რუსეთი საქართველოს მორიგ ნაღმს - თურქი-მესხების საკითხს უმზადებს

რუსეთი საქართველოს მორიგ ნაღმს - თურქი-მესხების საკითხს უმზადებს

           რამდენიმე დღის წინ, ვიტალი ტრეტიაკოვის «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა ვინმე ალიხან ახილგოვის სტატია «გადაწყდება თუ არა თურქი-მესხების პრობლემა?». ბუნებრივია, შემთხვევითი არ არის ამ სტატიის გამოქვეყნება სწორედ ახლა, როდესაც მძვინვარებს ომი ჩეჩნეთში, ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ხოლო რუსეთი აშკარად კარგავს პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში (ისევე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე).
        საერთოდ, ამ გაზეთზე ხანმოკლე დაკვირვებაც კი ნათელყოფს, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურთა რუპორია, ხოლო ვიტალი ტრეტიაკოვი «ინტელიგენტი სუკმენის» როლს ერთგვარი ხალისითაც ასრულებს. ლუბიანკასთან ურთიერთობა მან, რა თქმა უნდა, ათწლეულების წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მანამ, სანამ «სოვეტსკაია როსიას» რედაქტორი გახდებოდა; ამჟამად საკმაოდ მაღალკვალიფიციურად (უნდა ვაღიაროთ), ასრულებს შეკვეთებს.
        საქართველოს «ურჩობა» ბოლო დროს ყოველგვარ საზღვარს სცილდება, ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურმა ერთ-ერთი უკანასკნელი კოზირი (თურქ-მესხთა პრობლემა) «დაახეთქა» გეოპოლიტიკურ მაგიდაზე, მაგრამ რამდენად ძლიერი აღმოჩნდება იგი დღევანდელ პირობებში?
        თუმცა, მივყვეთ ახილგოვის პროვოკაციულ სტატიას. ნიშანდობლივია, რომ ჩეჩნეთში გააფთრებული ომის დროს იგი კრინტს არ ძრავს იმის თაობაზე, რომ 1944 წელს ე.წ. «თურქ-მესხებთან» ერთად სტალინმა სხვა ხალხებიც (ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარელები, ყარაჩაელები, ქურთები) გადაასახლა კავკასიიდან; ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს მხოლოდ «თურქ-მესხებს» ერჩოდა, რაკი ქართველი იყო.
        ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: კი მაგრამ, თათრების, ყალმუხების, ბაშკირების, ჩეჩნების, ყარაჩაელების გასახლება იმავე 1944 წელს - აგრეთვე «ქართული შოვინიზმის» გამოვლინება იყო თუ რომელიღაც სხვა შოვინიზმისა?
        დღეს საქართველო აწარმოებს ჩეჩენი ერის გენოციდს? და ჩეჩნეთშიც ისევ «ქართული შოვინიზმი» მჟღავნდება?

        ახლა არ იკითხავთ, რით ამტკიცებს ახილგოვი, რომ მესხთა გასახლება «ქართული შოვინიზმის გამოვლინება იყო?» - თურმე ნუ იტყვით, «ამ რეპრესიული აქციის ოფიციალური მოტივები არადამაჯერებლად ჟღერს»: თითქოს, თურქეთის ომში ჩართვის შემთხვევაში, მესხეთელი თურქები თურქეთს დაუჭერდნენ მხარს, მაგრამ 1944 წელს, როდესაც ფაშისტური გერმანია თითქმის უკვე განადგურებული იყო, თურქეთი განა გაბედავდა საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებას?»
        ვითომ ვერ ხვდება გაიძვერა ახილგოვი, რომ 1944 წელს თურქეთი კი არ აპირებდა ომის დაწყებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, არამედ პირიქით - საბჭოთა კავშირი გეგმავდა თურქეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას (ეს ცნობილი ფაქტია); ამიტომ სტალინმა კავკასიიდან წინასწარ გაასახლა ის ხალხი, რომლებიც ტრადიციულად «პროთურქულად» იყვნენ განწყობილნი.
        ახლა არ იკითხავთ მესხეთის ისტორიის «ახილგოვისეულ» ვერსიას? «...ადრიანოპოლის ზავით (1829) რუსეთს გადაეცა თურქებით დასახლებული თურქეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც, საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოს (და არა სსრკ - ზღ.) შეუერთდა».
        ხედავთ? რა მესხეთი, რის შოთა რუსთაველი, რომელი ვარძია, სად ხარ თურმე!
        ასეთი ისტორიული ექსკურსის შემდგომ, ახილგოვი «ნეზავისიმაია გაზეტას» მეშვეობით მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააძლიერონ საქართველოზე ზეწოლა, რათა აიძულონ იგი, დააბრუნოს «თურქი-მესხები» სამშობლოში, ანუ მესხეთში...
        «ნეზავისიმაია გაზეტას» არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ 1944 წელს «სამხრეთ საქართველოდან» 9095 «თურქი მესხი» გაასახლეს. მაშასადამე, ამჟამად მათი რიცხვი 200 ათასს მაინც აღწევს.
        რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ლუბიანკისა და არამზადა «ქართველოლოგ» ვიტალი ტრეტიაკოვის მორიგი პროვოკაცია, რაც ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს;
        პრობლემა ნამდვილად არსებობს და რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო «გულარხეინად» იქნება საქართველოს ხელისუფლება, მით უფრო დამძიმდება და ძნელად გადასაწყვეტი გახდება!
        ტრეტიაკოვ-ახილგოვები ტყუილად როდი ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს - 1999 წლის იანვარში, საქართველოს, ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთ-ერთი ურყევი პირობა სწორედ მესხთა პრობლემის გადაწყვეტა იყო.
        საქართველომ ივალდებულა (არა რუსეთის, არამედ ევროპის წინაშე), რომ 2000 წლამდე მიიღებდა შესაბამის კანონებს, ხოლო 2005 წლამდე დააბრუნებდა მესხეთში რეპრესირებულ ოჯახებსა და მათ შთამომავლებს.
        ჯერჯერობით, ამ თვალსაზრისით არაფერი კეთდება. არადა, დრო იწურება - ევროსაბჭოდან ისეთივე ხმაურით გაგვაძევებენ, როგორი ზარზეიმითაც მიგვიღეს.
        რაც შეეხება რუსეთს - მისი მიზანია დაგვაშინოს გარდაუვალი «გართულებებით» მესხია (XVI-XVII) საუკუნეებში გათურქებულ ქართველთა მესხეთში დაბრუნების შემთხვევაში, რათა აზრადაც აღარ მოგვივიდეს ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანა.
        მეორე მხრივ, თუ დამოუკიდებლობა გვინდა, სირთულეებისაც არ უნდა გვეშინოდეს - სამშობლოში (სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ მესხეთში) მესხთა დაბრუნებისა არ უნდა გვეშინოდეს, თუ შევძლებთ შესაბამისი საერთაშორისო გარანტიების შექმნას.
        მათ შორის უმთავრესი, ისევ და ისევ, «დიდი ნავთობსადენი» და «დიდი გაზსადენია», რომელთაც აუცილებლად სწორედ მესხეთზე უნდა გაიარონ.
        ამასთანავე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს საუბარი საქართველოს «ნეიტრალიტეტის» შესახებ. სამომავლოდ, საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს «ნატოში», რადგან ეს ორგანიზაცია კოლექტიური უსაფრთხოების მტკიცე მექანიზმებს და გარანტიებს ქმნის.

7 დღე, 8 დეკემბერი, 1999 წელი