რუსეთი ყულფს გვიმზადებს

რუსეთი ყულფს გვიმზადებს

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ დაადასტურა, რომ უახლოეს ხანში დაიწყებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების პროცესს. ამას, როგორც იტყვიან, «წყალი არ გაუვა».
        რუსულმა ისტებლიშმენტმა და მმართველმა ელიტამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილ «მოკავშირე» რესპუბლიკებთან ისეთი ურთიერთობა დაამყაროს, რაც გააძლიერებს «პრორუსულ» სეგმენტს და, პირიქით, დაასუსტებს «სეპარატისტებს», იმ აზრით, რომ რუსი ნეოიმპერიალისტებისთვის (პუტინით დაწყებული) «სეპარატისტები» არიან ქართველებიც, ყაზახებიც, აზერბაიჯანელებიც და უკრაინელებიც - რაკი თავის დროზე დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ..
        ამიტომ რუსეთისათვის ხელსაყრელია, ვთქვათ, ჩრდილოეთ ყაზახეთში მცხოვრებმა რუსმა ადვილად მიიღოს რუსული ვიზა, ხოლო ყაზახი - გაწვალდეს და ა.შ.
        ამ პოლიტიკის ფარგლებში რუსეთის პირველ მსხვერპლად, უეჭველად, საქართველო იქცევა, ოღონდ კრემლის გაგულისების მიზეზია არა «ჩეჩნებისთვის დახმარება» ან ჩეჩენი ხალხისათვის ზურგში დასარტყმელად რუსული არმადის გატარებაზე უარის თქმა, არამედ საქართველოში რუსული ბაზების ლიკვიდაციის მოთხოვნა.
        სწორედ და მხოლოდ ეს არის რუსეთისათვის მტკივნეული საკითხი, თორემ მოსკოვში მშვენივრად იციან, რომ არანაირ სამხედრო დახმარებას საქართველო ჩეჩნეთს არ უწევს და ვერც გაუწევს.
        მაგრამ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანა იმდენად ასუსტებს რუსეთის პოზიციებს, იმდენად სერიოზული დარტყმაა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზე, რომ ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთი, მართლაც, ყველაფერს იღონებს. სავიზო რეჟიმი ყველაზე მსუბუქი ყულფია - თუ ამან არ გაჭრა, უკან არაფერზე დაიხევს. მათ შორის, ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებაზე, პირდაპირი აგრესიის ან ტერორისტული აქტის ჩათვლით.
        ოღონდ ტერაქტის მიზანი რომელიმე კონკრეტული პიროვნების ლიკვიდაციით პოლიტიკის შეცვლა კი არ იქნება (ამით საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება), არამედ საქართველოში დესტაბილიზაციისა და «ყველა – ყველას» წინააღმდეგ ომის პროვოცირება.
        თუ 1995 წლის რუსეთის სპეცსამსახურებმა ყოველნაირად შეუწყვეს ხელი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ტერაქტს, ამით «საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლა» კი არ სურდათ (როგორც ზოგიერთი ამტკიცებს), არამედ ახალი სამოქალაქო ომის პროვოცირება ან, ყოველ შემთხვევაში, იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც რუსეთის ბაზები აღარავის ემახსოვრებოდა.
        იგივე მოტივი ჰქონდათ 1998 წელსაც, როცა «ზვიადისტები» გამოიყენეს იმავე მიზნით.
        რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს მკითხველს, ამ ღონისძიების მიზანი იგივეა, ანუ ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში!
        ოღონდ სხვა ტექნოლოგია გამოიყენება: სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, რუსეთში მცხოვრები ასეულობით ათასი ქართველი იძულებული გახდება დაბრუნდეს სამშობლოში.
        მათი რიცხვი ამჟამად უცნობია, მაგრამ უეჭველია, რომ 200-300 ათასს ნამდვილად აჭარბებს. მაშასადამე, ყოველწლიური სავალუტო შემონადენი საქართველოს საფინანსო ბაზარზე აგრეთვე შვიდნიშნა ციფრებით განისაზღვრება: ლაპარაკია ასეულობით მილიონ დოლარზე, რომელიც ყოველწლიურად შემოედინება საქართველოს საბანკო არხებით (გადმორიცხვით) თუ ყოველგვარი «ფორმალური» არხების გარეშეც.
        ბუნებრივია, სავიზო რეჟიმის შემოღებით, პუტინი ვერ შეძლებს ყველა ქართველი გამოაძევოს რუსეთიდან. ზოგიერთი ქრთამსაც მისცემს მილიციას. სხვები რუსეთის მოქალაქეობას გააფორმებენ, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ნახევარი იძულებული გახდება სამუშაოს თავი დაანებოს და საქართველოში დაბრუნდეს, რაც, უეჭველად, ნიშნავს სოციალური დაძაბულობის გამწვავებას, საბიუჯეტო კრიზისის გაღრმავებას და სხვა ნეგატიურ შედეგებს.
        მით უმეტეს, რომ სავიზრო რეჟიმის საბაბით, რუსეთს შეუძლია შეზღუდოს ექსპორტი საქართველოდან, ანუ ეს აქცია საქართველოს საფინანსო სისტემას კიდევ ასეულობით მილიონი დოლარი დაუჯდება.
        მოსკოვში ძალიან ანერვიულებთ ის ფაქტი, რომ ივლისიდან იმატა საბიუჯეტო შემოსავლებმა საქართველოში, უმჯობესდება სავაჭრო სალდო (ანუ იზრდება ექსპორტი და მასთან შეფარდებით, მცირდება იმპორტის ოდენობა), არის სხვა ზოგიერთი დადებითი ტენდენციაც. სავიზო რეჟიმი და საქართველოდან ექსპორტის შემცირება ამ ყოველივეს არარაობად აქცევს, ვინაიდან საქართველოს ექსპორტის 60 პროცენტი სწორედ რუსეთზე მოდის.
        ამრიგად, სავიზო რეჟიმით რუსეთი შეეცდება (მიაღწევს კიდეც საწადელს) შექმნას სერიოზული პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში. დარტყმა იმდენად ძლიერი იქნება, რომ საბიუჯეტო კრიზისი უმალვე გადაიზრდება ნამდვილ ეკონომიკურ კრიზისში, ანუ იფეთქებს ინფლაცია, გაუფასურდება ეროვნული ვალუტა, საერთოდ, შეწყდება ყოველგვარი ინვესტირება და ა.შ.
        ოღონდ, თავისთავად, «ეკონომიკური კრიზისით» რუსეთი ბევრს ვერაფერს მოიგებს – მისთვის მთავარი «ეკონომიკური კრიზისის პროვოცირება» კი არ არის, არამედ იმ სოციალური დაძაბულობის და პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც კრიზისს უეჭველად, მოჰყვება საქართველოში.
        ის პოლიტიკანები, ვინც 10-12 წლის წინ რუსთაველზე დარბოდნენ ლოზუნგებით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს აქ სავიზო რეჟიმი საერთოდ არაფერ შუაშია და ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ ხელისუფლების ბრალია.
        ხელისუფლება, თავის მხრივ, ოპოზიციას დაადანაშაულებს და ასე აგორდება ისევ პათოლოგიური დაპირისპირების ტალღა, რომელიც საბოლოოდ და სამუდამოდ დაანგრევს ამ ქვეყანას - მტრების გასახარად.
        შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს - თუ საქართველო ამდენი წლის შემდეგ უარს იტყვის რუსეთის ბაზების გაყვანაზე და (რაც მთავარია, რასაც რუსები მოითხოვენ) მას 25 წლით დააკანონებს, ჩვენს ქვეყანასთან ამის შემდეგ საქმეს არავინ დაიჭერს (იმდენად არათანმიმდევრულად წარმოჩინდება მისი პოლიტიკა), ხოლო ბაზების დაკანონებაც, თავისთავად, შეიძლება იქცეს დესტაბილიზაციის წყაროდ.
        ამიტომ ერთადერთი რაციონალური საპასუხო რეაქცია შეიძლება იყოს ისეთი ფისკალური პოლიტიკის გატარება, რაც შეამცირებს ლარის მასას ბრუნვაში, რათა სავალუტო შემონადენის შემცირებამ ფინანსური აფეთქება არ გამოიწვიოს.
        მეორე მხრივ, საქართველომ რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, თბილისი ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთის მიმართაც, ანუ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება.
        შეიძლება ამერიკელებსაც ვთხოვოთ - არა ფული, არამედ ამერიკაში სამუშაო ვიზების გარკვეული კვოტა. ეს ამ აყვავებულ ქვეყანას ვერ დაანგრევს, ხოლო ასეულობით ათასი ქართველი «მშრომელი ემიგრანტი» კვლავ დაეხმარება საკუთარი ქვეყნის მყიფე ფინანსურ სისტემას.

მერიდიანი, 17 ივლისი, 2000 წელი