რუსეთს ულტიმატუმის თავიც აღარა აქვს?

რუსეთს ულტიმატუმის თავიც აღარა აქვს?

 

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების გახშირებული ვიზიტები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საბოლოო კონსულტაციების ჩატარებას რუსულ მხარესთან აფხაზეთის პრობლემის თაობაზე. ვახტანგ ყოლბაიას ვიზიტს მოჰყვა ელდარ შენგელაიას სტუმრობა ჩრდილოეთში. ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტი კვლავაც ერთგულია თავისი «რუსოფილური» შეხედულებებისა. ამრიგად, შეხვედრები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იმითაც იქნებოდა სასარგებლო, რომ საბოლოოდ დაარწმუნებდა «რუსული ორიენტაციის» მომხრეებს მათი იმედების უნაყოფობაში.
    რუსეთს არა თუ არ სურს (რა თქმა უნდა, არც სურს), უკვე აღარც შეუძლია რაიმე შეცვალოს აფხაზეთში. სამაგიეროდ, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ცდილობს თავისი ქვეყნის უმოქმედობა და უმწეობა გეოპოლიტიკური მიზეზებით ახსნას და არა რუსული სახელმწიფოს სისუსტით.
    მაგალითად, ვლადიმერ ჟირინოვსკი ამტკიცებს, რომ კავკასიაში (კერძოდ, აფხაზეთში) მიმდინარეობს ფარული ჭიდილი ანკარასა და მოსკოვს შორის გავლენისა და პოზიციათა განმტკიცებისათვის. რასაკვირველია, ამგვარი შეფასება ნაწილობრივ სამართლიანია, მაგრამ გეოპოლიტიკური ფრაზეოლოგიით და ყველაფრის «გლობალიზაციით» ჟირინოვსკისა და სხვა რუს პოლიტიკოსებს (ვიმეორებ) თავიანთი ქვეყნის ისტორიული მარცხის შენიღბვა სურთ. ვერა და ვერ გაიგო ეს ქართული ინტელიგენციის ელიტარულმა ნაწილმა, რომელიც კვლავ ჩრდილოეთისაკენ იხედება და არაფრით არ უნდა დაიჯეროს, რომ სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას დრო, როდესაც მოსკოვი პლანეტარული მნიშვნელობის ფაქტორი იყო. დღეს ეს ქვეყანა საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცესაც კი ვეღარ უვლის.
    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები შეხვდნენ აგრეთვე გენადი ზიუგანოვს, სერგეი ბაბურინს, ფრაქცია «იაბლოკოს» ლიდერებს და სხვებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებს არ გამოუთქვამთ არცერთი კონკრეტული წინადადება, თუ როგორ უნდა გადაწყდეს აფხაზეთის პრობლემა.

მერიდიანი, 10 ივნისი, 1997 წ.