რუსეთის ელჩი იატაკქვეშეთში გადავიდა?

რუსეთის ელჩი იატაკქვეშეთში გადავიდა?

  რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და საქართველოს შორის მორიგი დიპლომატიური ინციდენტი მოხდა, რომელიც «თვითმფრინავებთან» დაკავშირებული ეპიზოდისა და სხვა კონფლიქტური სიტუაციებისაგან განსხვავებით, არ გახმაურებულა.
        თუმცა, ეს ინციდენტი თავისთავად იმდენად უპრეცედენტოა, რომ არანაკლებ მეტყველებს ამჟამად მოსკოვსა და საქართველოს შორის დაპირისპირების დონეზე, ვიდრე ბომბდამშენების შემოფრენა ან საქართველოს ელჩის გამოწვევა მოსკოვიდან.
        საგარეო საქმეთა სამინისტროდან სარწმუნო წყაროს ცნობით, 10 ივლისს სამინისტროში დაიბარეს რუსეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ვიაჩესლავ კოვალენკო, რომლისთვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, - გიგა ბოკერიასა და გრიგოლ ვაშაძეს, - უნდა გადაეცათ მორიგი საპროტესტო ნოტა რუსული თვითმფრინავების შემოფრენასა და რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების მიერ ამ ფაქტის თავხედურ (და აგრესიულ) აღიარებასთან დაკავშირებით.
        აქვე უნდა ითქვას: ეს აღიარება საერთაშორისო-პოლიტიკური პრაქტიკიდან გამომდინარე იმას ნიშნავს, რომ ამით რუსეთი «სამხრეთ ოსეთს» აცხადებს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიად, სადაც შესაძლო ქმედებათა შინაარსს, ხარისხს, მიმართულებასა და ზომას მხოლოდ თვით რუსეთი განსაზღვრავს, ანუ თავად წყვეტს «საკმარისობის» ზღვარს ძალისმიერი ჩარევის «აუცილებლობისას» და არას დაგიდევთ არანაირ საერთაშორისო ნორმას (რაკი არ ცნობს ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად), რომელიც მის სუვერენულ უფლებას შეზღუდავდა.
        აქედან გამომდინარეობს სწორედ პასუხი კითხვაზე - რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი კონფლიქტის მონიტორინგის ამჟამინდელ ფორმატთა შეცვლას: აი, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება! - 90-იან წლებში ხელმოწერილი სამარცხვინო, კაპიტულანტური დოკუმენტები და მათ საფუძველზე შემუშავებული «ფორმატები» რუსეთს საშუალებას აძლევს «ხელები ხსნილი ჰქონდეს» მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ანუ «უკანმოუხედავად» თავად აწესებდეს «აუცილებელი ჩარევის ზღვარს» და არ იყოს ანგარიშვალდებული სხვა რომელიმე აქტორის მიმართ; იქნება ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო, მით უმეტეს აშშ და ნატო.
        დავაკვირდეთ: სამშვიდობო ოპერაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტარდება არა გაეროსა და ეუთოს ეგიდით, ესე იგი მათი უშუალო მონაწილეობით, არამედ მხოლოდ არსებულ (რუსულ-ქართულ-აფხაზურ და რუსულ-ქართულ-ოსურ) ხელშეკრულებათა სკურპულოზური შესრულების მონიტორინგით.
        მაშასადამე, რაც უფრო მეტად და გულისყურით «დააკვირდებიან» საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მეგობარი ქვეყნები ამ კაპიტულანტური ხელშეკრულებების «სკურპულოზურ შესრულებას» საქართველოს მხრიდან – მით უარესი ჩვენი ქვეყნისათვის.

        მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ელჩ კოვალენკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მის გამოძახებას.
        მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ წრეებშიც და ჟურნალისტურ-ექსპერტულ თანამეგობრობაშიც უკვე თვლა აგვერია (ორმოცდამეცხრამეტეა ეს ნოტა თუ სამოცდამეერთე), ელჩ კოვალენკოს მისი ლამის ყოველდღიური «გამოჭენება», როგორც ჩანს, მაინც არ ეპიტნავა და ამჯერად გადაწყვიტა შეხვედრაზე თავისი მოადგილე გაეგზავნა! რუსეთის საელჩომ კი ელჩის დემარში ასეთი ფორმულირებით ახსნა: «ელჩმა მისვლა ვერ შეძლო სამუშაო მომენტებიდან გამომდინარე».
        ამაზე მეტ უხამსობას არც დიპლომატიის ენა, არც პრაქტიკა და პროტოკოლი უბრალოდ თეორიულადაც ვერ დაუშვებს! მაშინ ეს უკვე ქუჩის ჟარგონი იქნება და არ დიპლომატია, ვინაიდან თუ დიპლომატიის ენიდან «გადმოვთარგმნით», ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ელჩს საქართველოში იმაზე ბევრად მეტად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა იმ დღეს (ავადმყოფობაც კი არ მოიმიზეზეს!!!), ვიდრე სააკრედიტაციო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა მისი სახელმწიფოს აგრესიული ქმედებების განსამარტად.
        მორიგი რუსული დემარშის პასუხად, გიგა ბოკერიას ინიციატივით, იგი აღარ მიიწვიეს 11 ივლისს «საქართველოს მეგობართა ჯგუფის» ელჩთა შეხვედრაზე.
        როგორც ცნობილია, ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიან თვით რუსეთი (როგორც შუამავალი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში), აგრეთვე აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – დამკვირვებელთა სტატუსით.
        რუსეთის ელჩის მიუპატიჟებლობამ კი საელჩო იმდენად აღაშფოთა, რომ საერთოდ აღარ ეკონტაქტება ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს. გრიგოლ ვაშაძის თქმით «რუსეთის ელჩი, კრიზისულ სიტუაციებში, ზოგადად, ძნელად მისაგნები პერსონაა, მაგრამ ჩვენ მას მაინც ვიპოვით და ნოტასაც გადავცემთ».
        რუსეთის საელჩოში ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფება ამჯერად ელჩი კოვალენკო და ხომ არ ნიშნავს მისი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებული და ამჟამადაც ფართოდ გაშლილი კონსპირაციული ქსელის ერთ-ერთი ბინაზე, ანუ იატაკქვეშეთში გადასვლას.
        სხვა ცნობებით, კოვალენკო ამჟამად მოსკოვში იმყოფება; თუმცა საგულისხმოა, რომ მოსკოვს ჯერ-ჯერობით ხელს არ აძლევს თავისი ელჩის ოფიციალურად გამოწვევა საქართველოდან. მას აუცილებლად სჭირდება დიპლომატიური წარმომადგენლობის შენარჩუნება (ამით საკუთარი პოლიტიკური «ყოფნის» დაფიქსირება) საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რუსეთიდან უკვე გამოიწვია ელჩი კონსულტაციებისათვის.
        ბუნებრივად ისმის კითხვა: ხომ არ ემზადება თბილისი ვიაჩესლავ კოვალენკოს «პერსონა ნონ გრატად» გამოსაცხადებლად და მის გასაძევებლად?
        იმედი ვიქონიოთ, საქართველოს «კომპეტენტური ორგანოები» იმდენად კვალიფიციურნი და მოტივირებულნი არიან, რომ მის აღმატებულება ელჩს უეჭველად მიაგნებენ, - სადაც არ უნდა იმყოფებოდეს.
        ჩვენი წყაროები საქართველოს სახელისუფლებო წრეებიდან გვატყობინებენ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება გამორიცხული მართლაც არ არის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მართლაც გახსნის «წარმომადგენლობებს» სოხუმსა და ცხინვალში.
        ანუ, ეს დიპლომატიური დემარში (ელჩის გაძევება) საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ შემთხვევისთვის შემოინახა, რაკი არ არის გამორიცხული, მოსკოვში ელჩის გამოძევებას მოუთმენლად ელოდნენ, რათა სწორედ ამით ახსნან და გაამართლონ შემდგომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება «საქართველოს ნაცვლად აფხაზეთთნ და «სამხრეთ ოსეთთნ».