რეფორმა საქართველოში საბედნიეროდ შეუქცევადია

რეფორმა საქართველოში საბედნიეროდ შეუქცევადია

        ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 12 პატიმრის გაქცევის შემდეგ ბევრს საუბრობენ საქართველოში რეფორმათა პროცესის შეჩერებისა და სხვადასხვა სახის «რეაქციის» განვითარების შესახებ.
        «რეაქცია», სიტყვიდან «რეაქციული», გამოიყენებოდა რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობის სხვადასხვა ეტაპის აღსანიშნავად, როდესაც (ვთქვათ) 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობას მოჰყვებოდა 1905-1907 წლების «რეაქცია» და ასე შემდეგ.
        ხუმარობა იქით იყოს და, ქობალია-აბსანძის გაქცევამ სერიოზული კითხვის ნიშანი დასვა მრავალი რეფორმისტული მიმართულებით. თუმცა, საბედნიეროდ, რეფორმამ ზოგან ისე ღრმად გაიდგა ფესვი, რომ მისი ამოთხრა კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.
        მაგალითად, გასულ წელს, ევროსაბჭოს კატეგორიული მოთხოვნით, პენიტენციური სისტემა (ეგრეთ წოდებული, «სასჯელთა აღსრულების» დაწესებულებები) გადაეცა, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს – ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში.
        მაგრამ, მას შემდეგ, რაც მოხდა, წარმოუდგენელია რაიმე შეიცვალოს და «პენიტენციალური» სისტემა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდეს. ასეთი ალბათობა შეიძლება 100 პროცენტით გამოირიცხოს. ჯერ ერთი, ამას არავითარი აზრი არა აქვს პრაქტიკული თვალსაზრისით – რაც მოხდა, მოხდა.
        მთავარი მიზეზი სისტემის შიგნით არსებული კორუფცია იყო და არა «დაქვემდებარების საკითხი». «სასჯელთა აღსრულების» უწყებაში დიდი წმენდა ჩატარდება და რეჟიმიც გამკაცრდება. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით აუხსნის (ვერ გაიგებენ), რა კავშირშია 12 პატიმრის გაქცევა იმ კანონთან, რომლითაც სისტემა ერთი უწყებიდან მეორეში გადავიდა? ევროპელები მხრებს აიჩეჩენ: რა შუაშია აქ ევროსაბჭო? ევროსაბჭოს პრინციპებში სად იგულისხმება, რომ თუ «აღსრულების დეპარტამენტი» ქვემდებარეობას შეიცვლიდა, «რეზბალნიცის» პერსონალი აბსანძის კამერაში აღარ უნდა შესულიყო და იქ დახროვილი მიწის მთა არ უნდა შეემჩნია?
        რა მნიშვნელობა აქვს იუსტიციის სამინისტრო იქნებოდა «ზემდგომი» ორგანო თუ «შინაგან საქმეთა სამინისტრო?» თუმცა, ეს ევროპელებისთვისაა გაუგებარი, თორემ «აქაური წესებით» ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მართლა დიდი განსხვავებაა, ვინაიდან პოლიცია უფრო მეტად «ერთმმართველობითი» ორგანოა და «აღსრულების უწყებაზე» ზემოქმედების უფრო მეტი და ქმედითი ბერკეტები აქვს.
        იუსტიციის სამინისტროს თანაშმრომლებიც არ არიან «მამა აბრამის ბატკნები», მაგრამ, ამ «მგლებთან» შედარებით, მაინც გულუბრყვილო ბავშვებად გამოიყურებიან. ოღონდ (კვლავ ვიმეორებ), ევროპელებს ამ «სპეციფიკას» ვერ აუხსნი. ამიტომ რეფორმის უკუქცევის, ან თუნდაც შეჩერების შემთხვევაში (ევროსაბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად), საქართველოს დაუყოვნებლივ გარიცხავენ ამ ორგანიზაციიდან, რაც უდიდეს პოლიტიკურ პრობლემებს შექმნის.
        მერე და ღირს ეს ამად, როდესაც საქართველოს ციხეებში თითქმის აღარ დარჩა ისეთი პატიმარი, ვისი გაქცევაც საქართველოს რომელიმე რეგიონში პრობლემებს შექმნის?
        იგივე საკითხი, შესაძლოა უფრო ფაროთდაც განვიხილოთ შეიძლება თუ არა მომხდარი ზოგადად რეფორმისა და დემოკრატიის პროცესებზე იქონიოს გავლენა არა ვიწრო (პენიტენციური), არამედ ფართო (სახელისუფლებო «რეჟიმის») გაგებით? მარცხი აქაც ერთმნიშვნელოვანი არის აბსოლუტურად შეუძლებელი, ვინაიდან ხელისუფლებას შესანიშნავად ესმის, რომ «რეჟიმის შეცვლისა და «ბალთების» მოჭერას იგივე ხელისუფლება ვერ შეძლებს, რომელმაც დღემდე რეჟიმის პირობებში იმოქმედა.
        რეჟიმის შეცვლას (ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ) ხელისუფლების შეცვლა ესაჭიროება. თავის შესანარჩუნებლად კი ხელისუფლება დემოკრატიული თამაშის წესებს, ანუ არსებულ რეფორმას შეინარჩუნებს.
       

დილის გაზეთი, 4 ოქტომბერი, 2000 წ.