რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები საქართველოს წინააღმდეგ ერთმანეთს ემთხვევა    

რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები საქართველოს წინააღმდეგ ერთმანეთს ემთხვევა    

 

    საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ცნობის შესაბამისად, დამთავრდა გამოძიება «9 თებერვლის» ტერორისტული აქტის საქმეზე.
    ეჭვმიტანილი «ზვიადისტები» უახლოეს მომავალში წარსდგებიან უზენაესი სასამართლოს წინაშე. გამოძიება არ მალავს: რამდენიმე ეჭვმიტანილი (მათ შორის ესებუა) ცოცხალი აღარ არის, სხვები კი იმალებიან. ზოგიერთი ცნობით, ისინი იმალებიან გალის რაიონში, სადაც ფაქტობრივად არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. გამოძიებას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტერაქტი მომზადდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, სადაც ინსტრუქტაჟს გადიოდნენ «ზვიადისტი» დივერსანტები. 9 თებერვლის ტერაქტში მათ გარდა მონაწილეობდა 5 ჩეჩენი, რომელთაგან ერთი ტერაქტის დროს მოკლეს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა. დანარჩენები კი გაიქცნენ.
    მიუხედავად ამ ოფიციალური ცნობის და შესაბამისი განცხადებებისა (რასაც თან დაერთო რუსული პრესის გამოხმაურება), ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია და იდუმალებითაა მოცული. იმთავითვე ცხადია, რომ გამოძიება პოლიტიკური მოქმედების გაუთვალისწინებლად, ან პოლიტიკურ ფაქტორთა ზემოქმედების გარეშე ვერ ჩაივლიდა.
    საეჭვოა, სასამართლომაც ჩაიაროს მათ გარეშე.
    «ზვიად-ტერორისტების» თაობაზე უკვე ყველაფერი გასაგებია. ისინი მოქმედებენ ერთხელ და სამუდამოდ აკვიატებული იდეა-ფიქსის შესაბამისად (თუმცა, არ არის გამორიცხული, მიზნად ჰქონდათ აგრეთვე თავიანთი თანამებრძოლების ან ნათესავების გათავისუფლება ციხეებიდან - შევარდნაძის ლიკვიდაციით ანუ იგივე მოტივაცია, რაც უეჭველად ჰქონდა «მხედრიონის» ელიტას 29 აგვისტოს და ტერაქტის ორგანიზებისას) მაგრამ «ზვიადისტები» მხოლოდ ბრმა იარაღი იყვნენ. ისინი ადვილად იმართებოდნენ ჭკვიანური, უაღრესად ცინიკური ძალების მიერ - უპირველეს ყოვლისა, იმავე ჩეჩნეთსა და მოსკოვში.
    თითქოსდა, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს 9 თებერვლის ტერაქტსა და ჩეჩნეთში ამას წინათ სამი უცხოელი მძევლის თავმოკვეთილი გვამების აღმოჩენას შორის? არადა, სინამდვილეში, ისევ და ისევ რუსული პრესის ცნობით, კავშირი პირდაპირია და უშუალო.
    ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებობს ორი სამხედრო ბანაკი, სადაც ამზადებენ ტერორისტებს დივერსიული აქტების განსახორციელებლად არა მხოლოდ ყოფილი საბოჭთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ «შორეულ საზღვარგარეთშიც». ფაქტობრივად, ჩეჩნეთი იქცა არაბი ტერორისტების მოსამზადებელ პოლიგონად. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა (ერაყის, სუდანისა და ავღანეთის დაბომბვით), რომ იგი დღეს ერთადერთი ზესახელმწიფოა, არაბ ტერორისტებს მოქმედების არეალი შეეზღუდათ. მათ სჭირდებოდათ ტერიტორია, სადაც თავისუფლად «მოემზადებოდნენ» შეიძენდნენ დივერსიული აქტების განსახორციელებლად აუცილებელ «სპეციალობას» და ა.შ.
    არც ერთი ქვეყანა საამისოდ აღარ გამოდგება, ვინაიდან ამერიკელები დაბომბვით ემუქრებიან ყველას, ვინც კი თავშესაფარს მისცემს (მით უმეტეს ბაზებს გაუმართავს) არაბ ტერორისტებს. მაგრამ ჩეჩნეთი საამისოდ იდეალური ტერიტორიაა - ფაქტობრივად, იგი არ შედის რუსეთის შემადგენლობაში, ანუ მოსკოვი რეალურად არ აკონტროლებს იქ მიმდინარე პროცესებს და რუს პოლიტიკოსებს შეუძლიათ (როგორც სჩვევიათ) ხელები «გაასავსავონ: «ჩვენ რა შუაში ვართ, ამ ტერიტორიას ხომ რეალურად ვერ ვაკონტროლებთო». მაგრამ იურიდიულად, ჩეჩნეთი კვლავ რუსეთის შემადგენლობაში შედის, ამდენად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, არა აქვს საშუალება, ქმედით ზომებს მიმართოს ჩეჩნეთში არსებული ტერორისტული ბაზების წინააღმდეგ.
    იმავდროულად, საეჭვოა ეს ბაზები რუსული სპეცსამსახურების დახმარების გარეშე შექმნილიყო, - რუსებს რა ენაღვლებათ: არაბული სამყაროს სიძულვილი უფრო ამერიკისკენ, ანგლო-საქსებისკენაა მიპყრობილი, ვიდრე რუსეთისკენ. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო განამტკიცა კრემლის რეაქციამ ერაყის (ერთ-ერთ არაბულ ქვეყნის) დაბომბვაზე.
    არც ის არის ძნელი მისახვედრი, როგორ აღმოჩნდნენ არაბი ტერორისტები ჩეჩნეთში: იორდანიაში, ეგვიპტეში და სხვა არაბულ ქვეყნებში ასი ათასობით ჩეჩენი ცხოვრობს; ისინი ე.წ. «მოჰაჯირების» შთამომავალნი არიან, ანუ იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთ-კავკასიის ომის დროს, XIX საუკუნეში დატოვა ჩეჩნეთი და მაჰმადიანურ (უმთავრესად არაბულ) ქვეყნებში გადასახლდა. ისინი ადვილად გამოძებნიდნენ სარეთო ენას იჩქერიის ამჟამინდელ ხელმძღვანელებთან რომლებიც, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად, (არაბებს ფული არ აკლიათ) «თვალს დახუჭავდნენ» ტერორისტული ბაზების შექმნაზე ან პირიქით, - თავადაც შეუწყობენ ხელს მათ დაფუძნებას იჩქერიაში.
    ახლა კი გავიხსენოთ ასლან მასხადოვის ცნობილი ანტიამერიკული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე «ამერიკა, გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე რუსეთი» (მაშინ, როდესაც ამერიკას ჩეჩნებისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია, ხოლო რუსეთი ამ ერის პერმანენტულ გენოციდს აწარმოებდა) და განვიხილოთ ეს განცხადება იმავე მასხადოვის სხვა გამონათქვამთა კონტექსტში: «რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები სტრატეგიულ სფეროში ემთხვევა ერთმანეთს. თუ რუსეთი სცნობს იჩქერიის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩეჩნეთი და რუსეთი ერთობლივად იმოქმედებენ რეგიონში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე».
    აქედან გამომდინარე, სულაც არ გვეჩვენება შეუძლებლად და ჰიპოთეტურად ვარაუდი, რომ ჩეჩნეთმა საკუთარ ტერიტორიაზე დააფუძნა დივერსანტთა მოსამზადებელი ბაზები, ხოლო რათა დაემტკიცებინა მოსკოვისათვის ზმადყოფნა «იმოქმედონ რეგიონში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე» - გამოიყენა «ზვიადისტები», მოამზადა ისინი დივერსანტთა ბანაკში, შემდეგ ინსტრუქტორების თანხლებით გამოისტუმრა საქართველოში 9 თებერვლის ტერორისტული აქტის განსახორციელებლად.
    შევარდნაძის მკვლელობის შემთხვევაში, საქართველოს უეჭველად მოიცავდა ანარქია. ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ «ნავთობპროექტთა» განხორციელება მაინც შეუძლებელი იქნებოდა.
    «დიდი ნავთობსადენი» გაივლიდა არა ბაქოდან-ჯეიჰანისკენ, არამედ ბაქო-ნოვოროსიისკის მარშრუტით, ჩეჩნეთის ტერიტორიის გავლით, რაც უაღრესად ხელსაყრელია როგორც ჩეჩნეთის, ასევე რუსეთისათვის.
    აი, ასე ესახებათ ჩეჩნებს «ინტერესთა სტრატეგიული» თანხვედრა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ (მათი ამბიციებიდან გამომდინარე) მსოფლიო მასშტაბითაც.
    ასეთივე თანხვედრა შეიძლება მოხდეს «მაჰმადიანი ძმების» მხარდაჭერის მიზნითაც არაბულ სამყაროში. რუსეთში იმარჯვებს ნაციონალისტური განწყობა, ანტიამერიკული, ანტიდასავლური მიმართულება რუსულ პოლიტიკაში პრიორიტეტული ხდება. მაშასადამე, ამ თვალსაზრისით, არსებობს საფუძველი სტრატეგიული თანამშრომლობისათვის, ერთის მხრივ რუსეთს, მეორე მხრივ არაბულ სამყაროსა და ჩეჩნეთს, როგორც მათ შუამავალს შორის.
    «ტერორისტთა მოსამზადებელი» ბაზები ხუმრობა საქმე არ გეგონოთ - თითოეულ ასეთ ტერორისტს, სათანადო მომზადების შემთხვევაში (მით უმეტეს, თუ რუსი სპეციალისტები მიიღებენ ამაში მონაწილეობას) შეუძლია განახორციელოს დივერსიული აქტი, რომელიც ძირფესვიანად შეძრავს დასავლურ სამყაროს, - ააფეთქოს თვითმფრინავი, ბიოლოგიური იარაღით მოწამლოს სასმელი წყალი და ა.შ.
    სწორედ ამაში გამოიხატება, როგორც ჩანს, «პრიმაკოვის პასუხი» ამერიკის მსოფლიო ლიდერობაზე; ეს არის რეალური «საპასუხო ქმედება» და არა «ჩეჩნეთ-რუსეთ-ინდოეთის» გელოპოლიტიკური სამკუთხედის შეკოწიწების მცდელობა.
    ბუნებრივია, ამერიკის, განსაკუთრებით კი ისრაელის სპეცსამსახურებს ეს პროცესი მხედველობიდან არ გამორჩებოდათ. მართალია, კოსმოსიდან ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ მიანც სულ სხვაა «ცოცხალი ადამიანის მიერ ადგილზე მოძიებული ფაქტობრივი მასალა», ამიტომ ის სამი ინჟინერი, რომელიც ჩეჩნებმა არაადამიანური წამებით მოკლეს, უეჭველად დასავლეთის სპეცსამსახურთა აგენტები იყვნენ; ისინი ცდილობდნენ, «ადგილზე მოეპოვებინათ» ინფორმაცია ზემოთნახსენები ბაზების შესახებ.
    მათი მოკვდინებით «იჩქერიამ» კიდევ ერთხელ დაუდასტურა რუსეთს ერთგულება «მასხადოვის დოქტრინისადმი». ინტერესთა თანასწორუფლებიანობის, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე;
    არ გეგონოთ, რამესი შერცხვებათ, ცინიზმი უმთავრესი პოლიტიკური იარაღია.
    ეს ყოველივე იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც საქართველოს ეხება, ხოლო ინტერესთა «თანხვედრა» ჩვენს წინააღმდეგაც შეიძლება განხორციელდეს.
    კიდევ ერთხელ ვრქმუნდებით, რომ «ზვიადისტების» ფენომენი ამოწურული არ არის. ამიტომ, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს; ისევე, როგორც მთლიანობაში, ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს.
    საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისდამი ინტერესი არ შენელდება. კონკრეტული პოლიტიკის გამომუშავებისას კი აუცილებელია უაღრესი პრაგმატიზმი, უკიდურესობათა გამორიცხვა და, რაც მთავარია, ქართული სპეცსამსახურების მაქსიმალურად გაძლიერება, ვინაიდან ფარული ბრძოლა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს - სწორედ «სპეციალური» ხერხებით ხორციელდება.

7 დღე, 21 დეკემბერი, 1998 წ.