რუსეთში კომუნისტური რევანში იმარჯვებს

რუსეთში კომუნისტური რევანში იმარჯვებს

    პარასკევს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ევგენი პრიმაკოვი დაამტკიცა. მის მოადგილედ, ანუ პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა სსრკ «გოსპლანის» ყოფილი უფროსი, კომუნისტი იური მასლიუკოვი.
    თუმცა, ჟენია პრიმაკოვიც კომუნისტური ოპოზიციის კანდიდატი იყო. მისი აღზევება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან - მთავრობის თავმჯდომარემდე უეჭველად იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთი საბოლოოდ შეტრიალდა სახით წარსულისაკენ. პრიმაკოვი სწორედ წარსულის სიმბოლოა.
    კომუნისტებს ახალი პრემიერი იმიტომ მოსწონთ, რომ მან წარსული «დერჟავნიკული» და აგრესიული კურსი აღადგინა საგარეო პოლიტიკაში. ამ კურსის აგრესიულობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ პრიმაკოვი ძველებურად (სტალინურ-ბრეჟნევულად) ეკიდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ხალხებს. მათთან არც აწარმოებდა მოლაპარაკებას «ნატოში» გაწევრიანების თაობაზე, არამედ ცდილობდა თვით ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ეიძულებინა, უარი ეთქვა ახალი წევრების მიღებაზე.
    ამგვარი აგდებული დამოკიდებულება ერთა თავისუფალი არჩევანისადმი (რაც მათი წმიდათაწმიდა უფლებაა), ზუსტად გამოხატავს პრიმაკოვის «დერჟავნიკულ» სულისკვეთებას. თუმცა, პირადად მას შეიძლება არანაირი «სულისკვეთება» არ გააჩნია, უბრალოდ, ძველი და გამოცდილი ნომენკლატურაა და უმალვე იგრძნო «ქარის მიმართულების შეცვლა» და კარგად (ნიჭიერად) მოერგო ახალ ვითარებას, რაც კოზირევის საგარეო პოლიტიკის შემდეგ შეიქმნა.
    პრიმაკოვის ხელმძღვანელობით რუსეთმა ძველი «ჰონორი» ამერიკისა თუ მთელი მსოფლიოს მიმართ ვერ დაიბრუნა, მაგრამ დაიწყო უწინდელი კონფრონტაციული კურსის აღდგენა. პრიმაკოვი თანდათან უახლოვდებოდა იმ ოდიოზურ რეჟიმებს (ირანელი აიათოლების, სადამ ჰუსეინის, ფიდელ კასტროს და ა.შ.), რომლებიც საბჭოთა კავშირის აგრესიული პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
    სრულად ვერა, მაგრამ მოსკოვმა, პრიმაკოვის სახით, კვლავ აღადგინა დასავლეთში ერთგვარი «შიშის სინდრომი» რუსეთის მიმართ. ამიტომაც გახდა იგი კომუნისტების ფავორიტი, ამიტომ იქცა «კომპრომისულ ფიგურად» ელცინისათვის, როდესაც ამ უკანასკნელის სახელმწიფოებრივი კურსი სრული კრახითა და დეგრადაციით დასრულდა.
    ფაქტობრივად, ევგენი პრიმაკოვის გაპრემიერება და იური მასლიუკოვის გავიცეპრემიერება - რუსეთში ლიბერალურ რეფორმათა საბოლოო კრახისა და მარცხის გამოვლინებაა. ეს ქვეყანა უბრუნდება წარსულს. ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. დღევანდელ პირობებში, პრემიერ-მინისტრი გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, ვიდრე იგი იყო ფინანსურ კრიზისამდე. საბოლოოდ შერცხვენილი და თავლაფდასხმული ბორის ელცინი კი საერთოდ ვეღარ მართავს სიტუაციას, იგი «ბრიტანეთის დედოფლად» იქცა რუსულ ვარიანტში.
    ყველა რეალური ბერკეტი პრიმაკოვ-მასლიუკოვის ხელშია, ანუ, ამიერიდან რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას კომუნისტური ფრაქცია გამოიმუშავებს გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით. ეს უკვე რესტავრაციაა. დიახ, რუსეთში ხდება ძველი სისტემის რესტავრაცია, რომელიც ჯერ გორბაჩოვის «პერესტროიკის», შემდეგ კი ელცინის «ლიბერალური რევოლუციის» შედეგად თითქოს საბოლოოდ შეიცვალა.
    თუმცა, საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ელცინის რეფორმები სრულყოფილი, ბოლომდე მოყვანილი და ჭეშმარიტად ლიბერალური არც არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ ჩაფლავდა ეკონომიკური რეფორმაცია და ამიტომ ბრუნდება კომუნისტური დინოზავრი მასლიუკოვი მთავრობაში 8 წლის შემდეგ.
    პრიმაკოვის მეშვეობით არა მხოლოდ რუს კომუნისტებს, არამედ მთლიანად ,არარეფორმირებად რუსულ საზოგადოებას» წარსულში დაბრუნება სურს. კიდევ კარგი საქართველოში მთლიანად ლიბერალური, მათ შორის საბაზრო რეფორმაცია (მიუხედავად უამრავი თვალსაჩინო ნაკლისა თუ მანკისა) უფრო რადიკალურად, უფრო მტკიცედ, ზოგჯერ სასტიკად გატარდა, ვიდრე რუსეთში, მაგრამ ჩვენი უბედურება ისევე, როგორც რუსეთის მეზობლად მცხოვრები სხვა ხალხებისა ის არის, რომ რუსეთის პოლიტიკამ, მოსკოვის კურსის ცვალებადობამ შეუძლებელია ზეგავლენა არ მოახდინოს მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოზეც.
    თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. 1990 წლიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ბევრი რამ შეიცვალა და პრიმაკოვ-მასლიუკოვ-ზიუგანოვი წარსულის დაბრუნებას ნამდვილად ვერ შეძლებენ . . . მაგრამ გულწრფელად რომ შეეცდებიან - ეს ფაქტია.
    ამ თვალსაზრისით ყველაზე ნიშანდობლივი ფიგურა ისევ და ისევ იური მასლიუკოვია. ელცინმა რუსეთის ეკონომიკა (პირველი ვიცე-პრემიერი სწორედ ეკონომიკურ ბლოკს უხელმძღვანელებს) ჩააბარა კაცს, რომლისთვისაც არათუ მონეტარიზმი, არათუ საბაზრო ეკონომიკა, არამედ თვით კერძო ინიციატივისა და კერძო საკუთრების პრინციპიც კი კატეგორიულად მიუღებელი და შეუწყნარებელია.
    ძნელი განსაჭვრეტი არ უნდა იყოს, რა პოლიტიკას გაატარებს მასლიუკოვი ეკონომიკურ სფეროში: იგი კვლავ აღადგენს «გოსპლანს» (შეიძლება სხვა სახელი დაერქვას), განაახლებს დოტაციების გაცემას წამგებიანი საწარმოებისათვის, აკრძალავს ფასების «თვითნებურ დაწესებას», შეზღუდავს იმპორტს, რათა «სამამულო წარმოებას» დაეხმაროს, უეჭველად დაუშვებს ემისიას და ინფლაციას, ანუ ინფლაციური გზით შეეცდება წარმოების სტიმულირებას, აკრძალავს ვალუტის გატანას, გააკონტროლებს უცხოური კაპიტალის შემოსვლას და ა.შ. და ა.შ.
    მადლობა ღმერთს, ეკონომიკას თავის კანონები გააჩნია, რაც ზიუგანოვების, პრიმაკოვებისა და მასლიუკოვების ოდიოზურ დირექტივებს არ ემორჩილება. არაფერი რუსეთის «ახალ-ძველი ეკონომიკური კურსიდან» არ გამოვა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და დამძიმდება. ჯერ ერთი, რუსეთიდან ის კაპიტალიც გაიქცევა, რომელიც კიდევ შემორჩა ამ ქვეყანაში კირიენკოს ურცხვი განცხადების შემდეგ: «ვალების დაბრუნებაზე უარს ვამბობთ, ვინაიდან სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სფეროები გვაქვს დასაფინანსებელიო».
    უცხოელი ინვესტორები ამის შემდეგ თავქუდმოგლეჯილები გარბიან ამ ქვეყნიდან. ახია მათზე! აბა რუსეთის ნდობა როგორ შეიძლება? გარდა ამისა, რუსეთიდან საკუთრივ რუსული კაპიტალიც დაიწყებს გაქცევას. უდიდესი რუსული კომპანიები, კერძო მეწარმეები, დაიწყებენ აქტივების გადატანას დასავლურ ბანკებში. რუსეთი ერთ ცენტსაც ვეღარ მიიღებს კრედიტის სახით, - საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    მართალია, პირველ ეტაპზე საწარმოთა ინფლაციური დაფინანსებით რუსეთში წარმოება გარკვეულწილად გაიზრდება, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იქნება, ინფლაცია გაანადგურებს მონეტარიზმის ნარჩენებს, მოუსპობს რუსეთს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას. ეს ქვეყანა საბოლოოდ დაბრუნდება წარსულში.
    მოსკოვში კომუნისტური რესტავრაცია დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება თვალნათლივ დაინახავს, რა «სიკეთეს» მოუტანს მასლიუკოვი და მისი აღორძინებული «გოსპლანი» რუსეთს. ეს ქართველი «მემარცხენეების» საბოლოო განადგურება-დისკრედიტაცია იქნება. სინამდვილეში რუსეთის უბედურება საბაზრო-მონეტარისტული რეფორმა კი არ იყო, არამედ ის, რომ რეფორმა თანმიმდევრულად არ ტარდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა «ცხვრებიც შეენარჩუნებინა და მგლებიც გაეძღო», მას ეშინოდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმისა, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებისა – აქაოდა რამე არ მოხდეს, ხალხი არ აგვიჯანყდესო.
    ამ ხალხსაც, მისი ეთნოფსიქოლოგიიდან და ასწლეულთა განმავლობაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვერაფრით შეაგნებინებ, ვერაფრით დაარწმუნებ, რომ შეუძლებელია ყველა ერთნაირად ღარიბი იყოს, შეუძლებელია არ არსებობდნენ მდიდრები, შეუძლებელია ეკონომიკა განვითარდეს კერძო ინიციატივის, კერძო ინტერესის გარეშე. რუსული რეფორმაცია ამ ქვეყნის ისტორიის განმავლობაში უკვე მესამედ ჩაფლავდა და დასრულდა სრული კრახით, რაც არავის უნდა უკვირდეს. გასაკვირი ის იქნებოდა, რუსეთში რეფორმა წარმატებით რომ დასრულებულიყო.
    რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წილი პასუხისმგებლობისა იმისთვის, რაც რუსეთში მოხდა, უნდა დაეკისროს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ეს ჩემი შეხედულება არ გეგონოთ: ამერიკის კონგრესმა უკვე იმსჯელა ამ თემაზე და დაასკვნა, რომ რუსეთის შებრუნება წარსულისაკენ არის იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ამ ქვეყნის მიმართ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო და მისი დირექტორ-განმკარგულებელი მიშელ კამდესიუ ატარებდნენ.
    კამდესიუ ამ საქმეს უეჭველად გადაჰყვება. ამერიკამ უკვე შეუწყვიტა სსფ-ს ფინანსური დახმარება სავსებით სამართლიანი მოტივით: ამერიკა არ უნდა ეხმარებოდეს ფინანსურად ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ამ დახმარებას ანიავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ფაქტობრივად წყალში გადაყარა ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც გრძელვადიანი კრედიტების სახით გადაეცა რუსეთს.
    მიშელ კამდესიუ, ნაცვლად იმისა, ყოველი ახალი ტრანშის გამოყოფა მტკიცედ დაეკავშირებინა რადიკალურ ნაბიჯებთან, არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებასთან მონეტარისტული კონცეფციის შესაბამისად, სრულიად გაუმართლებელ ლმობიერებასა თუ შიშნარევ «შემრიგებლობას» იჩენდა.
    რუსეთი, ფაქტობრივად, სავალუტო ფონდის არც ერთ რეკომენდაციას არ ასრულებდა ბოლომდე. მიუხედავად ამისა, მაინც იღებდა ახალ-ახალ კრედიტებსა და ფინანსურ დახმარებას. მიშელ კამდესიუ მხოლოდ საქართველოსმაგვარ პატარა, უმწეო ქვეყანასთან გამოდგა «ვაჟკაცი» და «პრინციპული»; აბა ერთი გაბედოს საქართველომ და ფონდის რომელიმე რეკომენდაცია არ შეასრულოს? უმალვე შეგვიწყვეტენ დახმარებას; რუსეთს კი, მიუხედავად აგდებული, თავხედური ქცევისა, კამდესიუ მაინც ელაქუცებოდა, ყველაფერს პატიობდა, ოღონდ არ გაეღიზიანებინა. შედეგმაც არ დააყოვნა.
    კამდესიუზე ნამდვილად ახია, თუ განრისხებული ამერიკელები თავლაფდასხმულს გააპანღურებენ სავალუტო ფონდიდან. სავალუტო ფონდს არა მხოლოდ რუსული კრიზისის პროვოცირება ბრალდება (უპრინციპობის გამო), არამედ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოწვევაც. კვლავ და კვლავ ახია დასავლეთზე! გერმანიაც, ამერიკაც, მთლიანად დასავლეთიც რუსეთისადმი შიშით ამ ქვეყანას ეხმარებოდა, ანიავებდა (სრულიად ფუჭად და უსარგებლოდ) უზარმაზარ სახსრებს, მაშინ, როდესაც (აქაოდა, რუსებს არ ეწყინოთო) ძალიან ცივად ეპყრობოდა იმ ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) თხოვნას, სადაც მართლა გულწრფელად სურდათ თუ სურთ დასავლეთთან თანამშრომლობა, სადაც გაცილებით უფრო თანმიმდევრულად ტარდებოდა ლიბერალური რეფორმა.
    პრიმაკოვ-ზიუგანოვის რუსეთი კი საგარეო პოლიტიკაშიც ისეთ ხაზს გაატარებს, რომ დასავლეთს კვლავ მოუწევს ასეულობით მილიარდი დოლარის დახარჯვა
    პრიმაკოვს დასაკარგი არაფერი აქვს. ისევე, როგორც რუსეთს. ეს ქვეყანა წარსული შინაარსის შემცველია. იგი ვერ ვითარდება და ვეღარც განვითარდება. მას საამისოდ შინაგანი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ კვლავინდებურად იბორგებს «წინ და უკან» თავის ბუნაგში.
    კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილისთვის კი უმთავრესი ამოცანა ახლა ის არის, როგორ მოახერხოს ახალი ომის თავიდან აცილება ან როგორ ჩამოართვას აგონიაში მყოფ რუსეთს ათეულობით ათასი ატომური მუხტი, რათა წარსულის მოუსავლეთისაკენ საბოლოოდ შეტრიალებულმა ამ ქვეყანამ «კარი არ გაიჯახუნოს» და კაცობრიობაც, იმავე მოუსავლეთში თან არ წაიყოლოს.

«7 დღე», 14 სექტემბერი, 1998 წ.