რუსეთი ბაზების გატანას არ ჩქარობს

რუსეთი ბაზების გატანას არ ჩქარობს

        დღეს მოსკოვში იწყება მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. იგი გეგმავს შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან და ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვთან. როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკება 1999 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსეთმა და საქართველომ სტამბოლის ისტორიულ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას ბაზების თაობაზე.
        2001 წლის ზაფხულში რუსეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა ვაზიანის ბაზა და სამხედრო აეროდრომი, მაგრამ გუდაუთაში, ახალქალაქსა და ბათუმში არსებული კონტინგენტის პრობლემა ჯერაც გადაუწყვეტელია. გუდაუთის ბაზა ფორმალურად გაუქმებულია, მაგრამ რეალურად იქ იმყოფება სამშვიდობო ძალთა ბატალიონი, ანუ რუსეთი ცდილობს, გუდაუთის ბაზას მხოლოდ აბრა შეუცვალოს, რეალურად კი, აფხაზეთში სამხედრო ყოფნა შეინარჩუნოს. ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებმა ათიათასობით ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა, რაც ობიექტურად შექმნის პრობლემებს მათ გაყვანასთან დაკავშირებით. ირაკლი მენაღარიშვილი მოსკოვში მოლაპარაკებებისას კვლავ მოითხოვს გუდაუთის ბაზაზე საერთაშორისო ინსპექციის ჩატარებას, რასაც ბოლო დრომდე აფხაზური და რუსული მხარეები არ თანხმდებოდნენ. თუმცა, ეს მათთვის მიანც ნაკლები პრობლემაა, ვინაიდან რუს მშვიდობისმყოფელთა აფხაზეთში დარჩენის შემთხვევაში, გუდაუთის ბაზის კონტროლი მათ განაღდებული აქვთ. აქვე უნდა ითქვას, ეს მაინც ნაკლები ბოროტებაა იმასთან შედარებით, თუ გუდაუთის ბაზასა და სამხედრო აეროდრომს თვით სეპარატისტები და მათი შეიარაღებული ფორმირებები დაეპატრონებოდნენ. ამრიგად, ილია კლებანოვი შეიძლება წამოვიდეს კიდეც ამ დათმობაზე და თანხმობა განაცხადოს გუდაუთაში სამხედრო ინსპექციის ჩატარებაზე ნატოს წევრი ქვეყნის დამკვირვებელთა მონაწილეობით, ვინაიდან ეს მაინც ტაქტიკური კომპრომისი იქნება.
        რაც შეეხება სტრატეგიულ საკითხებს, საეჭვოა, მოსკოვმა დათმოს მთავარი რუსეთის ხელისუფლება კვლავინდებურად მოითხოვს 11 წელიწადს ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გასატანად, ხოლო ოფიციალური თბილისი მხოლოდ სამ წელიწადზე თანხმდება. აღსანიშნავია, რომ დისკუისა იმის თაობაზე, თუ რამდენ წელიწადში უნდა გავიდნენ რუსი სამხედროები ჩვენი ქვეყნიდან, უკვე იმაზე მეტხანს გრძელდება, რამდენსაც თბილისი მოითხოვს ბაზების გასატანად. არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისათვის, რათა მოსკოვის რაუნდზე რუსებმა პოზიცია შეარბილონ. მათ შესანიშნავად იციან: საქართველო ვერც 9 და ვერც 11 წელიწადს ვერ დაეთანხმება, რადგან დამოუკიდებელ სახელმწიფოში ამდენი ხნით უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგება სუვერენიტეტის შელახვა იქნებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით კი, ეს არაბუნებრივი ვადაა, ახალქალაქისა და ბათუმის, მით უმეტეს, გუდაუთის ბაზის საბოლოო ლიკვიდაციას, მაქსიმუმ, ერთი წელიც ეყოფა. რუსეთს, უბრალოდ, არ სურს საქართვლეოდან (სამხრეთ კავკასიის საკვანძო ქვეყნიდან) სამუდამოდ წასვლა.
        11 და 9-წლიანი ვადა გულისხმობს ამ ხნის განმალვობაში ისეთი პროვოკაციების მოწყობას, როდესაც საქართველოს სრული ქაოსი და განუკითხაობა მოიცავს და აღარ იარსებებს ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე საკითხების დასმა თუ გამწვავება შეეძლება.
        ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს რუსები თუნდაც 11 წლის შემდეგ წავლენ სამხრეთ საქართველოს რეგიონებიდან. როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი უეჭველად გამოიყენებენ აფხაზურ ვარიანტს, ანუ მშიდობიანი მოსახლეობა გადაეღობება წასასვლელად გამზადებულ კოლონებს და ცოცხალი თავით არ გაუშვებს. გარდა აფხაზურისა, რჩება კიდევ დნესტრისპირული ვარიანტი, როცა ბაზის გატანა მხოლოდ სამხედრო შენაერთის დროშისა და შტაბის დოკუმენტაციის სიმბოლურ გატანას ნიშნავს, რაკი ეს შენაერთი მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული.
        ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ არ წარმოიშვა ასეთივე პრობლემა სხვა პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რუსეთმა სწორედ იმ რესპუბლიკებში შეძლო სამხედრო ყოფნის შენარჩუნება, სადაც შიდა პოლიტიკური სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახერხა. ტაჯიკეთი და საქართველო ამ ტექნოლოგიის ბრწყინვალედ განხორციელების მაგალითია. ანუ, როდესაც უკრაინამ, უზბეკეთმა, ესტონეთმა თუ თურქმენეთმა ეს პრობლემა გადაწყვიტეს და რუსეთის ჯარიქვეყნიდან გაიყვანეს, მაშინ საქართვლეოში დაპირისპირებული მხარეები, ერთმანეთის შიშითა და ეჭვით, რუსის ჯართან ურთიერთობის გამწვავებას ერიდებოდნენ – ვაითუ მოწინააღმდეგეს დაეხმაროსო. არადა, იგი ორივეს ეხმარებოდა სამოქალაქო დაპირისპირების კიდევ უფრო გასამძაფრებლად.
        ისიც საკითხავია, რამდენისამხედრო ობიექტი აქვს რუსეთს საქართვლეოში. რატომღაც მიჩნეულია, თითქოს ეს ნუსხა, მხოლდ ახალქალაქის, ბათუმის, გუდაუთის ბაზებითა და თბილისის ცენტრში მდებარე დაჯგუფების შტაბით აომიწურება. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩვენს ქვეყანაში ორმოცი სხვადასხვა მნიშვნელობის სამხედრო ობიექტი აქვს და თითოეული მათგანის გამოყენება შეუძლია პროვოკაციისთვის. ისევე, როგორც სამხედრო ექსპერტების აზრით, სანამ აზერბაიჯანში შენარჩუნებულია გაბალის რადიოსალოკაციო სადგური და 100-მდე რუსი ჯარისკაცი, აზერბაიჯანში რუსეთის სამხედრო ყოფნა დასრულებული არ არის.

დილის გაზეთი, 19 თებერვალი, 2003 წელი