რუსეთის საჩუქარი კოსმონავტის დღეს

რუსეთის საჩუქარი კოსმონავტის დღეს

        გუშინ მთელი რუსეთი «კოსმონავტის დღეს» ზეიმობდა, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულადაა ქცეული, რაკი მაშინ, ტოტალიტარული სისტემის მეშვოებით, «კოსმოსში გარღვევას» მიაღწიეს. ეს შემთხვევითი არ გეგონოთ – ამგვარი შემთხვევითობები არ ხდება.

        დილის 10 საათზე 8 ვერტმფრენით, გუდაუთის (!) სამხედრო ბაზიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დესანტი გადმოსხეს კოდორის ხეობაში. დესანტირება განხორციელდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენით, რომელთაც სამხედრო თვალსაზრისით (ჰაერიდან) «უზრუნველყოფდა» 4 შემტევი ვერტმფრენი («კრაკადილი») – აღჭურვილი უმართავი რაკეტებით, ჭურვებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. 100_მდე კბილებამდე შეიარაღებულმა მედესანტემ დაიკავა სიმაღლე სოფელ აჟარასთან და «საალყო თავდაცვისთვის» მოემზადა. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს კოდორის ხეობის ცენტრში რუსული სამხედრო ბაზის დაფუძნებას. 100_მდე მედესანტეს სულ მალე კიდევ რამდენიმე ასეული დაემატება მძიმე ტექნიკითა და არტილერიით – ამჟამინდელი დესანტი მხოლოდ პლაცდარმის მომზადებაა. ამით მოსკოვი სრულ კონტროლს ამყარებს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კოდორის ხეობაზე, რომელიც ერთი მხრივ აფხაზეთს აკავშირებს ჩრდილოეთ კავკასიასთან, ხოლო მეორე მხრივ, შესანიშნავი პლაცდარმია (ქართული მხარისთვის) აფხაზეთის სიღრმეში შეტევის განსახორციელებლად.
        რუსებმა ხელზე დაიხვიეს 2 აპრილის შეთანხმება კოდორის ხეობაში ერთობლივი პატრულირების შესახებ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არანაირი პირდაპირი კავშირი ამ ხელშეკრულებასა და დესანტს შორის არ არსებობს, ვინაიდან 2 აპრილის შეთანხმებით, კოდორის ხეობაში ნებისმიერი გადაადგილება რუსულ კონტინგენტს გაეროს სამხედრო კონტინგენტთან უნდა შეეთანხმებინა, რაც ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, არ გაკეთდა. სწორედ ამიტომ, გენერალმა ბაჯვამ (გაეროს სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა) უკვე გამოთქვა ოფიციალური პროტესტი.
       ანუ, 2 აპრილის შეთანხმება მხოლოდ საბაბია _ ოღონდ ძალზე ოსტატურად გამოყენებული. მიუხედავად გუშინ გაკეთებული მრისხანე განცხადებებისა, ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ამ სიტუაციას სამხედრო გადაწყვეტის პერსპექტივა არ გააჩნია. მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთქმედების პროცესშია შესაძლებელი ვითარების განმუხტვა, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ კვლავ გამოიყენა თავისი უკანასკნელი კოზირი, პირადად ჩაერთო სიტუაციის განმუხტვაში და კოდორში გაემგზავრა. არის სერიოზული წინაპირობა იმისა, რომ შეთანხმება მოხერხდება და ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბება. თუ გაეროს ადმინისტრაციაც მკაფიოდ დასვამს ამ საკითხს, რუსული დესანტი იძულებული იქნება, კოდორის ხეობა დატოვოს.
        თუმცა, აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რასაც ცოტა თუ აქცევს ყურადღებას – რუსული კონტინგენტი ძალიან აქტიურად მუშაობს კოდორის ადგილობრივ მოსახლეობაში. მათ პირდებიან, რომ თუ კოდორში რუსული ბაზა ჩამოყალიბდა, ეს იქნება მათი უშიშროების გარანტია, ხოლო აფხაზი სეპარატისტები ვეღარ განახორციელებენ შეტევას კოდორის ხეობაში ეთნიკური წმენდის მოსაწყობად. ნურც იმას ვიტყვით, თითქოს ეს მუშაობა სრულიად ფუჭია.
        თბილისში მყოფმა ბორის პასტუხოვმა, რა თქმა უნდა, მორიგი სპექტაკლი გაითამაშა – აქაოდა, «შეცდომა იქნა დაშვებულიო». თვალწინ მიდგას მისი ქლესა ღიმილი და თაღლითური გამომეტყველება 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტებმა მუხანათურად დაარღვიეს მისი შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულება, დაიპყრეს კოდორის შესართავი, გადაწვეს სოფელი ახალდაბა და მისი მოსახლეობაც დედაწულიანად გაწყვიტეს. პასტუხოვი კი მაშინაც ამას ამბობდა: «არ ვიცი, რა ხდება, რაღაც გაუგებრობაა, შეუთანხმებლობაა, შეცდომაა . . . . « და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი დიპლომატიური რიტორიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიანც ის არის, რომ რუსეთმა 1993 წლის შემდეგ აფხაზეთში პირველად ახლა გამოაჩინა კლანჭები აშკარად.

დილის გაზეთი, 13 აპრილი, 2002 წელი