რუსეთში ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს

რუსეთში ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს

 

        ბორის ელცინმა, დარწმუნებული ვარ, თავად არ იცის ხეირიანად, რატომ, რისთვის ან (მით უმეტეს) რა მიზნით გადააყენა უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრი;
        არადა, მთავრობათა პერმანენტული ცვლა ამ ქვეყნისათვის დამანგრეველი შედეგების მომტანია - თანამედროვე რუსეთისთვის დასავლეთის ნდობასა და მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
        ამჟამინდელი რეალობის შესაბამისად, თუ არა მარტო სავალუტო ფონდის მოწყალება ვერ მიიღო, არამედ მნიშვნელოვანი დასავლური ინვესტიციების მოზიდვა ვერ შეძლო. რუსეთი სამუდამოდ დარჩება უბადრუკ მაჩანჩალად საკაცობრიო ცივილიზაციის პერიფერიაზე. დღეს 6 მილიონიანი ისრაელის ბიუჯეტი ორჯერ, ხოლო 15-მილიონიანი ჰოლანდიისა ოთხჯერ აღემატება რუსეთის ბიუჯეტს;
        მაგრამ ვინ ენდობა, ვინ დააბანდებს კაპიტალს ქვეყანაში, სადაც სრულ მარაზმში ჩავარდნილი, გალოთებული ერთმმართველი უკვე აშკარად პარანოიდული გადაწყვეტილებებს იღებს? მან «მემკვიდრედ დანიშნა» ვინმე პუტინი (რომელიც ჯერ კიდევ გუშინ სობჩაკისა და ჩუბაისის ხელზე მოსამსახურე იყო) - როგორც ჩანს, ნამთვრალევს თავი მეფედ წარმოიდგინა, რომელსაც აქვს უფლება, «უზენაესი ნება ამცნოს ერს» თავისი მემკვიდრის თაობაზე;
        რაც ყველაზე ზიზღის მომგვრელია, არც რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, არც თვით რუსულ საზოგადოებაში მთელი ეს მარაზმი თითქმის არავითარ პროტესტს არ იწვევს, - შეურიგდნენ მას და პუტინსაც ისევე დაამტკიცებენ სახელმწიფო სათათბიროში, როგორც სტეპაშინი დაამტკიცეს, თანაც, კაცმა ვერ გაიგო, ან ერთი რატომ წავიდა, ან მეორე რატომ მოვიდა.
        უდიდესი დემაგოგიაა, თითქოს რუსეთს «პროდასავლური ორიენტაცია» ღუპავს. არავითარი პროდასავლური ორიენტაცია ამ ქვეყანას არ გააჩნია, ვინაიდან რუსეთში, კვლავინდებურად (ისევე როგორც საუკუნეთა განმავლობაში) დემოკრატიის ნასახიც არ ჩანს. ელცინის კონსტიტუცია «კონსტიტუციური მონარქიის» გამოხატულებაა ანუ დაახლოებით ნიკოლოზ II-ის მანიფესტი! თანაც, რუსეთს არც საპირისპირო ორიენტაცია აქვს. საერთოდ, ეს ქვეყანა (დროა მივხვდეთ) ისტორიულ «ორმოშია», საიდანაც ვეღარასოდეს ამობობღდება, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენივე ნებით ჩავხტეთ მასთან იმ ბინძურ ორმოში!

დრონი, 12 აგვისტო, 1999 წელი