როგორ აწამებდა რუსეთი საქართველოს

როგორ აწამებდა რუსეთი საქართველოს

ცივი მდუმარება

    მდინარე ენგურზე, რომელსაც ქართულ ცნობიერებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ყოველთვის, დღეს საქართველო გადმოდის!
    უკანასკნელი ქართველები (ვაითუ, სამუდამოდ) ტოვებენ აფხაზეთს - ანუ საქართველოს, მის განუყოფელ, სისხლხორცეულ ნაწილს. ჩვენს თვალწინ იწერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი საქართველოს ისტორიისა.
    მიმდინარე პროცესის არსი, ისტორიულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, იმდენად საზარელია, რომ საზოგადოება ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ აცნობიერებს მომხდარი კატაკლიზმის მთელ საშინელებას, ისევე როგორც ის უბედური ლტოლვილი, რომელიც პირველ ხანებში მზად არის იარაღი აიღოს ხელში და ამ გზით დაბრუნდეს სამშობლოში. შემდეგ კი - აპათია და უიმედობა ეუფლება. ამის ნიშნები უკვე არის

    აფხაზეთში დატრიალდა უპრეცედენტო ტრაგედია თვით საქართველოს ისტორიისათვისაც კი, რომელსაც მრავალი მძვინვარე დამპყრობელი და მაოხარი ახსოვს, რადგან ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი ქვეყნის რომელიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხიდან მთელი ქართველი მოსახლეობის აყრა, გაძევება ან გადასახლება.
    1614-1617 წლებში შაჰ-აბასმა ააოხრა კახეთი. მას ნამდვილად სურდა, ძირფესვიანად მოეთხარა «საქართველო» (ერთ-ერთი რამდენიმე მაშინდელ «საქართველოთა» შორის), მაგრამ მის მიერ ფერეიდანში გადასახლებული 300 ათასი ქართველი მხოლოდ მესამედი იყო კახეთის მოსახლეობისა.
    ალბათ ყველა პატიოსან ქართველს გაუცრუებდა გულს სახელმწიფოს მეთაურის სრულიად გაოგნებული, სასოწარკვეთილი ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გადასცა. იგი ელოდა, რომ რუსეთ-საქართველოს ხელმძღვანელთა უმაღლეს დონეზე შეხვედრის შემდეგ, რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერეოდა იმ პროცესებში, რომლებიც გალის რაიონში მიმდინარეობს. შესაძლოა, ეს ჩარევა არ ყოფილიყო ფიზიკური (ჯერჯერობით), მაგრამ მოსკოვს თავისი პოზიცია მაინც ხომ უნდა გამოეხატა? მართლაც, მიუხედავად სავსებით აშკარა გენოციდის და ეთნიკური წმენდისა, მიუხედავად ათობით ბავშვის დაღუპვისა, არც რუსეთის პრეზიდენტს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე მაღალი რანგის მოხელეს ან თუნდაც პრეზიდენტის პრეს-მდივანს არ გაუკეთებიათ არც ერთი განცხადება, არ გამოუხატავთ რაიმე შეშფოთება. მდინარე ფსოუდან კი კვლავ მოედინება გულუხვი დახმარება გუდაუთის დაჯგუფებისათვის.
    თითქოს არ შემდგარა «მეგობრობის და კეთილმეზობლობის» შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, თითქოს არც წარმოთქმულა მხურვალე სიტყვები «საუკუნო მეგობრობისა» და «სტრატეგიული მოკავშირეობის» შესახებ. არძინბა ამთავრებს აფხაზეთის ქართველობის გენოციდს, საქართველოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები კი მხარს იჩეჩავენ და ყოველივე ამას «საქართველოს საშინაო საქმეებს» ეძახიან. მაგრამ ეს ხომ აშკარა და უსინდისო დემაგოგიაა? მაშ, რატომ ერეოდა «საქართველოს საშინაო საქმეში» მოსკოვი და რატომ აკეთებდა თითქმის ყოველდღე მრისხანე განცხადებებს იმ დროს, როდესაც სამხედრო უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო?
    ხელისუფალთა სასოწარკვეთა სავსებით გასაგებია: მართლაც, მათი აზრით, საქართველომ ხომ რუსეთის ყველა პირობა დააკმაყოფილა? ხომ დაიჩოქა, ხომ დაიმცირა თავი, ხომ დაიყარა თავზე ნაცარი და ითხოვა პატიება, ხომ მიართვა ლანგრით თავის ჩრდილოელ მეზობელს შავიზღვისპირეთი? ხომ გაწევრიანდა სნგ-ში, ხომ დაუბრუნდა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს? რუსეთი კი, მიუხედავად ამისა, იოტისოდენად არ ცვლის თავის პოზიციას. ჩვენი ცრემლის, ხვეწნის, მუდარის, ოხვრისა და ღაღადის პასუხად - არაფერი, - მხოლოდ ცივი მდუმარება. რუსულად კიდევ უფრო მრისხანედ ჟღერს - Холодное безмолствие.
   

    ამ ყოველივეს ლოგიკა აშკარად ეწინააღმდეგება. იგი გვკარნახობს, გვიბრძანებს, ვიპოვოთ მიზეზი, გავერკვეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში, აღმოვაჩინოთ შეცდომა პოლიტიკურ სტრატეგიაში. პოლიტიკა ხომ მათემატიკაზე ზუსტი მეცნიერებაა?! მას მკაფიოდ განსაზღვრული ფორმულები აქვს. ყოვლად წარმოუდგენელია, ზემოთ აღწერილ სიტუაციას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდეს. ქართველი კაცი იტყვის ხოლმე: «რაღაცაშია საქმეო». სწორედ ამ «რაღაცაში» უნდა გავერკვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზს ვერ აღმოვაჩენთ.
    უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ: პოლიტიკა არ ცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა გულჩვილობა, სიბრალული, მიტევება . . . პოლიტიკა დადებული ხელშეკრულებებისადმი ერთგულებასაც კი მხოლოდ იმდენად ცნობს, რამდენადაც ეს სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნებისათვის არის აუცილებელი. ხოლო თუ ხელშეკრულების დარღვევა ბევრს ვერაფერს დააკლებს ამ «იმიჯს», მაშინ მიცემული სიტყვის დარღვევასაც წინ არაფერი დაუდგება.
    ამ უმოწყალო, დაუნდობელი ლოგიკით იყო განპირობებული, მაგალითად, რუსეთის ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან. ტელეკომენტატორმა პირდაპირ ჰკითხა შევარდნაძეს: მიგაჩნიათ თუ არა, რომ დადებული ხელშეკრულებით საქართველო რუსეთის ვასალი ხდება?
    საიდან ასეთი გაუგონარი ცინიზმი, ასეთი დაუნდობლობა უბედურებაში ჩავარდნილი ერის მიმართ? ან იქნებ ვინმემ კვლავინდებურად ეს «ელცინის მოწინააღმდეგე ძალების მოქმედებით» ახსნას?
    ესეც გულუბრყვილობა იქნება - ტელეარხმა «როსსიამ» თავისი ერთგულება პრეზიდენტის მიმართ 3-4 ოქტომბრის მოვლენებისას დაამტკიცა.
    როგორც ჩანს, ყველა ამ ამოცანის ახსნა უნდა ვეძიოთ იმ კითხვის პასუხში, რომელიც დღემდე უპასუხოდ რჩება. კერძოდ: რა უნდა რუსეთს საქართველოსაგან? რას მოითხოვს იგი მისგან, რა მიზანს ისახავს რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ? სანამ ნათელი და მკაფიო პასუხი არ გვექნება ამ კითხვაზე, მანამ საქართველო ვერ გამოიმუშავებს ვერც სტრატეგიას, ვერც ტაქტიკას ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.
    გავბედავ და ვიტყვი, რომ ვიცი პასუხი ამ კითხვაზე. ჩემი დაეჭვება თავდაპირველად გამოიწვია ერთმა მომენტმა კრემლის პოლიტიკაში, რომელიც დღეს სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. კერძოდ: საქართველოს ყოველი აპელირება გაეროს მიმართ (დასავლეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ) საბოლოო ჯამში კატასტროფული შედეგებით მთავრდებოდა ჩვენი ქვეყნისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იღებდა შესანიშნავ, ჩვენს სასარგებლო რეზოლუციებს, (რომელთა მიღებაშიც ყოველთვის «გულმხურვალედ» გვეხმარებოდა ბრწყინვალე რუსი დიპლომატი - იური ვორონცოვი) გვიგზავნიდა მეთვალყურეებს, სამხედრო ექსპერტებს, გვიცხადებდა მხარდაჭერას - საქმე კი უკან და უკან მიდიოდა.
    ამ დროს საქართველოს ხელისუფალნი ვერა და ვერ ხვდებოდნენ (ან არ ითვალისწინებდნენ, თუ იგნორირებას ახდენდნენ): თბილისის ყოველი აპელირება გაეროს მიმართ საშინლად აღიზიანებდა (და აღიზიანებს) რუსეთს. საქმე ის კი არ არის, თავისთავად რამდენად სწორია ამგვარი აპელირება საქართველოს მხრიდან, მთავარი ისაა, რომ ამგვარი მიმართვები იმ პირობებში, როდესაც იგივე საქართველო კონფლიქტის გადაწყვეტის მთავარ ფაქტორად რუსეთის კეთილგანწყობას თვლიდა - აბსოლუტურად ალოგიკურია: არ შეიძლება, რაიმე პრობლემის გადაწყვეტას ცდილობდე და ამ დროს სწორედ იმას აკეთებდე, რაც კატეგორიულად მიუღებელია კონფლიქტის მოგვარებაში შენს მიერვე მთავარ პარტნიორად მიჩნეული მხარისათვის.
    რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი გაღიზიანების ჭეშმარიტ მიზეზს არასდროს პირდაპირ არ განაცხადებდა. თვით ყველაზე კონფიდენციალური საუბრის დროსაც კი, არც ელცინი, არც გრაჩოვი ამას პირდაპირ არ იტყოდნენ. ნურც ის ფაქტი მოგვატყუებს, რომ ელცინმა შევარდნაძესთან ერთად მიმართა გაეროს - მან ხომ შესანიშნავად იცის: იმავე ვორონცოვს ყველა საჭირო ინსტრუქცია უკვე მიღებული აქვს და იცის, საჭიროების შემთხვევაში, როგორ იმოქმედოს.
    ცხინვალში ომი სწორედ და მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ საქართველომ ეს პრობლემა გაეროს გარეშე მოაგვარა რუსეთთან. გაერო აფხაზეთში ჭეშმარიტად ნეიტრალურ ჯარს ვერ შემოიყვანს. ფორმალურად რუსეთი ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ წინააღმდეგი (მოსკოვის მითითებით) უეჭველად წავა აფხაზური მხარე. გაეროს წესდებით კი, სამშვიდობო ჯარის შეყვანა «მშვიდობის შენარჩუნებისათვის», ამა თუ იმ რეგიონში, ხდება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით.
    ჟენევის დოკუმენტებში აფხაზეთი უკვე ფიქსირებულია, როგორც მხარე. რჩება ერთადერთი ვარიანტი: აფხაზეთში რუსეთის ჯარის შეყვანა. მაგრამ ესეც უშედეგო იქნება მანამ, სანამ საქართველო არ დაიკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნას. იმ მოთხოვნას, რომელსაც პირდაპირ არ გვეუბნებიან, მაგრამ რომელიც სულ უფრო და უფრო ცხადდება აფხაზეთშიც, შიდა ქართლშიც, დნესტრისპირეთშიც, ყირიმშიც, ყარაბაღშიც.

    ქართული «ლიბერალიზმის» მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მას ეგონა, თითქოს დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ რუსეთს ერთადერთი პრეტენზია ექნებოდა: დარჩენილიყო მისი გავლენის სფეროში, გაეთვალისწინებინა «ზესახელმწიფოს» სტრატეგიული ინტერესები, დაეთმო მისთვის სამხედრო ბაზები და ა.შ.
    ანუ, ჩვენ გვეგონა, თითქოს რუსეთის მიმართ დათმობებისა და კომპრომისების გზით შევინარჩუნებდით დამოუკიდებლობას. დღეს მაინც მივხვდეთ: ასეთ კომპრომისს, ასეთ «ლოიალობას» რუსეთი საქართველოსაგან არ მიიღებს, არანაირ დათმობას არ დაგვიფასებს ერთის გარდა: თუ საქართველო დათანხმდება, კვლავ გაერთიანდეს რუსეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში, რომელსაც ახლა ელცინი და მისი გუნდი აშენებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. უფრო მეტიც: მიზეზთა და მიზეზთა გამო რუსეთს სურს, საქართველო «პიონერად» აქციოს ამ საქმეში.
    «ელცინისტების» პროექტით, ის მომავალი სახელმწიფო აღარ იქნება «კავშირი», მით უმეტეს «კონფედერაცია», ეს იქნება იგივე რუსეთის ფედერაცია ერთი «ცენტრით» - მოსკოვში, ოღონდ «გაფართოებული» შემადგენლობით. იმ სახელმწიფოში «გუბერნიებად» გაერთიანებას არ გვიქადიან - რუსმა პოლიტიკოსებმა შესანიშნავად იციან რომ პოლიტიკა «შესაძლებლის ხელოვნებაა» - ამიტომ საქართველოსთვის «რესპუბლიკის» სტატუსს არ დაიშურებენ.
    ამ პირობებზე საქართველო, რა თქმა უნდა, ნებით არ დათანხმდება. ამიტომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს მის წამებას: სრულებითაც არ არის გამორიცხული, რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა გადმოლახონ ენგური, გადმოვიდნენ შეტევაზე (საბაბი მოეძებნება ან შეიქმნება), აიღონ ზუგდიდი, გადაწვან და გაანადგურონ დასავლეთ საქართველო, შევიდნენ ქუთაისში. ეს მხოლოდ დღეს გვეჩვენება შეუძლებლად. ისე, როგორც ალბათ აზერბაიჯანელებს ეჩვენებოდათ წარმოუდგენლად, რომ სომხები ოდესმე შევიდოდნენ ქელბაჯარსა და ფიზულიში.

    ისმის კითხვა: რისთვისღა სჭირდებოდა რუსეთს ყველა ეს ხელშეკრულება, ან ეს ვიზიტი, უმაღლეს დონეზე, რა საჭირო იყო?
    ჯერ ერთი, ამ გზით, ამ ხერხით, ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვს.
    მეორე: შუა საუკუნეებში, როდესაც ადამიანს აწამებდნენ, ჯერ იმას ცდილობდნენ, როგორმე საშინელი ტანჯვით აეძულებინათ იგი, თავი დაემცირებინა. თავდაპირველად - მცირედ, შემდეგ მეტად, კვლავ უფრო მეტად და ა.შ. დამცირებული, სულიერად გატეხილ ადამიანი ვეღარ უძლებდა გვემას და ტყდებოდა.
    აი, ასეთი გახლავთ რეალობა, რომელსაც, რაოდენ შემაძრწუნებელიც უნდა იყოს, ვალდებული ვართ თვალი გავუსწოროთ.

«ივერია-ექსპრესი», 19 თებერვალი, 1994 წელი.