რუსეთის ვეტო – ახალი აგრესიის მომასწავებელი?        

რუსეთის ვეტო – ახალი აგრესიის მომასწავებელი?        

    

გუმისთადან – ენგურამდე
       

       

        გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ომი, აფხაზეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 16 წლიანი მისიის მკვლელობით დასრულდა.
        ეს მისია 1993 წლის ზაფხულში შეიქმნა – მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზი სოხუმთან, მდინარე გუმისთაზე გადიოდა. 1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება «ცეცხლის შეწყვეტის შესახებ» და იერიში მიიტანეს სოხუმზე. მათ შორის გუმისთის გავლითაც.
        გაეროს «დამკვირვებლები» მაშინვე «აორთქლდნენ». Aარანაირი განცხადება «დარღვევის» შესახებ, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებიათ. ამის მიუხედავად, შევარდნაძემ 1994 წლის გაზაფხულზე სწორედ გაეროს ეგიდით მოაწერა ხელი «მოსკოვის შეთანხმებას», რომლითაც ენგურის ორივე ნაპირზე განლაგდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.
        ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში არა გაეროს, არამედ ე.წ. «დსთ»-ს ეგიდით შევიდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები. გაეროს მისიის მანდატი კი ისეთნაირად იყო შედგენილი (1994 წლის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მაშინ ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად ჩაითვალა), რომ რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» სტატუსის შეცვლის შემთხვევაში (თუ, ვთქვათ, ქართული მხარე მათ გაყვანას მოითხოვდა) – კონფლიქტის ზონას გაეროს დამკვირვებლებიც დატოვებდნენ.
        ზუსტად ასეც მოხდა 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად: რუსეთის «სამშვიდობო ძალები» ოკუპანტებად იქცნენ, ხოლო გაეროს მისიამ აფხაზეთი და ზუგდიდის რაიონი დატოვა. მოსკოვი ერთადერთ შემთხვევაში დაეთანხმებოდა 1994 წლის მისიის შენარჩუნებას აფხაზეთში: თუ მისი სახელწოდება შეიცვლებოდა, დაერქმეოდა «მისია აფხაზეთში» (და არა «საქართველოში») და ამით იურიდიულად დადასტურდებოდა რუსული აგრესიის შედეგი.
       
       

დასავლეთმა ამჯერად არ გაგვყიდა – ფასი ეცოტავა
       

       

        მოსკოვში აშკარად ჰქონდათ იმედი, რომ დასავლური სახელმწიფოები (საქართველოს პროტესტების მიუხედავად) ამ მცდელობას მხარს დაუჭერდნენ. ისევე, როგორც ადრე დაჟინებით მოითხოვდნენ თბილისისაგან, არ დაეყენებინა რუსი ე.წ. «მშვიდობისმყოფელების» გაყვანის საკითხი.
        მაგრამ 2008 წლის აგრესიამ დასავლეთისათვის, როგორც ჩანს, იმდენად საშიში პრეცედენტი შექმნა, რომ მისი დაკანონება აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებს სამომავლოდ ძალზე სერიოზულ საფრთხეებს შეუქმნიდა; ამიტომ დასავლეთმა გადაწყვიტა არაფერში გაეცვალა ეს საკითხი: არც ირანში და არც ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამაში. მით უმეტეს, რომ არც ერთი ამ მიმართულებით დასავლეთი ჯერ ომისთვის მზად არ არის – რომც მიიღოს რუსული თანხმობა და შესაბამისი რეზოლუცია უშიშროების საბჭოში.
        შედეგად, რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთმა მისცა ხმა. «ზესახელმწიფოს» პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის ეს სერიოზული მარცხია. «ზესახელმწიფო» მხოლოდ ბირთვული ბომბების რაოდენობით არ განისაზღვრება – გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახერხებს იგი მსოფლიო ასპარეზზე თავისი პოზიციის მომხრეთა მომრავლებას, უდგას თუ არა სათავეში ქვეყნების კოალიციას თუნდაც ცალკე აღებულ კონკრეტულ საკითხში. Aამიტომაცაა გაცოფებული პუტინ-მედვედევის ტანდემი. ამიტომ სჯიან ამჟამად ბელორუსს, რაკი მან არ სცნო აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობა, მოსკოვი მარტო დატოვა და ამით გამოააშკარავა, რომ რუსეთი იმპერიული მეთოდებით თუ მიზნებით მოქმედებდა.
        საინტერესოა, რომ საქართველოს თურქეთმაც დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს დროინდელი მოსკოვური ილუზიები «თურქეთთან დაძმობილების» შესახებ საბოლოოდ გაცამტვერდა. Dდასავლური რეზოლუციის წინააღმდეგ არც ჩინეთმა მისცა ხმა.

ევროპელი მესაზღვრეები

        მაშასადამე, გაეროს «საველე» მისია საქართველოს ტოვებს ისევე, როგორც მანამდე «სამხრეთ ოსეთი» ეუთომ დატოვა.
        რა საფრთხეს შეიცავს გაეროს წასვლა ენგურის აუზიდან? Aან რას გვაძლევდა ეს მისია? რეალურად Bბევრს არაფერს! გვაძლევდა მხოლოდ იმას, რომ გალის ოფისთან მცხოვრები ქართველები, ვინც სამშობლოში დაბრუნდა, შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს.
        თუმცა, ნებისმიერი მათგანი შეეძლოთ დაეპატიმრებინათ აფხაზ მილიციელებს და «გაერო» ხმის ამომღები არ იყო. მისია მხოლოდ აკვირდებოდა რუსული და აფხაზური ძალების გადაადგილებებს გალის რაიონში და შეფასების უფლება არ ჰქონდა. G
        გარდა ამისა, თბილისში, გალში, სოხუმში, ზუგდიდში რამდენიმე ასეული ადამიანი იყო დასაქმებული; მისიის დამკვირვებლებს ოციოდე სახლი და ბინა ჰქონდათ დაქირავებული, ისევე, როგორც ტრანსპორტი . .
        ეს არის და ეს. ამ ფასად აფხაზეთის იურიდიული დაკარგვის დაკანონება ნამდვილად არ ღირდა ყველა იმ საფრთხის მიუხედავად, რაც ამით იქმნება.
        რაც შეეხება იმას, რომ თურმე «გაეროს მისია რუსებს ზუგდიდში შეჭრის საშუალებას არ აძლევდა» - შეუშალა ხელი აგვისტოში? რომელ სოროში შეძვრენ გაეროს დამკვირვებლები, როდესაც ზუგდიდს ჩეჩნეთის ჯალათის, პირსისხლიან გენერალ შამანოვის მედესანტეები მოადგნენ? Aარავითარი უფლება ენგურის გადმოლახვისა მათ არ ჰქონდათ – არც ერთი საერთაშორისო შეთანხმებით (მათ შორის არც 1994 წლის ხელშეკრულებით) ამის გაკეთება არ შეეძლოთ. Mერე და რა – ამით?
        თუ ზუგდიდზე შეტევაა საფრთხე, მაშინ გარკვეულ გარანტიას ევროკავშირის დამკვირვებლები ქმნიან, რომლებიც ენგურის მარცხენა ნაპირზე სარკოზის გეგმის შესაბამისად იმყოფებიან. იმ განსხვავებით, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს.
        ნიუ იორკში ბევრი იბრძოლა საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ. სხვათა შორის, მის განცხადებას გაეროს გენერალური მდივნის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი მოხსენებიდან საქართველოს ხსენება ამოიღო, ჩვენს ქვეყანაში დიდი გნიასი მოჰყვა. სინამდვილეში, როგორც ამჟამად ჩანს, პან გი მუნის წინააღმდეგ განცხადება იყო არა ემოციური (ლომაიას ემოციები ნაკლებად ახასიათებს ზოგადად –დ.ა.) არამედ ზუსტად გათვლილი ნაბიჯი, რამაც უეჭველად გამოიღო შედეგი.
        რომ არა ამ საკითხში თბილისის მტკიცე პოზიცია, მაშინ დასავლეთსაც შეიძლება სხვა დამოკიდებულება ჰქონოდა რეზოლუციისადმი, მაგრამ თბილისის «წამოძახილმა» შეახსენა, რომ საქართველოს «გაყიდვის» შემთხვევაში არავინ გაჩუმდებოდა და ყველაფერს სახელს დაარქმევდა, რაც ზემოთხსენებულ «პრეცედენტს» მსოფლიოს გააგებინებდა.
       

გაჭრილი «კოზირი»
       

       

        საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის დარგში, თემურ იაკობაშვილმა «პრაიმ-ტაიმს» განუცხადა, რომ რუსეთი საბოლოოდ მოექცა იზოლაციაში, «რაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობა მის გარდა არავინ სცნო. მათ შორის არც ნიკარაგუამ, - ამ ქვეყნის კონსტიტუციით ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი იღებს და არა აღმასრულებელი ხელისუფლება».
        იაკობაშვილის თქმით «რუსეთს აფხაზეთში დღეს 1994 წლის ტრიუკის განმეორება სურდა, როდესაც ჯერ ეთნოწმენდა მოაწყო აფხაზეთში, ხოლო შემდეგ «მშვიდობისმყოფელად» მოგვევლინა. ამ მიზნით ცდილობდა გაეროთი მანიპულირებას. რუსეთი დღეს ოფიციალურად იქცა ოკუპანტად. რუსეთი მესამედ გახდა იძულებული, გამოეყენებინა «ვეტო» აფხაზეთთან დაკავშირებით. სულაც არ გვიხარია გაეროს მისიის დახურვა, მაგრამ მისი შენარჩუნება არ შეიძლებოდა აფხაზეთის ოკუპაციის იურიდიული დაკანონების ფასად!.
        საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ «პრაიმ-ტაიმს» განუცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს მაინც გაუჭირდებათ იმავე ფუნქციის შესრულება, რასაც გაერო ენგურის ფრონტის ხაზზე ასრულებდა «მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ. რუსეთმა მოულოდნელი არაფერი ჩაიდინა – მან ჯერ მოკლა ეუთოს მისია «სამხრეთ ოსეთში» და ამჟამად მოკლა მისია გაეროში.
        ამიერიდან, აფხაზეთის იმ რაიონებში, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ესაზღვრებიან და «სამხრეთ ოსეთის» მოსაზღვრე რაიონებში, საერთოდ აღარ დარჩნენ მონიტორები, რომლებიც ფრონტის ხაზებზე რუსული ჯარების კონცენტრაციას თვალს მიადევნებდნენ»

არსებობს თუ არა აგრესიის საფრთხე?

            გაეროს უშიშრობის საბჭოში ვეტოს გამოყენების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ «აფხაზურ და «სამხრეთ ოსურ» მხარეებთან ერთად მიიღებს უსაფრთხოების დამატებით ზომებს».
        სწორედ აქ იმალება მთავარი საფრთხე, რაც ქართველ პოლიტიკოსებს (არა მხოლოდ ხელისუფლებას) განსაკუთრებულ სიფრთხილეს ავალდებულებს. Lსაქმე ისაა, რომ სარკოზი-მედვედევის განცხადებაში ნათქვამია: «უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსეთს აქვს უფლება, მიიღოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ზომები».
        იგულისხმებოდა, რომ გაერო მიიღებდა რეზოლუციას, რომლითაც (როგორც რუსები იმედოვნებდნენ) რუსულ ჯარებს სამშვიდობო სტატუსი მიენიჭებოდა.
        მაგრამ რაკი გაეროში მოსკოვმა თავისი ვერ გაიტანა, გამოდის, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ეს პუნქტი ძალაში რჩება.
        ესე იგი, მიუხედავად საზღვარზე ევროკავშირის დამკვირვებელთა ყოფნისა, მოსკოვს აქვს უფლება ნებისმიერ დროს დაძრას თავისი ქვედანაყოფები «სენაკში ან გორში ინსპექციის ჩასატარებლად» და ამის აუცილებლობა ახსნას იმით, რომ თურმე მიიღო სადაზვერვო მონაცემები იქ ქართული ჯარის კონცენტრაციის შესახებ.
        დღევანდელ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ მოითმენს და იძულებული გახდება წინააღმდეგობა გაუწიოს სენაკისა და გორის «ინსპექტირებას» ანუ იმას, რომ რუსმა სამხედროებმა საქართველოს გზებზე თავისუფლად ისეირნონ – როგორც 2008 წლის აგვისტოში. ნებისმიერ წინააღმდეგობას კი რუსეთი უკვე თბილისზე შეტევით უპასუხებს.
        ეს საფრთხე საკმაოდ რეალურია, მაგრამ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში გართულ ქართულ «პოლიტელიტას» ამას ვერ შეაგნებინებ.