როგორ გინდა, გადასახადები აკრიფო, როდესაც მთელი მთავრობა «მსხვილ გადამხდელებს» წილში უზის?

როგორ გინდა, გადასახადები აკრიფო, როდესაც მთელი მთავრობა «მსხვილ გადამხდელებს» წილში უზის?

 

                            შემოდგომაზე ბიუჯეტის «გაკრეჭვა» ახალი პოლიტიკური კრიზისით გვემუქრება

    მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ სცენაზე და კულუარებშიც უკვე აქტიურად ემზადებიან «აფხაზური ტრაგედიის» უკანასკნელი აქტისთვის, რომელიც შემოდგომაზე (დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში) განხორციელდება, იმავე შემოდგომისთვის მწიფდება მეორე სერიოზული პოლიტიკური პრობლემაც: ბიუჯეტის სეკვესტრი.
    იმთავითვე ვუსვამ ხაზს: ეს სწორედ პოლიტიკური პრობლემა იქნება და არა ეკონომიკური. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც უკვე მყარად ჩამოყალიბდა მახინჯი პრაქტიკა - ბიუჯეტი რეგულარულად იქცევა ხელისუფლების გადანაწილების საშუალებად.
    ძნელი გასათვლელი არ არის, რა ამბავი მოჰყვება პარლამენტში (არა მხოლოდ «ოპოზიციად» ფორმირებული ჯგუფების მხრიდან) აღმასრულებელი ხელისუფლების წინადადებას, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების (სეკვესტრირების) შესახებ - თანაც ეს უნდა განხორციელდეს იმ დროს, როდესაც პარლამენტში ოქტომბერშივე იწყებენ მსჯელობას ახალ ბიუჯეტზე.
    შესაძლო დაპირისპირების სიმწვავის სრულად გასააზრებლად აუცილებელია გავიხსენოთ საკითხის ისტორია: 1996 წლის შემოდგომაზე, თბილისში ჩამოსულმა შადმან ვალავიმ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს «კურირებდა», აღშფოთება ვერ დამალა ქართული მხარის წინადადების გამო, - მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
    ვალავის აზრით, საშემოსავლო ნაწილი იყო აბსოლუტურად არარეალური, ხოლო პირველმა, უმნიშვნელო წარმატებებმა «ქართველ ერჰარდებს» ისე დაასხა «თავბრუ», საკუთარი ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებს აღარ ითვალისწინებდნენ.
    ალბათ ყველას გვახსოვს ოფიციოზიც კი ვერ მალავდა ცხარე დისკუსიათა შინაარსს სსფ-ის წარმომადგენლებთან. ეს უკანასკნელნი ასეული წლის განმავლობაში მუშაობენ «მონეტარისტულ რეფორმაზე», უდიდესი გამოცდილებაც აქვთ, საქართველოს მსგავსი ბევრი ქვეყანაც უნახავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, «ქართული ამპარტავნობის» დარს ჯერ არსად შეჰყრიან - არ ჭრიდა არანაირი არგუმენტი, არანაირი მაგალითი სხვა ქვეყანათა რეფორმირების ისტორიიდან, არც ციფრები, მონაცემები, ლოგიკური მსჯელობა და ა.შ. «აი, ნახავთ, თუ ვერ შევძლებთ», - იყო პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, - დაწყებული პრეზიდენტიდან, რომელიც სხვებზე არანაკლებ «აღფრთოვანებული იყო» ლიბერალური რეფორმის პირველი წარმატებებით და უსაზღვროდ სჯეროდა თავისი მრჩევლების.
    ბოლოს და ბოლოს, ხანგრძლივი «ომისა» და აყალმაყალის შემდეგ შადმან ვალავიმ «ხელი ჩაიქნია» და პრინციპული თანხმობა განაცხადა. თუმცა, შემოსავლები მაინც შემცირდა, სამაგიეროდ, შეიქმნა ე.წ. «პრეზიდენტის პროგრამა», რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი.
    1997 წლის იანვარშივე ნათელი გახდა, რომ შადმან ვალავი, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა, ეკონომიკის განვითარებას, როგორც მონეტარისტულ რეფორმას საკუთარი კანონები აქვს, რომლებიც ბოლომდე შესწავლილი და გათვლილი ჯერ კიდევ არ არის - ამდენად, «ქართველ რეფორმატორებს» ძალიან გაუკვირდათ და დღემდე ვერ მოსულან გონს, თუ რატომ «ჩავარდა» ეკონომიკა იანვარში და რატომ ვერ ხერხდება ბიუჯეტის შესრულება.
  არ უნდა აჰყოლოდნენ ამბიციებს, დაეჯერებინათ მათზე უფრო ჭკვიანი და გამოცდილი სპეციალისტებისთვის და არ აღმოჩნდებოდნენ დღევანდელ ტრაგიკომიკურ ვითარებაში, როდესაც არათუ «პრეზიდენტის საფინანსო პროგრამა», არამედ ბიუჯეტის «ოფიციალურად შეთანხმებული» საშემოსავლო ნაწილიც ვერ სრულდება.
    ედუარდ შევარდნაძეს ეს პრობლემა სერიოზულად აღელვებს, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვნად ლახავს მის პრესტიჟს - ამიტომ საგანგებო სხდომაზე უბრძანა საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობას, - «სექტემბრის ბოლოსთვის ცხრა თვის გეგმის შესრულება». დავით სალარიძემ კი პასუხად, «ეზოპეს ენით» უპასუხა და ჭკუის სასწავლებელ ამბავსაც მოყვა ძველი საბერძნეთის «საგადასახადო სამსახურის» ისტორიიდან, რომლითაც ნათელი გახდა, რომ ყველაფერი მასზე არ არის დამოკიდებული - როგორ გინდა, გადასახადები აკრიფო, როდესაც ლამის მთელი მთავრობა «მსხვილ გადამხდელთა» მეწილეა?
    იმავე სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა პირველად ახსენა ოფიციალურად «სეკვესტრი». ყველასათვის ნათელია: პრეზიდენტის დავალება ვერ შესრულდება და «საგადასახადო» ვერ შეძლებს წლის ბოლოსთვის ოთხასი მილიონი ლარის «აკრეფას» - პრეზიდენტის საფინანსო პროგრამაზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი.
    მაშასადამე, რაკი ემისიით «გარღვევის» დაფარვა გამორიცხულია, ხოლო საქართველოს არც ოქრო გააჩნია და არც ნავთობი, - «დაუგეგმავი» შემოსავლის მისაღებად, რჩება ერთადერთი გამოსავალი: ხელისუფლებამ პარლამენტს სთხოვოს ბიუჯეტის სეკვესტრის განხორციელება, დაახლოებით 60-70 მილიონი ლარით.
    პარლამენტში ეს წინადადება გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდება. ჯერ ერთი, ოპოზიცია უეჭველად შეცდება «პრეზიდენტზე იყაროს ჯავრი» და უშუალოდ მისი მოხსენება მოისმინოს - არასდროს დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში «ამერიკული მოდელი» მოქმედებს, ანუ ყველაფერზე პრეზიდენტი აგებს პასუხს - მინისტრთა კაბინეტის არარსებობის პირობებში.
    გარდა ამისა, ნურავის ჰგონია, საპარლამენტო უმრავლესობა ტაშითა და მოწონებით შეხვდება ამ წინადადებას. თემურ ბასილია მმართველი პარტიის ბევრ წარმომადგენელს «უშლის ნერვებს», ხოლო ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა საკითხი კი საბოლოოდ სწორედ «მთავარ რეფორმატორთან» იყრის თავს.

    ძნელი გასათვლელი არც ის არის, როგორ მოიქცევიან სხვადასხვა ფრაქციები პარლამენტში: ედპ (ირინა სარიშვილის ხელმძღვანელობით) უფრო მეტად კონკრეტულ მინისტრებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს დაუპირისპირდება, ვიდრე საკუთრივ შევარდნაძეს - ამ თვალსაზრისით, იგი «მოქალაქეთა კავშირის» მოკავშირედ იქცევა.
    «სახალხო» და «აღორძინება» (მათი უცნაური ალიანსი უკვე ფაქტია) უეჭველად უშუალოდ პრეზიდენტზე მიიტანენ იერიშს; «სოციალისტები» - «მოქალაქეთა კავშირზე», ოღონდ ისე, რომ პრეზიდენტს არ აწყენინონ.
    საბოლოოდ, ალბათ, სეკვესტრი მაინც განხორციელდება, ვინაიდან ამაზე უარის თქმა აბსურდია, მაგრამ სეკვესტრირების შემდეგ ახალი ბიუჯეტის თაობაზე მსჯელობა უკვე სულ სხვა ტონალობაში და რაკურსში წარიმართება - აღმასრულებელი ხელისუფლება იმთავითვე ნირშეცვლილი იქნება და ბევრ დათმობაზეც წავა - უპირველესად რეგიონულ დაჯგუფებათა მიმართ.

7 დღე, 22 აგვისტო, 1997 წ.