რუსები საქართველოდან წასვლას არ აპირებენ

რუსები საქართველოდან წასვლას არ აპირებენ

        დღეს თბილისში ჩამოდის რუსეთის გენერალური შტაბისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაცია, რომელიც, ქართულ მხარესთან ერთად, დაიწყებს ერთობლივ გამოძიებას 23 აგვისტოს დაბომბვებთან დაკავშირებით.
        რასაკვირველია, ეს «ერთობლივი გამოძიება» არავითარ შედეგს არ გამოიღებს, ვინაიდან მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს დაბომბვაში მონაწილეობას. თბილისს კი არანაირი საშუალება არა აქვს, საწინააღმდეგო დაამტკიცოს.
        საერთოდ, ეს ვიზიტი წმინდა დემონსტრაციული ხასიათისაა – რუსებს დასავლეთი «მიაწვა» დაბომბვებთან დაკავშირებით და თბილისში ჩამოსვლით სურთ იმის დემონსტრირება, თითქოს, «დიალოგისთვის მზად არიან». სინამდვილეში კი, რუს გენერლებს ჭირის დღესავით არ უნდოდათ ამჟამად საქართველოში ჩამოსვლა – ყოველ შემთხვევშაი, ვიზიტით და არა ტანკებზე ამხედრებულებს.
        ამასობაში კი გადასაწყვეტია რუსეთთან «სამხედრო ურთიერთობის» ისეთი კარდინალური საკითხი, როგორიც არის ბაზების ლიკვიდაცია, ანუ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო დაჯგუფებათა გაყვანა. თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ რუსებს თბილისშიც რჩებათ საკმაოდ სერიოზული დაჯგუფება («შტაბის დაცვის» სახით), ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში. მათი გაყვანა უშუალოდ უკავშირდება ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების საკითხის გადაწყვეტას. 1999 წელს სტამბოლის სამიტზე საქართველომ და რუსეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, თბილისისა და გუდაუთის ბაზები 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა გაუქმებულიყო, ხოლო ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო დაჯგუფებათა საბაზრო დისლოცირების ვადების თაობაზე მხარეებს 2001 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოელაპარაკათ.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მაშინ (1999 წლის ნოემბერში, როცა მოსკოვში ხელისუფლება იცვლებოდა) საქართველოს მმართველი გუნდი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, ვინაიდან საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არსებობდა იმის იმედი, თითქოს ელცინისგან განსხვავებით, პუტინი რაღაცას ჩვენდა სასიკეთოდ შეცვლიდა აფხაზეთში.
        დღეს ნათელია, რომ ესეც ილუზია იყო (ისევე, როგორც თავის დროზე ელცინთან დაკავშირებით), მაგრამ მასში მეტისმეტად ხისტი პოზიცია და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნა (თუნდაც, ეუთოს მხარდაჭერის იმედით) მხოლოდ გაართულებდა ვითარებას და რეალურ შედეგს არ გამოიღებდა. ამ ფორმატში, ალბათ, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გადმოცემასაც ვერ მივაღწევდით.
        მეორე მხრივ, სტამბოლის ხელშეკრულება ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. კერძოდ, რას ნიშნავს «საბაზო განლაგების ვადის განსაზღვრა?»
        ქართულ მხარეს ეს ისე ესმის, რომ რუსეთთან უნდა მოილაპარაკოს «გაყვანის ვადებზე», მაგრამ მოსკოვი სხვაგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. საბაზო ფუნქციონირების რეჟიმი და «გაყვანის რეჟიმი» ერთი და იგივე არ არის. მაშასადამე, მოსკოვი გვთავზაობს, ჯერ მოვილაპარაკოთ საბაზო განლაგების ვადებზე (იმავე სტამბოლის ხელშეკრულების შესაბამისად), ხოლო «გაყვანის ვადებზე» ვილაპარაკოთ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ, ჯერ რუსეთის ბაზები დაკანონდეს 6 ან 7 წლით, ხოლო შემდეგ დაივწყოთ მოლაპარაკება, თუ რამდენ ხანში უნდა გაიყვანოს რუსეთმა ამ ბაზებიდან სამხედრო კონტინგენტი.
        ეს ორი სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციაა. ამდენად, არც არის გასაკვირი, თუ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. მხარეები პოზიციებს არ თმობენ: საქართველო ჯარების სამ წელიწადში გაყვანას მოითხოვს, ხოლო რუსეთს საამისოდ 14 წელი მიაჩნია აუცილებლად.
        რასაკვირველია, მიზეზი ის არის, რომ რუსეთს (სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით) საქართველოდან წასვლა არ სურს, ჩვენ კი ნამდვილად არ შეგვიძლია ვაიძულოთ. უკიდურეს შემთხვევაში, რუსული გენერალიტეტი რეგიონული ელიტების დაინტერესებას გამოიყენებს.
        გარდა ამისა, მოსკოვი ნათლად ხედავს, რომ საქართვლეოში ამ საიკთხზე არ არსებობს აზრთა ერთიანობა და რა მოხდება 2003 წლის საპარლამენტო ან 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, არავინ იცის.

დილის გაზეთი, 5 სექტემბერი, 2002 წელი