რუსეთმა საქართველოს ენერგეტიკული ომი გამოუცხადა

რუსეთმა საქართველოს ენერგეტიკული ომი გამოუცხადა

        გუშინ ვინმე რუსი «ენერგოკოშჩეი», რომელიც «რუს სქოულად» იქცა, გაფაციცებით (და საკმაოდ ეშმაკურად) ცდილობდა ყველანაირად დაემტკიცებინა და დავერწმუნებინეთ, რომ «იტერას» მიერ ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტას არავითარი პოოლიტიკური სარჩული არა აქვს – ეს მხოლოდ და მხოლოდ «გადაუხდელობითაა» განპირობებული.
        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საოცარი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, დეიკალომ მასობრივ (იგივე «საზოგადოებრივ» - ჩვენთან ერთი და იგივეა), ცნობიერებაში ვერ დაიკავა იგივე ადგილი, რაც ნეტარხსენებულმა მაიკლ სქოულმა.
        არადა, რას აკეთებდა დეიკალო? – ჰქონდა ბერკეტი, უნდოდა გამოუშვებდა გაზს, უნდოდა - არა. მილსადენში გაზის გამოშვება-აგრამოშვებას კი დიდი ჭკუა არ უნდა. გაცილებით უფრო ძნელია, ელექტროენერგიის დისტრიბუციის ურთულესი, მრავალშრიანი სისტემის შექმნა, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში რაც მაიკლ სქოულმა და საძულძველმა «ეი-ი-ესმა» მოახერხეს. ამის მიუხედავად, სქოული სძულთ, დეიკალოს ეშმაკობები კი «ჩვეულებრივად» მიაჩნიათ.
        სინამდვილეში ბუნებრივი აირის მოწოდება რუსეთის სახელმწიფოს უძლიერესი ზეგავლენის ბერკეტია, რომელსაც იგი უახლოეს მომავალში გამოიყენებს, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, თანაც, ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს, ყველაფრის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გადაუხდელობაა და არა ნატოს წვრთნები საქართველოში.
        ვლადიმირ დეიკალოს, რასაკვირველია, რუსეთის უშიშროების საბჭოდან არ დაურეკავდნენ და არ აუხსნიდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ უკანასკნელი ბერკეტი (ან ერთ-ერთი უკანასკნელი ბერკეტის) გამოყენების დრო დადგა. რუსეთის ხელისუფლებას სხვა უამრავი საშუალება აქვს, რათა შესაბამისი ტექნოლოგია მკაცრად დაიცვას.
        საქმე ის არის, რომ დავალიანების გამო, ბუნებრივი აირის შეწყვეტა საერთაშორისო ურთიერთობაში «ცუდ ტონად» ითვლება. თუ გახსოვთ, 1994 წელს თურქმენეთმაც კი გაზსადენის დაზიანება დაასახელა. ამას თავისი ახსნა აქვს: რუსეთი თავადაც ყელამდე ვალებშია ჩაფლული და თუ იგი მეტისმეტად მკაცრად მოექცევა მევალეებს, ასევე მოექცევიან მას. მაგრამ პოლიტიკური ზემოქმედების გაძლიერების ცდუნებამ ბოლოს და ბოლოს ეს მოსაზრება გადაწონა.
        რაც შეეხება «შიდაუწყებრივ» ტექნოლოგიას, დეიკალოს არავინ არაფერს შეუთანხმებდა. ყველაფერი გაკეთდებოდა მარტივი სქემით: რუსეთის გაზის მონოპოლისტი, კომპანია «გაზპრომი», რომელშიც საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ენკუთვნის, თავის შვილობილ კომპანია «იტერას» დაემუქრებოდა ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით, თუ ეს უკანასკნელი მევალეებს არ აიძულებდა დავალიანების გადახდას.
        ამ მარტივ, ორსვლიან კომბინაციაში იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ «იტერა» გაამკაცრებდა თავის პოზიციას საქართველოს მიმართ, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი კრემლი მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა «ყულფის» მოჭერას (ამ ვითარებაში ) იგი მოახერხებდა საქმე ისე აეწყო, «იტერას» საქართველოსთვის გაზის მოწოდება არ შეეწყვიტა.
        ბოლოს და ბოლოს, «იტერას» ხელმძღვანელობისთვის ის რამდენიმე მილიონი ლარიც «მსუყე ლუკმაა», რასაც თბილისის ბიუჯეტი (და არა მოსახლეობა - ყოველ შემთხვევაში, 70 პროცენტი) ყოველთვიურად უხდიდა 20-ოდე ბიზნესმენს.
        გაზს კი რა დალევს ციმბირში?

დილის გაზეთი, 27 ივნისი, 2002 წელი