რუსეთზე ორიენტირებულ სამღვდელოებას რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლა არ უნდა

რუსეთზე ორიენტირებულ სამღვდელოებას რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლა არ უნდა

 

        საქართველოში ვატიკანის ელჩმა გამოაცხადა, რომ 7-9 ნოემბერს ჩვენს ქვეყანას ეწვევა პაპი, იოანე პავლე II. უცნაურია, მაგრამ ამის თაობაზე სწორედ პაპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და არა საქართველოს ხელისუფლებამ.
        ყოველ შემთხვევაში, ნუნციუსის განცხადება წინ უსწრებდა ოფიციოზის ცნობას. იმთავითვე ცხადია, რომ აქ უკვე «რაღაც უბედურება ტრიალებს» ჩვენს თავს: ნებისმიერ ქვეყანაში, რომის პაპის ვიზიტის შესახებ ცნობას სწორედ ხელისუფლება აკეთებს.
        საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობდა, ამიტომ ვატიკანი იძულებული გახდა, პირველად მას გამოექვეყნებინა ინფორმაცია. ბუნებრივია, რომის პაპის თითოეული ნაბიჯი არათუ თვეების, წლების განმავლობაშია გათვლილი. ამიტომ ნებისმიერი ცვლილება ძალზე სერიოზული მოვლენაა.
        ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ იგი წინააღმდეგია რიყეზე კათოლიკური მესის ჩატარებისა - აქაოდა, კათოლიკური მრევლი კათოლიკურ ეკლესიაშიც დაეტევაო. თუ ამდენად მცირერიცხოვანია, მაშინ რა გაღელვებთ?
        თუმცა აქ, ისევ და ისევ, ჩვენს მთავარ უბედურებასთან გვაქვს საქმე – საქართველოს საპატრიარქო წინააღმდეგია რომის პაპის ვიზიტისა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, აშკარად ქმნის ისეთ ფონს, რომ ეს ვიზიტი ან საერთოდ არ შედგეს, ან სამარცხვინო ექსცესით აღინიშნოს. დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანაში, განურჩევლად მოსახლეობის კონფესიური მრწამსისა, რომის პაპს არ დახვედრიან სხვაგვარად, თუ არა მოწიწებითა და სიხარულით. ვაითუ საქართველო აღმოჩნდეს ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას შეიძლება მიტინგები და საპროტესტო მანიფესტაციები მოუწყონ რელიგიური მოტივით. რელიგიური ისტერიის გაღვივებას კი, სწორედ საპატრიარქო უწყობს ხელს.
        ამ ხალხს, როგორც სჩანს, არ ესმის, რა მნიშვნელობა აქვს რომის პაპის ვიზიტს საქართველოში სწორედ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით (კულტურულ ასპექტზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ); რომის პაპი, პირველად ქრისტეს შობიდან, ეწვევა მხოლოდ საქართველოს და არა სომხეთს, რომელიც მაცხოვრის ტაძრის მესამედს ფლობს!
        იოანე პავლე მეორე რომ მხოლოდ რელიგიური მოღვაწე იყოს – იგი, უპირველეს ყოვლისა, სომხეთს ეწვეოდა, მაგრამ საქმეც სწორედ მისი პოლიტიკური ანგაჟირებულობა გახლავთ, - რომის პაპი ჩამოდის მხოლოდ საქართველოში და ეს უეჭველად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ორიენტაციის მხარდაჭერად.
        ამგვარი რამ შემთხვევით არ ხდება; საქართველო პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს ატარებს ხოლო იოანე პავლე მეორე (ეროვნებით პოლონელი, - ევროპაში ანტიმოსკოვური პოლიტიკის ერთ-ერთი მებაირახტრეა) ამ კურსის მხარდაჭერას ცილობს, - თუ, რასაკვირველია, ჩვენი «პროდასავლური» ქვეყნის «პრორუსული» სულიერი მამები დააცლიან.

7 დღე, 8 ოქტომბერი, 1999 წელი