რუსთავი ორის ჯადო

რუსთავი ორის ჯადო

    საახალწლოდ უამრავი ნიშანდობლივი რამ მოხდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა, ჩემი აზრით, მაინც ტელევიზიების რეიტინგი გახდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მედიასივრცის ლიდერი კვლავინდებურად (უცვლელად ბოლო 12-13 წლის განმავლობაში) ტელეკომპანია „რუსთავი ორია“.
    პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად „გაყალბებაზე“ თითქმის არავინ საუბრობს მთლად თავგადაკლული სკეპტიკოსების გარდა, რომლებიც უბრალოდ ვერ მალავენ კოგნიტიურ დისონასს, რასაც პიროვნული ღირებულებებისა და გარემო-რეალობის შეუსაბამობა იწვევს მათში. არადა, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე „ფაქტია“: „რუსთავი ორი“ მაინც (!) უსწრებს ყველას. ეს „მაინც“ იმის აღიარებაა, რომ თურმე ხელისუფლების ცვლილება და ოქტომბრიდან განვითარებული „ისტორიული მოვლენები“ ისე პირდაპირ არ კორელირებს ტელევიზიის რეიტინგთან, როგორც ერთი შეხედვით „უნდა ყოფილიყო“. ამ თემაზე საჯარო დისკუსიის მონაწილე ზოგიერთი ექსპერტი არათუ განცვიფრებას, არამედ აღშფოთებას გამოთქვამდა: „რა ხდება, ჩვენ გვეგონა სააკაშვილის რუპორი მაშინვე ჩამოიშლებოდა, როგორც კი არჩევნებს „ოცნება“ მოიგებდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარაო“.
    თემაზე დისკუსიისას, პრიმიტიულ რეფლექსიებს ემატებოდა ჩვენი „ენჯეოშნიკებისთვის“ ზოგადად დამახასიათებელი სნობური „არგუმენტები“, რომ ტელევიზიის რეიტინგი იმაზე უნდა იყოს (!) დამოკიდებული, აშუქებს თუ არა იგი „საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებს“, შეესაბამება თუ არა საზოგადოების განწყობას, მოვლენათა მასობრივ შეფასებებს და ა.შ. და ა.შ. თანაც, „საზოგადოებაში“, რასაკვირველია, სოციუმის მხოლოდ იმ ნაწილს გულისხმობენ, რომელსაც თავად განეკუთვნებიან. არადა, საქართველოში სატელევიზიო აუდიტორია, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ფსევდოინტელექტუალთა ის ვიწრო წრე, რომელიც მეტისმეტად „დაეჩვია“ საკუთარი განწყობების ექსტრაპოლირებას ყველაზე და ყველაფერზე. ამიტომაც ტოვებს მუდამ უმძიმეს შთაბეჭდილებას მათი დისკუსია ნებისმიერ საინტერესო თემაზე.
    „რუსთავი ორისა“ და მისი „უცნაურად მაღალი რეიტინგის“ თაობაზე დისკუსიაში მონაწილე ინტელექტუალურ სნობებს კი უბრალოდ არა აქვთ წარმოდგენა რა არის ტელევიზია! აქედან მომდინარეობს სწორედ ეს კომიკური მსჯელობა იმაზე, რომ თურმე ტელევიზიის რეიტინგს ის განაპირობებს, ეხმაურება თუ არა იგი „მწვავე თემებს“ ან თუ ეხმაურება, - როგორ და ა.შ. სინამდვილეში ტელევიზიის პოპულარობისა და რეიტინგისთვის ყოველივე ამას არათუ მცირე, არამედ საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    1970-იან წლებში, ტელევიზიის, როგორც სოციალური ფენომენის სამშობლოში, - ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჩაატარეს გამოკითხვა ყველაზე სხარტი პასუხის გამოსავლენად კითხვაზე: რა არის ტელევიზია? გაიმარჯვა ფრაზამ: „ტელევიზია არის საღეჭი რეზინი თვალებისათვის!“
    გენიალურობამდე ზუსტი შეფასებაა! სინამდვილეში, „რუსთავი ორი“ იმიტომ იყო და რჩება სატელევიზიო რეიტინგების ლიდერად, რომ . . . . . . ყველაზე შთამბეჭდავია! თანაც, პირველ რიგში ვიზუალურად შთამბეჭდავი. ამ მომენტს ჩვენი „ინლელექტუალური სნობები“ არასდროს ითვალისწინებენ: როდესაც საქმე ტელევიზიას ეხება, მნიშვნელოვანია არა კონტენტი, არამედ გამოსახულება, რასაც რუსები „კარტინკას“ უწოდებენ. აქედან გამომდინარე, არა შინაარსი, არამედ სტილი, ანუ არა ის, თუ „რა“ არამედ ის, თუ „როგორ“.
    რამდენადაც სისულელეა მსჯელობა „რუსთავი ორის“ რეიტინგთა არარელევანტურობაზე ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების ფონზე, იმდენადვე აბსურდული იქნებოდა ვინმეს ეთქვა, რომ მისი მაღალი რეიტინგი პრეზიდენტის პოლიტიკური წონის პროპორციულია ან იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობას მოსწონდა (მოსწონს) ამ ტელევიზიის გამოყენება პროპაგანდისტულ რუპორად. ვთქვათ ლეგენდარული ბესო სურმავას მიერ ადიულტერის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ „ნაკისრი“ ჩანაწერების გამოქვეყნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ტელევიზიის მაღალი რეიტინგი სიმპატიას საერთოდ არ გულისხმობს! ისევე, როგორც ანტიპატიას. უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ყურებადია! მორჩა და გათავდა!
    რატომ და როგორ არის ყველაზე ყურებადი და შთამბეჭდავი - აი ეს უკვე სულ სხვა და ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ისევ და ისევ შინაარსს მეასეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს: აქ „თვალია“ მთავარი და არა „ყური“. სტილი და არა კონტენტი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს ტელევიზია არის ეპოქალური მოვლენა საქართველოს ისტორიაში! მიშამ და „ვარდების რევოლუციამ“ კი არ შექმნა „რუსთავი ორი“, არამედ პირიქით, „რუსთავი ორმა“ შექმნა მიშაც და ვარდების რევოლუციაც! ნებისმიერი პოლიტიკური რევოლუცია იწყება ახალი სტილის დამკვიდრებით. ერთი ფრანგი მწერალი წერდა: „ბურბონებს მაშინ დაერხათ, როდესაც პარიზის სალონებში ქალბატონებმა დეკოლტეს ახალი ჭრილით იწყეს გამოჩენა და ეს საზოგადოებამ მიიღოო“. კი არ მიიღო, აიძულეს!
    ეროსი კიწმარიშვილის, ნათია ლაზაშვილის, ნანა ლეჟავას, ეკა ხოფერიას, ნათია ზამბახიძის ტელევიზიამ ჯერ შემოიტანა და დაამკვიდრა ახალი სტილი (არა მხოლოდ ტელესივრცეში, არამედ, ზოგადად, სოციუმში), ახალი ღირებულებები, ახალი პრიორიტეტები, გააღვივა ახალი სოციალური ინტენციები და მხოლოდ ამის შემდეგ, ამის წყალობით იქცა იგი „ლიდერად“ მაშინაც და რჩება ლიდერად დღემდე.
    მაგრამ ამას ტელევიზია ვერ შეძლებდა, რომ არა, ისევ და ისევ „შთამბეჭდავობა“ და „ყურებადობა“ წმინდად ვიზუალური „რიგისა“ და სტილური ნოვაციების თვალსაზრისით, რაც მაყურებელს მისი ელიტურობის (ქართული ჟარგონით „სვეტსკობის“) განცდას უჩენდა. ამ თვალსაზრისით, 1998 წელს გემოვნებით მომზადებულ სიუჟეტს თბილისის მოდური „სილამაზის სალონიდან“ ბევრად მეტი გავლენა და ძალა ჰქონდა, ვიდრე საინფორმაციო ინვექტივებს შევარდნაძისროიდელი საქართველოს „პოლიტიკურ სცენაზე“ განვითარებული მარაზმატული მოვლენების შესახებ.
    თავის მხრივ „შთამბეჭდავობისა“ და „ყურებადობის“ ფენომენი უამრავი ნიუანსისგან შედგება: დაწყებული ძალიან კარგი გადამცემით, ანუ გამოსახულების ხარისხით, სტუდიათა მასშტაბითა და გაფორმებით, წამყვანთა გარეგნობით, მათი მანერებით, მეტყველებით (და არავითარ შემთხვევაში იმით, თუ რას მეტყველებენ), დასრულებული მაღალი ხარისხის Performance-ებით და თითქოს პრიმიტიული, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ რაფინირებული და მასის ფსიქოლოგიაზე ზუსტად მორგებული „კომედი-შოუებით“.
    ყოველივე კი, მთლიანობაში, ისევ და ისევ ქმნის მაშტაბურობის, ელიტურობის შთაბეჭდილებას (!), რაც აისახა კიდეც რეიტინგში და უბრალოდ სასაცილოა რეფლექსიები იმის შესახებ, რომ ის ტელევიზიები, რომლებსაც ქართული პოლიტიკური მარაზმის მუდმივი ზელვისა და ე.წ „თოლქ-შოების“ გარდა სხვა არანაირი პროდუქტის წარმოება არ შეუძლიათ, თურმე „უფრო რეიტინგულნი უნდა იყონ (!), რაკი „სიმართლეს ამბობენ“, ვიდრე „რუსთავი ორი“.
    ეს შესანიშნავი ტელევიზია ტყუილად როდი გადადიოდა ხელიდან - ხელში, როგორც ტაბელური იარაღი. იგი ხარისხიანი „კოლტია“. გააჩნია, ვის ხელში მოხვდება და ვინ როგორ (რისთვის) გამოყენებს. იარაღი უბრალოდ მაღალტექნოლოგიური ნაწარმია და მეტი არაფერი. თვითონ ნამდვილად არ არის დამნაშავე, თუ ვიღაც მანიაკი კოლეჯში შევარდება და მისი მეშვეობით ბავშვებს დახოცავს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამერიკული კონკურსის პარალელურად, ფრანგებმაც ჩაატარეს კონკურსი საუკეთესო გამონათქვამებისა ტელევიზიის შესახებ. გაიმარჯვა შემდეგმა: „ტელევიზია ეშხიანი ქალია, რომელიც უკვე საკუთარი გარეგნობით გადანაშაულებს“.

2012