაჩნიათ, მაგრამ თუ იგი გავიდა - უმალვე გაახსენდებათ ისტორიული პრეტენზიები.
    გარდა ამისა, როცა ვამბობთ «საქართველო-თურქეთის საზღვარი», კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რა გვაქვს მხედველობაში - საზღვრის დიდი მონაკვეთი ხომ აჭარაზე გადის. აჭარიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა კი უფრო ძნელი იქნება, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებიდან თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი რუსები კი არა, ქართველები არიან. ანუ ადგილობრივი ქართველები (აჭარლები) კონტრაქტით მსახურობენ რუსეთის სასაზღვრო ჯარებში. ქართველების საქართველოდან გაყვანის მოთხოვნა კი აბსურდულად აღიქმება.
    ეს მომენტი რუსეთმა, რასაკვირველია, შესანიშნავად გაითვალისწინა. თანაც, თუ იგი აჭარაში ქართველებს იწვევდა სასაზღვრო ჯარებში, ჯავახეთში საზღვარს რუსეთის სასაზღვრო კონტინგენტის შემადგენლობაში ადგილობრივი სომხური მოსახლეობა იცავს.
    თვით რუსები კი მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას (მესაზღვრეთა ხელმძღვანელობას) წარმოადგენენ. საქართველოს ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნის შემთხვევაში, გაჯანჯალებისა და პროვოკაციების შემდეგ, რუსეთმა შეიძლება თბილისში არსებული «სასაზღვრო შტაბი» გადაიტანოს სხვაგან, მაგალითად ბათუმში, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მთლიანად კავკასიაში დისლოცირებული სასაზღვრო ჯარების შტაბი კარგა ხანია სტავროპოლში გადაიტანეს და იქედანაც კარგად მართავენ (თავისი ქვეყნის სასარგებლოდ) ვითარებას საქართველო-თურქეთის საზღვარზე.

მერიდიანი, 12 დეკემბერი, 1997 წ.