რუსეთის «უკანასკნელი და გადამწყვეტი დიპლომატიური ბრძოლა»

რუსეთის «უკანასკნელი და გადამწყვეტი დიპლომატიური ბრძოლა»

        აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსულმა გენერალიტეტმა ასპარეზი რუსულ დიპლომატიას დაუთმო. საქართველოს «დაუძინებელი მეგობრის», სერგეი ლავროვის უწყება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ცდილობს სამხედრო წარმატების განვითარებას და მის «დაკანონებას» - ლეგიტიმაციას; ანუ, პირველ ეტაპზე, «დე-ფაქტო» რეალობად ქცევას. ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი რეალობა ყოველთვის მიისწრაფვის «დე – იურედ» დაფიქსირებისაკენ.
        «ჟენევის ფორმატი» ამ მხრივ გარკვეულ რისკებს ნამდვილად შეიცავს, ვინაიდან განურჩევლად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ დისკუსიებში აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» წარმომადგენლები, თვით მათი ყოფნა ჟენევაში ანიჭებს სეპარატისტებს «თანასწორსუბიექტურობის» არგუმენტს.
        თანაც აქ გასათვალისწინებელია, რომ ჟენევაში ჯერ არ გამართულა არც ერთი(!) პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა სამი სახელმწიფო (ამერიკა, რუსეთი, საქართველო) და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია ანუ ეუთო, გაერო და ევროკავშირი.
        საქმე ისაა, რომ რუსული დელეგაცია უარს აცხადებს პლენარულ სხდომებში მონაწილეობაზე აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებელი დელეგაციების გარეშე.
        მაშასადამე, ფაქტობრივად, დღემდე, ჟენევის ყველა «რაუნდი» იყო არაოფიციალური მოლაპარაკება, - დისკუსია თუ აზრთა გაცვლა – გამოცვლა კონფლიქტის მხარეებსა და მონაწილეებს შორის.
        საქართველოს ხელისუფლება და ოფიციოზი გვარწმუნებს, რომ «აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს უბრალოდ ექსპერტების სტატუსი აქვთ და მხოლოდ ამ სტატუსით მონაწილეობენ დისკუსიებში»; მაგრამ იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ოფიციალურად ასეთივე (ანუ ექსპერტების) სტატუსი აქვთ არაოფიციალური შეხვედრების დროს საქართველოს წარმომადგენლებსაც, ხოლო სეპარატისტ ლიდერთა განცხადებები («ჩვენ საქართველოს თანაბარი სტატუსით ვმონაწილეობთო დისკუსიებში») იმას კი არ ნიშნავს, თითქოს ისინი ტყუიან და სინამდვილეში ოფიციალური სტატუსი არა აქვთ, არამედ გულისხმობს, რომ არც საქართველოს წარმომადგენლებს გააჩნიათ ოფიციალური სტატუსი და ისინიც «ექსპერტების» ფუნქციით სარგებლობენ ჟენევისტბისპირა სასახლეში გამართული არაოფიციალური დისკუსიებისას.
        მაშასადამე, რუსული დიპლომატია ჯერ – ჯერობით ახერხებს ამ პროცესიდან მიიღოს ის, რაც მასში სასარგებლოა (კრემლის თვალსაზრისით) ხოლო რაკი დასავლეთს რუსეთთან საქართველოს გამო ნამდვილი დაპირისპირება ხელს არ აძლევს, - ჟენევის პროცესის შესაძლო სარგებელი (საქართველოსთვის) მინიმუმამდეა დასული.
        იმავდროულად, რუსეთმა ნამდვილი «ლაშქრობა» წამოიწყო ჩვენს ქვეყანაში იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელშიც ვეტოს უფლება აქვს.
        როგორც ცნობილია, 1992 წლის 24 ივნისს, დაგომისში გაფორმებული ხელშეკრულება, სამხრეთ ოსეთში სამმხრივი სამშვიდობო მისიის შესახებ, გულისხმობდა ექსკლუზიურ სამშვიდობო ფორმატს. შემდგომში კი ეუთოს «დამკვირვებლის» ფუნქცია მიეკუთვნა.
        ეუთოს ამ მისიამ აგვისტოს აგრესიის დროს და მას შემდეგაც არც თუ საქართველოსთვის სასარგებლო ფუნქცია შეასრულა, მაგრამ რუსეთი მაინც წინააღმდეგია მისი მანდატის გაგრძელებისა.
        რატომ? იმიტომ, რომ შესაძლებლის მაქსიმუმი უკვე «გამოწურა» (გავიხსენოთ მისიის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც საქართველოს ადანაშაულებდნენ «აგრესიაში»), ამჟამად კი ძველი სახელწოდებით ცხინვალში მისიის შენარჩუნება მოსკოვისათვის იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია არ ცნობს რუსეთის გადაწყვეტილებას «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
        ბუნებრივია რუსეთი ამას არ დაუშვებს და ამიტომაც მოითხოვს, სეპარატისტებთან ერთად, რომ ახალ მისიას ეწოდოს «ეუთოს მისია სამხრეთ ოსეთში» და არა «ეუთოს მისია საქართველოში».
        მისიის მანდატის გაგრძელებას რუსეთმა გასული წლის ბოლოს ვეტო დაადო და თებერვლიდან ეუთოს მისია საქართველოში ოფიციალურად შეწყვეტს მუშაობას, რაკი ახალ სახელწოდებას, ქართული მხარე, რა თქმა უნდა არ დათანხმდება – ეს სეპარატისტული ანკლავის აღიარების ტოლფასი იქნება.
        ანალოგიური ვითარებაა აფხაზეთშიც. 1994 წლის შეთანხმებათა საფუძველზე, ამ რეგიონში მოქმედებდა სამხედრო დამკვირვებელთა გაეროს მისია, რომელსაც არანაირი პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა რუსეთის (დსთ-ს) «სამშვიდობო ძალების» ოპერაციასთან.
        ანუ, ეს იყო მხოლოდ სადამკვირვებლო მისია, რომელიც თვით სამშვიდობო ოპერაციაში არ ერეოდა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო მოითხოვდა რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას, გაეროს მისიაც ავტომატურად წყდებოდა. ასეთი პირობა ჩადო რუსეთმა შესაბამის რეზოლუციაში.
        რუსული აგრესიის შედეგად დსთ-ს სამშვიდობო მისიის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთმა, იმავე მიზეზით თქვა უარი გაეროს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელებაზე: სახელწოდებამ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა: მოსკოვსა და სოხუმს სურდათ (და სურთ) ეს იყოს «გაეროს მისია აფხაზეთში» და არა «გაეროს მისია საქართველოში».
        რაკი ორივე ორგანიზაციაში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, შეიძლება ითქვას, რომ გაეროსა და ეუთოს მისიათა ყოფნა ჩვენს ქვეყანაში დასრულებულია, რაც რა თქმა უნდა არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს წევრობას თვით ამ ორგანიზაციებში – საუბარია კონკრეტული მისიის ამოწურვაზე; ისევე, როგორც 2002 წელს რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს კონკრეტულ მისიას საქართველოში – კერძოდ, პანკისის ხეობაში (ჩეჩნეთის საზღვარზე) და დამკვირვებლებმაც დაუყოვნებლივ დატოვეს რეგიონი.
        ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება (რაკი რუსეთს იქ ვეტოს უფლება არ გააჩნია) არის ევროკავშირის მისია, რომელიც შეიქმნა სარკოზი - მედვედევის შეთანხმების შესაბამისად და მისი ფუნქციაც, თუ შესაბამის დოკუმენტებს გავეცნობით, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ამოიწურება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ არ დაუშვან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა შესვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე!
        ანუ ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმა, აგრეთვე რუსმა სნაიპერებმა, რამდენი პოლიციელიც არ უნდა მოგვიკლან ბუფერულ ზონებში – ეს ევროპელ დამკვირვებლებს არ ეხებათ. მათი «მანდატი» მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე დაკვირვებით შემოიფარგლება.
        მაშასადამე, ეს სამშვიდობო ოპერაციაც კი არ არის! ესე იგი, საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა ჯერ – ჯერობით იმასაც კი ვერ მიაღწიეს, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს თუნდაც ისეთი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია, რასაც გაერო კვიპროსზე ახორციელებს – თურქეთის მიერ კუნძულის მესამედის დაპყრობის შემდეგ; იმგვარი ოპერაციისა, როდესაც მხარეებს შორის შეიარაღებული სამშვიდობო ძალები (და არა უბრალოდ ცალმხრივი «დამკვირვებლები») ჩადგებიან და პასუხისმგებლობაც ორივე მხარეს (ჩვენს შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთსაც) დაეკისრება.
        იძულებული ვარ დავასკვნა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ტერიტორიები წაგვართვა ფიზიკურად, არამედ პრობლემის რეალური ინტერნაციონალიზების და საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემოსვლის დაბლოკვასაც კი ახერხებს, რაც მისთვის პროგრამა – მაქსიმუმი იყო.
        ხოლო მთავარი მიზეზი კრემლის ამგვარი სამხედრო - დიპლომატიური «ტრიუმფისა» ისევ და ისევ ის გარემოება გახლავთ, რომ დასავლეთს რეალურად არ სურს ჩვენს გამო თავის ატკივება – მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისედაც უამრავი თავსატკივარი აქვს: ფინანსური კრიზისიდან და ღაზადან – ევროპის ენერგეტიკულ პრობლემებამდე.