რუსები და ჩეჩნები საქართველოში შემოჭრას გეგმავენ?

რუსები და ჩეჩნები საქართველოში შემოჭრას გეგმავენ?

        სახელმწიფო მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ პარლამენტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვითარება პანკისის ხეობაში დღითი დღე იძაბება. გია არსენიშვილმა თავისი პროგრამული გამოსვლის დიდი ნაწილი მიუძღვნა იმის მტკიცებას, რომ «ამჟამად ხეობაში არსებული მდგომარეობა აფხაზეთის ომის წინა პერიოდს მოგვაგონებს».
        მართლაც, პანკისის ხეობაში თანდათანობით განუკითხაობის ატმოსფერო მკვიდრდება. საქართველოს იურისდიქცია ისედაც ძალზე სუსტი იყო ამ რეგიონში, ჩეჩნეთის ომის დაწყებიდან კი იგი საერთოდ ნულზე დავიდა.
        უკვე არაერთგზის ითქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «აფეთქების» დეტონატორი შეიძლება სწორედ პანკისი გახდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საერთო პოლიტიკურ (და გეოპოლიტიკურ) კონტექსტს, აგრეთვე ვითარებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის, შატილში, სადაც რუსებმა სოფელ ფიჭუნის მიდამოები და თვით სოფელი დაიკავეს. რუსეთის სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სოფელი ფიჭუნი, საბჭოთა ეპოქის ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, «რუსეთის ფედერაციის» შემადგენლობაში შემავალ «ჩეჩნეთის რესპუბლიკას» ეკუთვნის. იგულისხმება, რასაკვირველია, რუსეთის (რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის) ადმინისტრაციული საზღვრები. სანამ რუსეთ-საქართველოს საზღვარს ამ მონაკვეთზე ჩრდილოეთიდან ჩეჩნები აკონტროლებდნენ, არანაირი პრობლემა ფიჭუნის ქართულ მოსახლეობას არ ჰქონია, ვინაიდან, ჩეჩნები (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას - ავტ.) მოქმედებდნენ საუკუნეობით ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად – როდესაც ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საზღვარი ფაქტობრივად (და არც დოკუმენტურად) არ არსებობდა.
        ოღონდ, უდიდესი გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, თითქოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ფიჭუნი (შატილთან ანუ პირიქითა ხევსურეთში) დაიკავეს ამ სოფლის «სტრატეგიული მნიშვნელობის» გამო – სინამდვილეში მათ სჭირდებათ გამაღიზიანებელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რათა საჭიროების შემთხვევაში ეს «გამაღიზიანებელი» პროვოკაციისთვის გამოიყენონ.
        კრემლის ანალიტიკურ ლაბორატორიებში (ანუ უშიშროების საბჭოში), სადაც ეს აქცია დაიგეგმა, ძალიან ზუსტად გათვალეს, რომ ამას მოჰყვებოდა შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება თბილისში.
        მოვლენები მართლაც «დომინოს პრინციპით» განვითარდა: საქართველოს მასმედიამ განგაში ატეხა «ქართული მიწა-წყლის» მიტაცების გამო, შეიკრიბა კომისია, მოიწვიეს მესაზღვრეები, ხოლო საქართველოს ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ «ეუთოს დამკვირვებლებმა» საკამათო მონაკვეთი მოინახულეს «დელიმიტაციის კომისიის» დამკვირვებლებთან ერთად, რასაც უმალვე მოჰყვა საქართველოში ეუთოს მისიის გააფთრებული რეაქცია.
        მისიამ პროტესტი განუცხადა საქართველოს ტელევიზიას და «შეახსენა», რომ «ეუთოს დამკვირვებლები მოქმედებენ მკაცრად განსაზღვრული მანდატის შესაბამისად, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს დელიმიტაციის საკითხებში ჩარევას. ანუ «ტყუილად ცდილობთ ქართველები, ეუთო რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ».
        რასაკვირველია, «საქართველოს გულისთვის» რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება ვენაში სულაც არ ეპიტნავებათ. ნიშანდობლივია, რომ ეუთოს გენერალური მდივანი იან კოვაჩი, თბილისში ყოფნისას, შეხვდა საქართველოში რუსეთის ელჩს!!!
        ეს უდიდესი შეურაცხყოფაა ქვეყნისათვის, ვინაიდან ნიშნავს, რომ ვენაში საქართველო რუსეთის კოლონიად თუ არა, ყოვლად უღიმღამო სატელიტად მიაჩნიათ.
        ასეთი დამოკიდებულება პირდაპირი შედეგია იმისა, რომ «დამოუკიდებლობის» მეათე წლისთავზე, საქართველოს კვლავ რუსეთის სამხედრო ძალა აკონტროლებს სტრატეგიული თვალსაზრისით. და სანამ რუსეთის სამხედრო ბაზები დარჩება საქართველოში – მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რათა ყველა სერიოზულ საკითხზე დასავლეთი მოლაპარაკებას მოსკოვთან გამართავს და არა თბილისთან.
        საქართველოს უმწეობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ ეუთოს გენერალური მდივნის რუსეთის ელჩთან შეხვედრისთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგი პანღურით არ გააძევა ქვეყნის ტერიტორიიდან. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა სწორედ ასე მოიქცეოდა.
        რაც შეეხება სოფელ ფიჭუნს – მას მხოლოდ იმდენად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის, რამდენადაც შეიძლება გამოდგეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «კაზუს ბელიდ», ანუ ომის საბაბად;
        ამიტომ, რუსეთის სპეცსამსახურები კიდეც დააფინანსებენ იმ ხალხს, ვინც თბილისში ისტერიკას ატეხს და ხელისუფლებას დაადანაშაულებს «მიწების გაყიდვაში»
        რაც უფრო მეტი გნიასი ატყდება ფიჭუნის გამო საქართველოს პარლამენტში და ოპოზიციის წრეებში – მით უკეთესი რუსეთისათვის.
        არადა, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ის შეესაბამება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჩეჩნეთის მონაკვეთზე.
        რუსეთს კი ეს არ სურს, ვინაიდან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების (ანუ სახელმწიფო საზღვრის დადგენის) შემთხვევაში, საზღვარზე პროვოკაციების საშუალება მოესპობა და აღარ ექნებათ შესაძლებლობა (ვთქვათ) იმავე სოფელ ფიჭუნის ან სხვა ანალოგიური პრობლემა ანტიქართული პროვოკაციების პროპაგანდისტული დივერსიების და საბოლოოდ, შეიარაღებული აქციებისათვის გამოიყენოს.
        ამიტომ, ის ვითომ «პატრიოტები», რომლებიც პირზე დუჟმორეულნი მოითხოვენ ხელისუფლებისგან «არც ერთი გოჯი მიწა არ დაუთმონ მტერს», სინამდვილეში რუსეთისთვის სასურველ საქმეს აკეთებენ.
        რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე უფრო მეტად საქართველოს რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის დადგენა სჭირდება. სწორედ ამიტომ, როგორც კი «დელიმიტაციის თაობაზე» შექმნილი ორმხრივი კომისია საბოლოო შედეგს მიუახლოვდა – რუსეთმა მოაწყო «ფიჭუნის» პროვოკაცია, რათა ქართული მხარის მიზეზითვე მაქსიმალურად გააჭინაუროს მოლაპარაკება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ და თვითონ «მხრები აიჩეჩოს»: აბა, ჩვენ რა შუაში ვართ – საქართველო «აქეთ» გვიყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს მაშინ, როდესაც სოფელი ფიჭუნი საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველა რუკაზე რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ საზღვრებს განეკუთვნებოდა.
        შესაძლოა, ეს მართლაც ასეა – შესაძლოა ასე არ არის, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ რუსეთს სურდა და სურს მაქსიმალურად გააჭიანუროს საზღვრის დადგენის პროცესი – განსაკუთრებით ჩეჩნეთის მონაკვეთზე, რათა ისევ და ისევ ჰქონდეს საბაბი (საფუძველი), ანტიქართული პროვოკაციებისთვის.
        არავითარ შემთხვევაში რუსეთი არ მიიყვანს ბოლომდე «დელიმიტაცია-დემარკაციის» პროცესს და არ დაუშვებს საზღვრის დადგენას. მით უმეტეს ამ მონაკვეთზე - რაშიც კვლავინდებურად ძალიან აქტიურად (ბრმა ფანატიზმითა და სიჩლუნგით) ეხმარება «ურაპატრიოტიზმი».

7 დღე, 15 მაისი, 2000 წელი