რუსეთი ბაზების გაყვანას არ აპირებს

რუსეთი ბაზების გაყვანას არ აპირებს

        ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, როდესაც საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა, თუ რა პოზიციას დაიკავებს ახალი ხელისუფლება სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში და რამდენად შეძლებს იგი შეცვალოს ის სისტემბეი, რაც ედუარდ შევარდნაძის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. იგულისხმება, მათ შორის, საგარეო-პოლიტიკური ბალანსი და ვითარება საქართველოს სახელმწიფოებრიობის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით. მათ შორის არის, მაგალითად, აფხაზეთში რუსეთის, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო ძალების ყოფნა, ასეთივე ძალების არსებობა ცხინვალის რეგიონში, რაც ბოლო დრომდე ინარჩუნებდა მყიფე (თუმცა, ძნელად ასატან და უსამართლო) მშვიდობას და ასე შემდეგ. აგრეთვე, რუსეთის ბაზების პრობლემა, რომლის თაობაზეც საქართველოში საუბრები 1988 წლიდან (ეროვნული მოძრაობის საწყისიდან) არ წყდება და ამჟამადაც აქტუალურია. უფრო მეტიც, რიგი შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, საკითხი კიდევ უფრო აქტუალური და მტკივნეული გახდება ახლო მომავალში.

        ვითარება კი, თუ ძალიან მოკლედ მიმოვიხილავთ, შემდეგია: 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის ისტორიულ სამიტზე, რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს (!განცხადებას) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფთა შემდგომი ბედის თაობაზე. მოლდოვასაგან განსხვავებით, რომელმაც მაშინ ყველა ბაზის დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა, საქართველო დათანხმდა თავის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისო ფორმირებების დროებით საბაზო განლაგებას, ვადები კი დამატებითი მოლაპარაკების გზით უნდა განსაზღვრულიყო.
                იგულისხმებოდა, რომ ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების ლიკვიდაცია მოხდებოდა2001 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის (უფრო სწორად, მათისაბაზო განლაგების ვადების, რაც ერთი და იგივე არ არის) თაობაზე მხარეები მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
                რეალურად რა მივიღეთ? ვაზიანის ბაზის ლიკვიდაციის შემდეგ, ამ ობიექტზე დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფები გადმოვიდნენ თბილისში და მათ დაერქვათ «შტაბის დაცვა»,ანუ ვაზიანის ნაცვლად რუსეთის ბაზა თბილისის ცენტრში (!), ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე გვაქვს განლაგებული. თბილისის რუსულ გარნიზონში გაერთიანებულია 1500 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი, უახლესი სამხედრო ტექნიკით. მაშასადამე, ამ ბაზას დედაქალაქშივე ნებისმიერი სამხედრო-სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა ძალუძს. საქართველოს ბევრი არაფერი აქვს, რათა ასეთ სამხედრო ძალას რაიმე დაუპირისპიროს.
                გუდაუთის ბაზას მხოლოდ «აბრა შეეცვალა» და რუსი «მშვიდობისმყოფელების» სარეაბილიტაციო ცენტრად გადაკეთდა, რაც, ფაქტობრივად, იგივეა. მისი გაყვანა მიჭდროდ დაუკავშირდა ენგურის აუზიდან სამშვიდობო ძალების გაყვანას.
                რაც შეეხება ბათუმისა და გუდაუთის ბაზებს, ამ საკითხზე უკვე 4 წელია მიმდინარეობს სრულიად ფუჭი «წყლის ნაყვა». რუსეთი მათ გასაყვანად 9 წელს მოითხოვს, ხოლო საქართველო 3 წელიწადზეა მხოლოდ თანახმა. რეალურად, ბაზები საქართველოში რჩება და მათი სტატუსი არ იცვლება.ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთისა და ამერიკის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი დიდად არ შეცვლილა.
                როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, ერთხმად აცხადებენ, რომ ბაზებს ბათუმიდან და ახალქალაქიდან არ გაიყვანენ. თბილისიდან შეიძლება გაიტანონ შტაბი, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ საქართვლეოსათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეწყვეტის ფასად. ბათუმსა და ახალქალაქში კი ადგილობრივი ელიტა მხარს უჭერს ბაზების შენარჩუნებას. იქ არა მხოლოდ მომსახურე პერსონალია ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი, არამედ თვით სამხედრო მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილიც. სინამდვილეში, საქართველოს ერთადერთი კოზირი საერთაშორისო მხარდაჭერის მისაღებად ის გახლდათ, რომ ვიდრე სტამბულის მემორანდუმი არ შესრულდებოდა, დასავლეთი (ეუთოს წევრი ქვეყნები) უარს აცხადებენ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე ადაპტირებული ხელშეკრულების» რატიფიცირებაზე, რაც რუსეთს საშუალებას არ აძლევს, დაბლოკოს ბალტიის ქვეყნებში ნატოს ჩვეულებრივი შეიარაღების და ქვედანაყოფების შეყვანა.
                მაგრამ ეს არ გახლავთ ის ფასი, რასაც რუსეთი გადაიხდიდა საქართველოდან (მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საშიში რეგიონიდან) ჯარების სამუდამოდ გასაყვანად. მართალია, ამერიკა ამისათვის რუსეთს აკრიტიკებს, რამსფელდმაც მოითხოვა ჯარების გაყვანა, მაასტრიხტში პაუელმაც «შეუტია» ივანოვს, მაგრამ ამგვარი საკამათო საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უამრავია. ამდენად, სულაც არ არის აპრიორი დადასტურებული, რომ ვაშინგტონი, ცარიელი რიტორიკის გარდა, რაიმექმედით ღონისძიებას მიმართავს რუსეთზე ზემოქმედებისთვის, რათა აიძულოს იგი, გაიყვანოს ჯარები ბათუმიდან და ახალქალაქიდან.
                ამრიგად, უახლოეს მომავალში არანაირი პერსპექტივა ამ ბაზების გატანისა არ არსბეობს, ხოლო ახალ ხელისუფლებას შეუძლებელს ნურავინ მოსთხოვს.

დილის გაზეთი, 6 დეკემბერი, 2003 წელი