რისი შეეშინდა მიშა სააკაშვილს 2008 წლის 7 აგვისტოს?

რისი შეეშინდა მიშა სააკაშვილს 2008 წლის 7 აგვისტოს?

        2008 წლის აგვისტოს ტრაგედიაზე, მიზეზებსა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი საქართველოში ძალიან დიდხანს არ შეწყდება. პრეზიდენტ სააკაშვილზე ყველაფრის უსინდისოდ «გადაბრალებას» მუდამ ვეწინააღმდეგებოდი.
        ღრმად მწამს, რომ ის რაც მოხდა, იყო აბსოლუტურად გარდაუვალი იმ პოლიტიკური კურსის და პარადიგმის ფარგლებში, რომელსაც ამ ქვეყნის ე.წ. ელიტა ატარებდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
        რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები ასე მსჯელობენ: კი, ქართული სოფლები იბომბებოდა; კი, გარეწარმა კოკოითიმ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ «გაწმენდდა ლიახვის ხეობას» და ქართულ სოფლებს ალყა შემოარტყა; კი სეპარატისტებმა ჯერ კიდევ აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რაც ომისათვის მზადების უპირველესი ნიშანია; მაგრამ რა საჭირო იყო ცხინვალზე შეტევა და მით უმეტეს მისი დაბომბვა? - განა ბევრად მიზანშეწონილი და ჭკვიანური არ იქნებოდა, თვით სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში თავდაცვითი ბრძოლების გამართვა: შედეგად ხომ მთელი მსოფლიო დაინახავდა, რომ ამ სოფლებს ოსური ფორმირებები უტევდნენ, საქართველო და ქართული ნაწილები კი იქ მხოლოდ თავს იცავდნენ. შედეგად, არა საქართველო არამედ ოსები და მათ უკან მდგომი რუსეთი დაფიქსირდებოდა ომის დამწყებად.
        ერთი შეხედვით, თითქოს მწყობრი აზრობრივი კონსტრუქციაა, მაგრამ მისი ავტორები არ ითვალისწინებენ მინიმუმ ორ გადამწყვეტ გარემოებას:

        პირველი: ისინი ამოდიან იმ დებულებიდან, რომ ქართველი მეომრები, რომლებიც ლიახვის ხეობის და სხვა ქართულ სოფლებში იყვნენ გამაგრებულნი, მზად იქნებოდნენ, დღეების და კვირეების განმავლობაში ეწარმოებინათ თავდაცვითი ბრძოლები და გმირული წინააღმდეგობა გაეწიათ მომხდური მტრისათვის. ანუ, ამ შემთხვევაში, ოსური ფორმირებებისათვის, რაკი სავსებით ცხადია, რომ სანამ საქართველოს ჯარი ფართომაშტაბიან შეტევას არ განახორციელებდა, რუსები პირდაპირ და აშკარად ბრძოლებში არ ჩაებმებოდნენ.
        მაგრამ პრეზიდენტი საააკშვილი, მისი ოპონენტებისაგან განსხავვებით, მაშინვე ითვალისწინებდა მეორე შესაძლებლობას. კერძოდ იმას, რომ ის ქართველი მეომრები, რომლებიც ქართულ სოფლებში იყვნენ გამაგრებულნი (სულ რაღაც 500 – 800 მეომარი მთლიანობაში), როგორც კი შეატყობდნენ, რომ მათ «გარედან»« (ანუ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან) პირდაპირ, უშუალოდ არავინ ეხმარებოდა, ანუ რაიმე ქმედით ღონისძიებას (ვთქვათ ცხინვალზე დარტყმას) არ ახორციელებდა ოსური შეტევების საპასუხოდ, - დღეების და კვირეების განმავლობაში კი არ გააგრძელებდნენ წინააღმდეგობას, არამედ (როგორც 2004 წელს მოხდა), ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თუ არა, რამოდენიმე საათში «ჩამოუშვებდნენ ხელებს», დაყრიდნენ იარაღს და ჩაბარდებოდნენ მტერს (ოსებს და არა რუსებს!!!); შემდეგ მათ ჩამოათრევდნენ ცხინვალში და კვლავ დააჩოქებდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ.
        2004 წლის საზარელი სცენა მიშა სააკაშვილს მუდმივად თვალწინ ედგა დღე და ღამე და სწორედ ეს გარემოება, ანუ ამ საშინელების განმეორების შიში გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც 7 აგვისტოს მიაღებინა საბედისწერო გადაწყვეტილება.
       

      მეორე: თუ ქართული მხარე დაიწყებდა სამხრეთ ოსეთში თავდაცვითი ბრძოლების წარმოებას ოსური ფორმირებების წინააღმდეგ (იმ ეტაპზე რუსები, ვიმეორებ, ბრძოლებში არ ჩაერეოდნენ) მთელი მსოფლიოსათვის ეს უკვე იქნებოდა არა რუსულ-ქართული, არამედ ქართულ-ოსური კონფლიქტი და ასეთ შემთხვევაში დასავლეთის დამოკიდებულებაც იქნებოდა სულ სხვა. რუსეთი კი აღმოჩნდებოდა მისთვის ძალზე კომფორტულ ვითარებაში, როგორშიც იმყოფებოდა 20 წლის წინ, როდესაც თითქოსდა არ ერეოდა ქართულ-ოსურ ან ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებში, მაგრამ «კულისებს მიღმიდან» მართავდა ვითარებას.
        ცხინვალზე დარტყმამ (მათ შორის, დიახაც, ე.წ. «სამშვიდობო ჯარებზე» შეტევამ) რუსეთი აიძულა მისთვის კომფორტულიI პოზიცია მიეტოვებინა და კულისებიდან – სცენაზე დაუყოვნებლივ გამოსულიყო.
        სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ საოცარი რამ თქვა: «იყო საშიშროება, რომ თბილისზე ოსური დროშა აღმართულიყო». მიაქციეთ ყურადღება, - არა რუსული, არამედ ოსური. ესეც სავსებით შესაძლებელი იყო და, ამ შემთხვევაში, იმავე დასავლეთის დამოკიდებულება სრულიად გულგრილი იქნებოდა.
        მთლიანობაში, ის, რაც აგვისტოში მოხდა, საშინელება იყო, თუმცა ნაკლები საშინელება იმასთან, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

2010