რუსეთის რეზიდენტურა საქართველოში: გაზაფხულის ექვსი გაელვება

რუსეთის რეზიდენტურა საქართველოში: გაზაფხულის ექვსი გაელვება


       პარლამენტარ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებამ, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანაში კვლავ მოქმედებს რუსეთის სპეცსამსახურთა ფართო სისტემა, დიდი აურზაური გამოიწვია. კიდევ კარგი, საქართველოს ისტორიაში პირველმა «არაკაგებეშნიკმა» დაზვერვის უფროსმა ეს «სენსაციური განცხადება» გააკეთა, თორემ საზოგადოებას თითქოს საერთოდაც დაავიწყდა პრობლემის არსებობა.
    «ლუსტრაციის კანონის» შესახებ საუბარი პერიოდულად ღვივდება, მაგრამ რეალურ შედეგამდე არ მისულა. არადა, თითქოს არავინაა ამ კანონის მიღების წინააღმდეგი - პირიქით, არათუ თანახმაა, არამედ კატეგორიულადაც მოითხოვენ მის განხილვას, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის - საქართველომ ვერა და ვერ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კანონი, რომელიც არაერთ ურთულეს პრობლემას მოჰფენდა ნათელს.
    ირაკლი ბათიაშვილის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები კვლავინდებურად მტკიცედ აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ რბილადაა ნათქვამი. სინამდვილეში, ისინი არათუ აკონტროლებენ, არამედ პროცესებს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მართავენ. დღევანდელი ვითარება, როდესაც «რუსული სპეცსამსახურების თემა» ფაქტობრივად მივიწყებულია, მათთვის იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან შეუძლიათ გააკეთონ რაც სურთ, როცა სურთ და როგორი ფორმითაც სურთ, - საყოველთაო აპათია და გულგრილობა ის ფონია, რომელზეც «მუშაობა» ათგზის გაუადვილდათ.
    სხვა საქმე იქნებოდა, საქართველო რომ შვედეთი ან დანია იყოს: საზოგადოება იქაც არცთუ აქტიურად რეაგირებს ამ პრობლემაზე, მაგრამ ეს ჩამოყალიბებული სახელმწიფოებია; ამიტომ თავადაც მძლავრი სპეცსამსახურები ჰყავთ - განსაკუთრებით კონტრდაზვერვა, ვინაიდან მხოლოდ კონტრდაზვერვის გაძლიერებით შეიძლება რუსეთის მეზობლად ასე თუ ისე მშვიდად იგრძნო თავი.
    ზოგადად, ამ თვალსაზრისით, რუსეთი განსაკუთრებული ქვეყანაა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში მიხეილ გორბაჩოვი დღენიადაგ იმეორებდა: «ის, რაც საბჭოთა ხალხის მიერაა შექმნილი, მტკიცედ დაცული უნდა იყოსო».
    საბჭოთა «თავდაცვის სამინისტრო» ამ დირექტივას ბალისტიკური რაკეტების გამრავლებით პასუხობდა, ხოლო უშიშროების სამსახური, - აგენტურული ქსელის გაფართოებით.
    საქართველოსადმი განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი ქვეყნის სპეციფიურობიდან გამომდინარეობდა; ამიტომ, დარწმუნებული ვარ, 60-იანი წლებიდან დაწყებული, მოსკოვში, ლუბიანკაზე, ყოველდღიურად იკრიბებოდა რუსეთის სპეცსამსახურის შესაბამისი განყოფილების სათანადო ანალიტიკური ჯგუფი (რომელშიც არც ერთი ქართველი არ იქნებოდა). იგი ამუშავებდა საქართველოში რეზიდენტურის შექმნის გეგმას და თვალს ადევნებდა მის განხორციელებას. არ დარჩენილა არც ერთი სოციალური შრე, არც ერთი ფენა, სადაც მოსკოვურ კგბ-ს (საბჭოთა პრაქტიკა არ სცნობდა «ბურჟუაზიულ» დაყოფას დაზვერვად და კონტრდაზვერვად) საკუთარი მსტოვრები და «შემსრულებლები» არ შეეგზავნა.
    ძირითადად, გამოიყენებოდა ინტელიგენციის სიხარბე და ამბიციურობა. «ქართული საბჭოთა ინტელიგენციის» იერარქიულ კიბეზე აღმასვლა მჭიდროდ უკავშირდებოდა ჯერ «წვრილმანი», შემდეგ კი «მსხვილმანი» დავალებების შესრულებას.
    მაგალითად, 60-70-იან წლებში ვერც ერთი ცნობილი პოეტი, მხატვარი, რეჟისორი, მწერალი საზღვარგარეთ ვერ იმოგზაურებდა, თუ დაბრუნებისთანავე არ დაწერდა მოხსენებით ბარათს იმ «მთავარი» უწყების სახელზე, რომელმაც უზრუნველყო «კაპიტალისტურ ქვეყანაში» მისი გამგზავრება და რომლის გარეშეც ცხვირსაც ვერავინ გაჰყოფდა საბჭოთა კავშირიდან.
    ამ მოხსენებით ბარათებში «ისეთი» კი არაფერი ეწერა, - უბრალოდ, დაცული იყო გარკვეული ფორმა: «ჩავედით ამა და ამ ქალაქში, დაგვხვდა ესა და ეს, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ა.შ.»
    მიუხედავად ამისა, ეს მოხსენებითი ბარათები სათუთად ინახებოდა კგბ-ს არქივებში. თითქოს გრძნობდა სპეცსამსახური: მოვიდოდა დრო, «მომხსენებელი» მოღვაწეები «პატრიოტობას» დაიჩემებდნენ და მაშინ გახდებოდა საჭირო მათი შანტაჟირება.

    ინტელიგენცია ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ იგივე ითქმის ნებისმიერ სხვა სოციალური ფენის წარმომადგენელზე. სექსოტობა საყოველთაო თვისება და მოვალეობა იყო.
    ირაკლი ბათიაშვილმა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცის. იგი, ფაქტობრივად, ერთადერთი წარმომადგენელია ეროვნული მოძრაობისა, რომელსაც 1992-93 წლებში ამ დოკუმენტებზე ხელი მიუწვდებოდა.
    ამიტომ, დღეს ჩათვალა საჭიროდ, ეს გარემოება ყველასათვის შეეხსენებინა, თორემ კვლავინდებურად დომინირებს აზრი, თითქოს «რუსეთს ჩვენთვის აღარ სცალია».
    მოსკოვური სპეცსამსახურის ზემოთნახსენები განყოფილება ჩვენთვის იოლად «მოიცლის», ვინაიდან სხვა საქმე და პროფილი მას არც გააჩნია. იგი სპეციალიზდება მხოლოდ საქართველოზე. საქართველო კი რუსეთისთვის (მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლისა) კვლავინდებურად საჭირო და საინტერესოა.
    აქ არის სწორედ «ძაღლის თავი» დამარხული. აქ უნდა ვეძიოთ მიზეზი ზოგიერთი პროცესის პერიოდული და საეჭვო გამწვავებისა.
    ვიმეორებ: ნებისმიერი სპეცსამსახურისათვის იდეალურია ისეთი ვითარება, როდესაც მისი მოქმედების «ობიექტი» ვერ აცნობიერებს გარედან «ზეწოლასა» და «ჩარევას». ამჟამად საქართველოში სწორედ ასეთი მდგომარეობაა და ამიტომაც გვაქვს კარგად საქმე.

მერიდიანი, 25 სექტემბერი, 1998 წ.