რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «ჭეშმარიტების მომენტი» დგება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «ჭეშმარიტების მომენტი» დგება

        ხვალ თბილისში იწყება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანისა და ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ სამხედრო თემატიკის განხილვას წინ უძღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომა. კომისიას რუსეთის მრიდან ხელმძღვანელობს მთავრობის ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი, რომელიც, როგორც ცნობიოლია, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კურირებს რუსეთის მთავრობაში, ანუ ეს ორი თემატიკა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
        რუსეთი კვლავინდებურად არ ჩქარობს «სავიზო რეჟიმის» რეალურად შემოღებას, ოღონდ არა იმის გამო, რომ რუსული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა თხვონამ აუჩუყა გული («ისტორიულად მეგობარ საქართველოსთან სავიზო ბარიერს ნუ აგვიგებთო»), არამედ სულ სხვა მიზეზით: საქართველო არასდროს შეურიგდება და დაეთანხმება შერბილებულ რეჟიმს აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან», რაც სეპარატისტთა რეჟიმის იზოლირებას გამოიწვევს, ან რუსეთი იძულებული გახდება უხეშად დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი, რაც მისთვის საკმაოდ საშიშ პრეცედენტს შექმნის არა იმდენად საქართველოს, რამდენადაც სხვა მეზობელი ქვეყნების მხრიდან ანალოგიური ქმედებისათვის.
        რაც შეეხება «ეკონომიკურ თანამშრომლობას» - არანაირი «კონსტრუქციულობა» აქ მოსალოდნელი არ არის. «სავიზო რეჟიმის» ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ხომ ეკონომიკური ბლოკადა იქნებოდა. თუმცა, რუსეთი სხვა ბარიერების აღმართვასაც არ ერიდება.
        თუ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (აეს-ის ფულით) შეძლებს ელექტროენერგიის შესყიდვას და რუსეთი ამ კონტრაქტს არ გააუქმებს, ამასაც პრაგმატული მიზეზი ექნება: საპასუხოდ საქართველოც შემოიღებს «შეზღუდვებს» სომხეთისათვის. ეს ქვეყანა კი რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა კავკასიაში.
        ქართული მხარე ხვალ საბჭოთა კავშირის აქტივების კუთვნილი წილის პრობლემას წამოსწევს უმთავრესად მხოლოდ იმ მიზნით, რათა რუსეთისადმი 180 მილიონი დოლარის დავალიანების «გაბათილებას» მიაღწიოს.
        ეს სერიოზული შეღავათია 2001 წლის ბიუჯეტისთვის, მაგრამ დამკვირვებელთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერჯერობით მოსკოვი ამაზე «არ წამოვა», რაიმეს მიღწევა ამ თვალსაზრისით მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი მოქმედების შედეგად იქნება შესაძლებელი.
        როგორც ცნობილია, უკრაინა რუსეთს ანალოგიურ პრეტენზიას უყენებს იმავე მიზნით – რათა რუსეთისადმი 4 მილიარდი დოლარის ვალის ჩამოწერას მიაღწიოს.
        ერთადერთი რეალური ბერკეტი, ამ თვალსაზრისით, რუსეთის ხელში ექსპორტის შეზღუდვაა, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს თითქმის შეუძლებელია. «ზოგი ჭირი მარგებელია» და რუსეთი ნამდვილად ვერ შეძლებს როკის გვირაბის ჩაკეტვას საექსპორტო საქონლისათვის. მთელი ეს «ნოხისქვეშა» ბრძოლა სინამდვილეში იმ მიზანს ისახავს, რომ აიძულოს საქართველოს ხელისუფლება პოზიცია შეარბილოს «ბაზების» საკითხში. ოღონდ ისე, რომ რუსეთმა თავის მხრივ აფხაზ სეპარატისტებს არ აწყენინოს.
        ამჟამად მოსკოვი შემდეგ კომპრომისს გვთავაზობს: შევთანხმდეთ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე «დროებით» (25 წლით) განლაგების თაობაზე. სამაგიეროდ, რუსეთს მთლიანად გაჰყავს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ცოცხალი ძალა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ოღონდ ინარჩუნებს კონტროლს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ხოლო გუდაუთის სამხედრო ბაზა გადაკეთდება სამშვიდობო ძალების ბაზად.
        როგორი კომპრომისია?
        სანაცვლოდ საქართველო რუსეთს სთავაზობს გუდაუთის ბაზის ზოგიერთი ელემენტის (და არა მთელი ბაზის) გადაცემას, ეგრეთ წოდებული «მშვიდობისმყოფელებისათვის» იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება სამშვიდობო მისიის შესასრულებლად.
        იგულისხმება, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანა გუდაუთის სამხედრო ბაზის სრულ გაუქმებას უნდა ნიშნავდეს.
        გარდა ამისა, თბილისი მოითხოვს ვაზიანის ბაზის საბოლოო ლიკვიდაციას და აეროდრომის გადმოცემას, ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გატანას 2003 წლის ბოლომდე ისევ და ისევ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს სეპარატისტთა მხარდაჭერას.
        კომპრომისი აქ შეუძლებელია, ეს არა კომპრომისი, არამედ ქართული მხარის კაპიტულაცია იქნებოდა.

დილის გაზეთი, 18 ოქტომბერი, 2000 წელი