რუსეთმა სუუამს ბოიკოტი გამოუცხადა

რუსეთმა სუუამს ბოიკოტი გამოუცხადა

       

        გუშინ ყირიმში დიდი ხნის წინათ ნავარაუდევი მოლენა მოხდა. შეიკრიბნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვასა და უზბეკეთის პრეზიდენტები სუუამის (ამ სახელმწიფოთა, ჯერჯერობით, არაფორმალური გაერთიანების) მეორე სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
        პირველ სამიტად შეიძლება ჩაითვალოს ედუარდ შევარდნაძის (სუუამის შექმნის მთავარი ინიციატორის), ჰეიდარ ალიევის, ლეონიდ კუჩმასა და პიოტრ ლუჩინსკის ერთობლივი საქმიანი საუზმე 1998 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მსვლელობისას.
        ამ ოთხ ქვეყანას აერთიანებდა ინტერესთა თანხვედრა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების, ფლანგური შეზღუდვებისა და რუსეთთან დამოკიდებულების საკითხებში. უკვე მაშინ მოსკოვმა ძალიან მწვავე რეაგირება მოხადინა ამ შეკრებაზე და ახლად შექმნილი გაერთიანება «ანტირუსულად» მიიჩნია.
        ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კი (იგი კურირებდა მოლაპარაკებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების ადაპტაციის საკითხზე) შენიშნა, რომ სახელმწიფოთა სახელწოდებების აბრევიატურით იქმნება წყნარ ოკეანეში მდებარე ცნობილი კუნძულის სახელის ანალოგია, სადაც ამერიკის უძლიერესი სამხედრო ბაზაა განლაგებული.
        ბუნებრივია, ეს მომენტი არც რუსებს გამორჩებოდათ მხედველობიდან. «ამერიკულ» აბრევიატურაში საქართველომ პირველი ადგილი მოიპოვა, რაც სავსებით სამართლიანია, ვინაიდან, არაფორმალური ჯგუფის შექმნის მთავარი ინიციატორი სწორედ საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ.
        1999 წელს ვაშინგტონში, ნატოს საუიბილეო სამიტზე უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა თავის საელჩოში მიიწვია სუუამის წევრები და საზეიმო ვითარებაში გამოაცხადა, რომ გაერთიანებას უზბეკეთიც უერთდებოდა, რის შედეგადაც საქართველოს შემდეგ მეორე «უ» დაემატა ერთგავარ გეოპოლიტიკურ «პაროლად» ქცეულ აბრევიატურას.
        უკანასკნელ ხანებში რუსეთის ახალი ადმინისტრაციის აგრესიული პოლიტიკის შედეგად სუუამის პერსპექტივა თითქოს ეჭვქვეშ დადგა: მხედვლეობაში გვაქვს პუტინის დაახლოება უზბეკეთის პრეზიდენტთან - ისლამ კარიმოვთან, მისი სენსაციური ვიზიტი აზერბაიჯანში, უკრაინაში დატრიალებული მოვლენები, ხელისუფლების შეცვლა მოლდოვაში და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება.
        ერთდროულად ხუთი მიმართულებით შეტევამ ექსპერტები და პოლიტოლოგები დააფიქრა, შეძლებს თუ არა სუუამი, შეასრულოს დსთ-ის ალტერნატივის ფუნქცია, როგორც იყო ჩაფიქრებული თავდაპირველად. მაგრამ მინსკში შეხვედრამ ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა.
        უპირველეს ყოვლისა, სწორედ მინსკის სამიტის მსვლელობისას მოილაპარაკეს პრეზიდენტებმა, უახლოეს დღეებში აუცილებლად შეკრებილიყვნენ ყირიმში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ სწორედ ედუარდ შევარდნაძე, ლეონიდ კუჩმა და ჰეიდარ ალიევი. მათ პირისპირ ისაუბრეს ცალ-ცალკე და შემდეგ დაარწმუნეს მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი, ისევე როგორც უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, რომ ნამდვილად ღირდა იალტაში გამგზავრება - ალტერნატივის დასაფიქსირებლად.
        შესალძოა, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა დსთ-ის მინსკის სამიტის სრულმა ფიასკომ, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული, ევრაზიული კავშირის მესვეურებმა ვერ შეძლეს, მიეღწიათ კონსენსუსისთვის ელემენტარულ საკითხში, როგორიცაა სამდივნოს შექმნა.
        დისკუსია გადაიზარდა ურთიერთდაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებში, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, შეეწყვიტა «ევრაზიის» მეთაურთა დახურული სხდომა.
        გუშინ, იალტაში ჩასვლისთანავე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტები განათავსეს ყოფილი პოლიტბიუროს წევრთა მეფურ რეზიდენციებში, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას პირისპირ საუბარი.
        უკრაინელი ლიდერი ყველანაირად ცდილობდა განსაკუთრებული კეითლგანწყობის დემონსტრირებას. მთლიანობაში კი, შეიძლება დავასკვნათ, რომ ღონღაძის საქმესთან დაკავშირებულმა პროვოკაციამ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად ვერ იმოქმედა.
        ოთხშაბათს დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინეს ყირიმის ღირსშესანიშნავი სასახლეები, სადაც გასულ საუკუნეში მსოფლიოსა და კაცობრიობის ბედი წყდებოდა.
        საღამოს პრეზიდენტებმა მეგობრულ ვითარებაში ისადილეს. ეს იყო, ასე ვთქვათ, შეხვედრა «უჰალსტუხოდ».
        ძირითადი ღონისძიება, ანუ პრეზიდენტების ერთობლივი სხდომა და ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა დღეს გაიმართება.

დილის გაზეთი, 7 ივნისი, 2001 წელი