რუსეთი ენერგოკრიზისით სამხედრო ბაზების საკითხის გადაწყვეტას ცდილობს

რუსეთი ენერგოკრიზისით სამხედრო ბაზების საკითხის გადაწყვეტას ცდილობს

 

        მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება, - საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, - რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდება. საფასურის გადაუხდელობა მხოლოდ საბაბია (უკრაინას ასჯერ მეტი დავალიანება აქვს, მაგრამ საწვავის მიწოდებას არ უწყვეტენ)
        მოსკოვის გააფთრება ამჯერად სამმა მომენტმა განაპირობა. პირველი: არ გამართლდა გენერალ ლებედისა და გენერალ ბორისოვის წინასწარმეტყველებანი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
        მეორე: საქართველომ საბოლოოდ გააპანღურა რუსი მესაზღვრეები და სამართლიანად უთხრა უარი რუსეთს, საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე რუსი მესაზღვრეების განლაგების წინადადებაზე. რუსი მესაზღვრეები ამ მონაკვეთზე იდგნენ 5 წლის განმავლობაში, მაგრამ როდესაც საქართველომ მოსკოვს მიმართა წინადადებით – ეგებ, საპასუხოდ, აფხაზეთის საზღვაო ბლოკადა ერთობლივად განვახორციელოთო, - ერთმნიშვნელოვნად პასუხი მივიღეთ: «თქვენი გულისათვის რუსეთი არ აპირებს აწყენინოს ამაყ და თავისუფლებისმოყვარე აფსუა ხალხს». ჩვენგან კი კატეგორიულად მოითხოვენ: ვალდებული ხართ მიესალმოთ ჩეჩენთა გენოციდს და ყოველნაირად მხარი დაგვიჭიროთო.
        მესამე და ყველაზე მთავარი მიზეზია საქართველოს პრინციპული პოზიცია რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით. 18 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება ეუთოს სამიტი, რომელზედაც რუსეთი შეეცდება მოახდინოს «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე ხელშეკრულების ადაპტირება, ანუ დააკანონოს ჩრდილოეთ კავკასიაში ჯარების კონცენტრაცია.
        სხვათა შორის, რუსეთი ამ ომთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ დასავლეთი დიდხანს არ მოითმენს ხელშეკრულების დარღვევას და ამ თვალსაზრისით, ვადა სულ 1-2 თვე აქვთ, მეორე მხრივ კი, ამ ვადაში ჩეჩენ ხალხთან ომის დამთავრება თითქმის შეუძლებელია – ყოველ შემთხვევაში, ჯარისკაცთა უზარმაზარი მსხვერპლის გარეშე, რაც რუსულ საზოგადოებაში «ვიეტნამის სინდრომის» გაძლიერებას გამოიწვევს;
        საბოლოოდ, პუტინი ვეღარ გახდება პრეზიდენტი და ელცინს ახალი (სხვა) პრეზიდენტი, უეჭველად, დააპატიმრებს «ქვეყნის დაქცევისათვის».
        აქედან გამომდინარე, რუსეთს აუცილებლად სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა, ვინაიდან (აზერბაიჯანთან ერთად) სწორედ საქართველო ესაზღვრება მას ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ სწორედ საქართველოს მიმართ ირღვევა ხელშეკრულება «ფლანგური შეზღუდვების» თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სხვა ქვეყნის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაციის შეზღუდვას.
        გარდა ამისა, თვით საქართველოს ტერიტორიაზეც განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები, რომელთაც არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნიათ – რაკი საქართველოს პარლამენტმა არ მოახდინა შესაბამის ხელშეკრულების რატიფიცირება, ეუთოს სამიტზე საქართველო აპირებს დასვას ამ ბაზების ქვეყნიდან გაყვანის საკითხი.
        როგორც ჩანს, ერთადერთი ალტერნატივა იქნებოდა 18 ნოემბრამდე შეთანხმების მიღწევა, რათა რუსეთმა დაიწყოს ჯარების გაყვანა თბილისიდან და გაუდაუთიდან. რუსეთი ამ წინადადებაზეც არასგზით არ თანხმდებოდა და საკითხს შემდეგნაირად სვამდა: თუ მოითხოვთ ჯარების გაყვანას, მაშინ ჩვენ გავიყვანთ ჯარებს, უპირველეს ყოვლისა, ახალქალაქიდან და ბათუმიდან, სადაც ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
        მაშასადამე, არც ამ საკითხში უნდათ კომპრომისზე წასვლა, რაკი «გრუზინებისადმი» დათმობა და საქართველოდან წასვლა, თურმე ნუ იტყვით, წინასაარჩევნოდ რუსეთში პუტინისა და ელცინის ავტორიტეტს შეარყევს.
        ამრიგად, 18 ნოემბრის სტამბოლის სამიტს საქართველოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან იგი ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, გამოიყენოს საერთაშორისო მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ, - საკუთარი ინტერესების დასაცავად.
        რუსეთს რომ აფხაზეთთან დაკავშირებით პოზიცია იოტისოდენად მაინც შეეცვალა, ეს პრობლემატიკა არ გამწვავდებოდა, მაგრამ რუსეთმა აფხაზეთის დათმობა არ ისურვა.
       

მერიდიანი, 5 ნოემბერი, 1999 წელი