რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთიდან არ წავლენ

რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთიდან არ წავლენ

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში ყოფნისას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი-ქვეყნების წარმომადგენლებმა მას «ურჩიეს», «არ აჩქარებულიყო აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის» გაყვანასთან დაკავშირებით.
    ამგვარი «რჩევა» მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. უფრო მეტიც: შევარდნაძემ, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, როდესაც ამერიკაში მისი ვიზიტი მხოლოდ იგეგმებოდა, დანამდვილებით იცოდა, რომ უეჭველად «ურჩევდნენ», არ გაეყვანა სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონიდან. ამდენად, ყველა განცხადება და დემარში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის საწინააღმდეგოდ კეთდებოდა მხოლოდ იმ მიზნით, რათა საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ლტოლვილები, დარწმუნებულიყვნენ: საქართველოს ხელისუფლებას «რუსეთის ჯარი» გულზე ნამდვილად არ ეხატება, მაგრამ ამ ჯარის ენგურის სანაპიროზე დატოვებას არა მხოლოდ რუსეთი მოითხოვს, არამედ დასავლეთიც, რადგან ხელს არ აძლევს დესტაბილიზაცია საქართველოში..
    ამდენად, პრობლემა უკვე გადაწყვეტილია: რუსები რჩებიან გალის, ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონებში.
    განსხვავებით «სამშვიდობო ჯარის» საკითხისაგან, საქართველოს ხელისუფლებას მართლაც ჰქონდა გარკვეული ილუზია «ფართომაშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის» თაობაზე. მაგრამ ამ საკითხშიც უარი მიიღო. ერთადერთი ხსნა ჟენევის შეხვედრა აღმოჩნდა. მაგრამ ეს შეხვედრა სკანდალით დაიწყო. აფხაზეთის «საგარეო საქმეთა მინისტრმა» სერგეი შამბამ პროტესტი გამოთქვა ამ შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის დასწრების გამო.
    სწორედ ამ მიზეზით გადაიდო შეხვედრის დაწყება და იგი შეიძლება საერთოდაც ჩაიშალოს. სეპარატისტებს მართლაც ძალიან ეშინიათ მოლაპარაკებებში თბილისში მოქმედ ავტონომიურ სტრუქტურათა წარმომადგენლების მონაწილეობისა, ვინაიდან ეს ამცირებს მათ ლეგიტიმურობას. რაც შეეხება მოლაპარაკებას, რა თქმა უნდა, მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. აფხაზური მხარე კვლავინდებურად მოითხოვს «ორსუბიექტიანი ფედერაციული უნიის» გაფორმებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის (ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად). საქართველო კი აფხაზეთს სთავაზობს თორმეტსუბიექტიანი «ქართული ფედერაციის» ერთ-ერთი სუბიექტის სტატუსს, რაზეც არძინბა არასდროს დათანხმდება, ვინაიდან ფედერაციული იქნება ეს სახელმწიფო თუ არა, იგი მაინც ერთიანი სახელმწიფოა, ანუ აფხაზეთი ამით აღიარებს, რომ იგი საქართველოს ნაწილია.
    შინაარსობრივად პრობლემა კვლავინდებურად ჩიხშია, რაკი არც «გაეროს ჯარების» შემოყვანა გამოდის და არც საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა. რუსეთი მხარეებს (განსაკუთრებით ქართულ მხარეს) მოუწოდებს, გონს მოეგონ და ხელი მოაწერონ კარგა ხნის წინ შემუშავებულ ოქმს «მხარეთა შორის ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ». ეს ოქმი ითვალისწინებს ფსოუზე საზღვრის გახსნას გალის მთელ ტერიტორიაზე ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ. მაგრამ ამ ოქმზე ხელის მოწერა უკვე მეტისმეტი სითამამე იქნება ხელისუფლების მხრიდან და შესაძლოა, მართლაც ძვირი დაუჯდეს.

მერიდიანი, 25 ივლისი, 1997 წ.