რუსებმა ელდარ შენგელაიაც კი გადაიმტერეს

რუსებმა ელდარ შენგელაიაც კი გადაიმტერეს

    დღევანდელი რუსეთის სიტუტუცეს, როგორც ჩანს, საზღვარი არა აქვს. ამ ქვეყანას განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა ყველაზე ერთგული მომხრეების მომდურებისა. ბოლო წლების განმავლობაში ელდარ შენგელაია მტკიცედ ილაშქრებდა რუსეთოფობიის (რუსოფობიაზე აღარაფერს ვამბობ) ყოველგვარი გამოვლენის წინააღმდეგ. როდესაც, მაგალითად, პარლამენტმა მიიღო ცნობილი დადგენილება (კონცეფცია) რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, ელდარ შენგელაია ამ დოკუმენტის ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო და ამ ნიადაგზე კინაღამ პარლამენტის თავმჯდომარესაც კი დაუპირისპირდა.
    ზოგადად, 1989 წლიდანვე, ელდარ შენგელაია და ქართული კინოელიტა მრავალჯერ გამოაცხადეს «რუსეთის აგენტებად» და «ქართველგვაროვან რუსებადაც» კი - აქაოდა. რუსეთთან შერიგების მომხრეაო. შენგელაიას რეგულარული მარშრუტი თბილისი-მოსკოვი-პეტერბურგი-თბილისი მიზნად ისახავდა რუსეთში პროქართული ლობის შექმნას და საქართველოს პრობლემების გადაწყვეტას რუსეთის მეშვეობით. ამ თვალსაზრისით, შენგელაია და ღოღობერიძე უფრო რაციონალურები ჩანან, ვიდრე ვახტანგ გოგუაძე, რომლის უსაგნო «პრორუსულობა» უკვე ანეკდოტების თემა ხდება.
    მიუხედავად ამისა, რუსეთის პოლიტიკამ ელდარ შენგელაიასდარი «რუსოფილებიც» კი მოთმინებიდან გამოიყვანა. ის ხალხი, ვინც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ებრძოდა «რუსეთისადმი პროვოკაციულ-კონფრონტაციული პოლიტიკის გამო» (თედო პაატაშვილის შეფასებით). დღეს ხვდება, რომ ის საცოდავი პირველი პრეზიდენტი ბევრ რამეში მართალი იყო.
    წარმოუდგენელია ისეთი სიტუტუცე, რასაც ამჟამად მოსკოვი ამჟღავნებს ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებთან» დამოკიდებულებაში - მისი პოლიტიკა პირდაპირ მიმართულია რუსეთის კეთილისმსურველთა და მომხრეთა დისკრედიტაციისაკენ. ამ თვალსაზრისით, რუსეთს საქართველოში მართლაც საკმაოდ მძლავრი «მეხუთე კოლონა» ჰყავდა, ანუ ისეთი პოლიტიკურ-სოციალური ფენა, რომელიც თანახმა იყო და საზოგადოებასაც მოუწოდებდა რუსეთის ინტერესთა გათვალისწინებისაკენ, რუსეთთან შერიგებისაკენ, რეალობათა აღიარებისაკენ. . . . ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვდა, რუსეთს მცირედ მაინც გაეთვალისწინებინა საქართველოს ინტერესები, თავის მხრივ გამოემჟღავნებინა კეთილი ნება, ხელი აეღო საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობაზე და ა.შ.
    მაგრამ შენც არ მომიკვდე! მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ ბაზების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა, რუსეთს ნება დართო გაეკონტროლებინა მდინარეების ენგურისა და ლიახვის აუზები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეიყვანა ქვეყანა და ისიც აგრძნობინა: სხვა ყველანაირ დათმობაზე მზად ვარ, ოღონდ აფხაზეთში ლტოლვილები დამაბრუნებინეო, რუსეთმა ყურიც არ შეიბერტყა.
    მიუხედავად ამ დათმობებისა, მან არათუ «სამხრეთ ოსეთსა» და აფხაზეთში, არამედ უკვე სამეგრელოსა და აჭარაშიც კი დაიწყო წყლის ამღვრევა.
    ხოლო როცა დარწმუნდა, 1991 წლის შემოდგომის მაგვარ ფართომასშტაბიან პროვოკაციას ვეღარ გაიმეორებდა («მასათა მძვინვარების» მეთოდით ვეღარ მოახერხებდა დესტაბილიზაციას საქართველოში), აშკარა ნადირობა გამოაცხადა პრეზიდენტზე და ორჯერ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა.
    ელდარ შენგელაიაც კი ხვდება, რომ რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მარტო პოლიტიკური კურსის შეცვლა როდია. ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ რუსეთი აშკარად ისახავს მიზნად საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის გაჩაღებას, ქვეყნის გადასროლას სისხლიანი ქაოსის მორევში; მოსკოვს აზრადაც არ მოსდის «ლოიალური ხელისუფლების» მოყვანა ქვეყნის სათავეში - იგი მხოლოდ ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რათა გოგუაძის მაგვარი გულუბრყვილო ხალხი მოატყუოს.
    სინამდვილეში, მოსკოვს «კომპრომისი» (თუნდაც პრორუსულ ხელისუფლებასთან) აღარც სურს. მისი მიზანია კავკასიაში არასტაბილურობის, სისხლიანი ქაოსის, პერმანენტული ომების სარტყელი შექმნას და თუ აფხაზეთიდან ან «სამხრეთ ოსეთიდან» ამ მიზნით ჯარი არ გაჰყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება სხვა ქვეყნებს მიმართოს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების მოთხოვნით და მიიღოს კიდეც ეს დახმარება.
    რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანმა აბდურასულოვმა ტუტუცურად განაცხადა: რუსეთი სულაც არ აპირებს ესენგეს ინტეგრაცია ეკონომიკური ან პოლიტიკური დათმობების ხარჯზე განახორციელოსო.
    მაშასადამე, რუსეთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ თავად არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდნენ მეზობლების მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელნი მუხლებზე უნდა დაეცნენ და შენდობა ითხოვონ.
    სწორედ ამ კონცეფციის შესაბამისად ცდილობს რუსული სპეცსამსახური შევარდნაძისა და ალიევის ფიზიკურ ლიკვიდაციას, «ლიბერალი» ტერპეტროსიანის მიმხრობას, ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში სამოქალაქო ომების გაჩაღებას. . . . . . . .
    ზოგიერთი თვლის - რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურსო. საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ რუსეთს ესეც კი აღარ უნდა. მისი მიზანია «ლიბერალური იმპერიის» შექმნა, რომელშიც შეუზღუდავი მპყრობელი იქნება და თვითონ განსაზღვრავს ამა თუ იმ ხალხის სიცოცხლის უფლებას.
    ელდარ შენგელაია ამას გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა.

მერიდიანი, 4 მარტი, 1998 წ.