რატომ დაიწყო ომი აფხაზეთში

რატომ დაიწყო ომი აფხაზეთში

    დღემდე იდუმალებითაა მოსილი აფხაზეთში ომის დაწყების მიზეზები და გარემოებანი. სქემა, რომელსაც ამჟამად გვთავაზობენ (სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჯარის შეყვანის თაობაზე, მაგრამ თენგიზ კიტოვანმა ეს გადაწყვეტილება არძინბასთან არ შეათანხმა, გვარდია «დაუკითხავად» შევიდა სოხუმში და ა.შ.). - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
    ამ დამღუპველი ომის ჭეშმარიტ მიზეზთა გასაგებად აუცილებელია იმდროინდელი ვითარების ანალიზი. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, იმთავითვე უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი უნდა დაეკისროს იმას, ვისაც მაშინ (1992 წლის ზაფხულში) რეალური ძალაუფლება ეპყრა ხელთ (კიტოვანი-იოსელიანი-სიგუა) და არა ედუარდ შევარდნაძეს (მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად) რომელიც იმ დროს მხოლოდ ნომინალურ ფიგურას წარმოადგენდა და, ფაქტობრივად, შირმის როლს ასრულებდა.
    ეს დასკვნა შევარდნაძისადმი რაიმე განსაკუთრებული სიმპათიით არ არის განპირობებული, არამედ გამომდინარეობს მოვლენათა ობიექტური ანალიზიდან.
    ბევრი მიმომხილველი, რომელიც იმდროინდელი მოვლენების, აფხაზეთში ომის დაწყების მიზეზთა ანალიზს ცდილობს, ივიწყებს (ვერ ამჩნევს) ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს, რომელმაც სინამდვილეში გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტრაგედიის პროვოცირებაში - ეს არის შიში, ცხოველური შიში, რომელმაც იმ დროს მოიცვა დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები.
    1992 წლის ზაფხულისათვის ნათელი გახდა, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიმხრობა, მისი დარწმუნება სისხლიანი სამხედრო გადატრიალების აუცილებლობაში. გარდა «ელიტარული ინტელიგენციის» ერთი ნაწილის და კრიმინალური სამყაროსი, «სამხედრო საბჭოს» ფაქტობრივად სოციალური დასაყრდენი არ გააჩნდა, - თბილისში განუწყვეტლივ იმართებოდა საპროტესტო მიტინგები და მანიფესტაციები, სამეგრელოში სულ უფრო ფართოვდებოდა შეიარაღებული წინააღმდეგობა, აფხაზეთში (რომელიც თვისობრივი თვალსაზრისით სამეგრელოს «გაგრძელებას» წარმოადგენდა), მოსახლეობა აგრეთვე მტრულად შეხვდა სამხედრო გადატრიალებას და არ ემორჩილებოდა ე.წ. «სამხედრო საბჭოს»; საერთაშორისო საზოგადოებაც სულ უფრო და უფრო მეტი ეჭვით აკვირდებოდა საქართველოში შექმნილ ვითარებას და არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. მაგრამ არჩევნებიც სათუო იყო, ვინაიდან იმ დროს მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელიც ზვიად გამსახურდიას აქტიური მომხრე არ იყო, - უარს აცხადებდა არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს ქვეყნის სათავეში მოსული კრიმინალური ბანდის მხრიდან.
    უკანონო, ძალადობრივი გზით მოსული ხელისუფლება მიხვდა, რომ მას გაუჭირდებოდა არჩევნების გზით მოეპოვებინა კანონიერება ანუ გამხდარიყო ლეგიტიმური. ამიტომ, «საჭირო იყო» ქვეყანაში იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც შიდა-ქართული დაპირისპირება უკანა პლანზე გადაიწევდა და დომინანტურ ძალას მოიპოვებდა კითხვა: «რა დროს ეგ არის - ქვეყანა იღუპება!!!» არძინბას სეპარატიზმი კი მშვენიერი საბაბი იყო ამ ფსიქოლოგიური დომინანტის შესაქმნელად.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    1992 წლის გაზაფხულიდანვე, ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობის ფსიქოლოგიური შემზადება მომავალი ომისათვის, - სწორედ ამიტომ ხდებოდა განუწყვეტლივ მუსირება ტელევიზიით იმ ცნობებისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იძარცვება სატვირთო მატარებლები; ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ამ ტერიტორიას; საჭიროა საგანგებო ზომების მიღება და ა.შ.
    იმ დროს ჯაბა იოსელიანს უთქვამს: თუ «ზვიადისტები აფხაზეთში და სამეგრელოში ჭკვიანად არ იქნებიან, ისეთ საქმეს დავმართებ, რომ მწარედ ინანებენო». რას გულისხმობდა «მხედრიონის» ლიდერი? უეჭველად იმას, რაც შემდგომ მოხდა, - ანუ აფხაზეთში ომის პროვოცირებას სამოქალაქო ომის სამამულო ომში გადაზრდის მიზნით!
    ომის ინიციატორმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად უწყოდა, რომ ომის დაწყების შემდეგ აფხაზეთის ქართული მოსახლეობა იძულებული გახდებოდა დაევიწყებინა პოლიტიკური უთანხმოება უკანონო ხელისუფლებასთან და ძალაუნებურად მხარი დაეჭირა «სახელმწიფოს საბჭოსათვის» - რათა თავი გადაერჩინა: აფხაზები ხომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდნენ ქართველების გარჩევას იმის მიხედვით, ვინ «გამსახურდიას» უჭერდა მხარს და ვინ - «სახელმწიფო საბჭოს». ისინი დაუპირისპირდებოდნენ (და დაუპირისპირდნენ კიდეც) ყველა ქართველს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.
    აფხაზეთში ომის დაწყება დეკემბერ-იანვრის გადატრიალებით მოსული ხელისუფლებისათვის იყო პოლიტიკური ლეგიტიმაციის საშუალებაც, რადგან ხელისუფლება, რომელიც «იბრძვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის», ხალხის თვალში უკვე ამით იძენს ლეგიტიმურობას - იგი არჩეული რომც არ იყოს ხალხის მიერ.
    გარდა ამისა, ომმა აფხაზეთში სულ სხვა ფსიქოლოგიური ატმოსფერო შექმნა 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნების წინ. თუ ომამდე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აპირებდა (გადატრიალებისადმი პროტესტის ნიშნად) ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ომის დაწყების შემდეგ პირიქით - არჩევნებისადმი ბოიკოტი გახდა შეუძლებელი, რადგან ამგვარი ბოიკოტი პირდაპირ იმოქმედებდა ომის მიმდინარეობაზე.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობა (უპირველეს ყოვლისა დასავლეთს საქართველოს მოსახლეობა) ჩააყენა იმგვარ მდგომარეობაში, როდესაც იგი იძულებული ხდებოდა მისთვის მხარი დაეჭირა მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას და შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს შემდგომში თბილისსა თუ სამეგრელოში ატეხილი ხოცვა-ჟლეტისა და ძარცვა-გლეჯის გამო.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    უკანონო ხელისუფლების წევრთა ერთადერთი საფიქრალი, 1992 წლის ივლის-აგვისტოში (ომის დაწყება პრინციპულად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ) ის იყო, თუ როგორ გადაებრალებინათ ერთმანეთისათვის ამ ომის დაწყება. ომის შედეგი ხომ (რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით), - მათთვის იმთავითვე ნათელი იყო. სიგუა და კიტოვანი გააფთრებით ცდილობდნენ მთელი პასუხისმგებლობა ედუარდ შევარდნაძისთვის დაეკისრებინათ, მაგრამ შევარდნაძეც კარგად გრძნობდა, რა შედეგებს გამოიწვევდა ომი.
    1992 წლის 13 აგვისტოს, დილით, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მიტინგი, რომელზეც თენგიზ სიგუამ უცნაური განცხადება გააკეთა: «გუშინ ედუარდ შევარდნაძემ გვითხრა, უნდა გადავდგეო, ჩვენ კი ვუთხარით - ეს იქნება ღალატი!»
    როგორც ჩანს, შევარდნაძემ, რომელსაც არ სურდა პასუხისმგებლობის აღება ამ ომის შედეგებზე, მართლაც დააპირა გადადგომა, მაგრამ «სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის» სხვა წევრები მკაცრად დაემუქრნენ: თუ გადადგებოდა, მოღალატედ გამოაცხადებდნენ და შესაძლოა კიდეც დაეპატიმრებინათ.
    ედუარდ შევარდნაძემ ისღა მოახერხა, რომ იმთავითვე შექმნა რამდენიმე აშკარად ხელოვნური არგუმენტი, - შემდგომში თავის გასამართლებლად. მაგალითად, კიტოვანს ფორმალურად დაავალა სოხუმში ჩასვლა და არძინბასთან შეხვედრა, თუმცა შესანიშნავად უწყოდა: კიტოვანი ამას არ გააკეთებდა, რადგან, ჯერ ერთი, ომის დაწყება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და არძინბასთან შეხვედრასაც არავითარი აზრი არ ჰქონდა - სულ ერთია, არძინბა მაინც არ დათანხმდებოდა აფხაზეთში ორმოცდაათი ტანკისა და სამი ათასამდე გვარდიელის შეყვანაზე. სამაგიეროდ, ედუარდ შევარდნაძემ უფლება მოიპოვა შემდგომ ეთქვა, - კიტოვანი რომ სოხუმში ჩასულიყო... მას რომ ჩემი მითითება შეესრულებინა... იგივე შეიძლება ითქვას მეორე თეზისზე: ჯარი ქალაქში არ უნდა შესულიყო . . . . არადა, როგორ შეიძლება ჯარი სოხუმში არ შესულიყო, როდესაც სახელმწიფოს საბჭოს ცნობილ დადგენილებაში ნათლად იყო ნათქვამი: «გვარდიამ გააკონტროლოს მთელი ტერიტორია ლესელიძედან - სამტრედიამდე». გვარდია სოხუმს ხომ ვერ გადააფრინდებოდა?
    სინამდვილეში, ამ აქციის ნამდვილი მიზანი იყო «სამამულო ომის» პროვოცირება, რათა გადატრიალების გზით მოსულ ხელისუფლებას მოსახლეობის თვალში კანონიერება შეეძინა და, ამავე დროს, მომხდარიყო ყოფილი ხელისუფლების დისკრედიტაციაც. ომის ინიციატორებმა ხომ მშვენივრად უწყოდნენ, რა რეაქციას გამოიწვევდა ჩრდილოეთ კავკასიაში ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე, - ზვიად გამსახურდია კი გროზნოში იმყოფებოდა. ანუ, ახალი ხელისუფლება კარგ საბაბს იძენდა პროპაგანდისტული კამპანიის ასაგორებლად: «ჩვენ სამშობლოს მთლიანობისთვის ვიბრძვით, ექსპრეზიდენტი კი ჩვენს მტრებთან - ჩრდილოეთ კავკასიელებთან არის «ჩახუტებულიო».
    ეს გათვლა მართლაც ძალიან ზუსტი აღმოჩნდა: აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე «კანონიერი და უკანონო ხელისუფლების», «დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების» პრობლემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა - თბილისის ხელისუფლება უკვე იმიტომ გახდა «კანონიერი», რომ იგი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.
    რაც შეეხება ომს აფხაზეთში, - ომის ინიციატორებს იოტისოდენი ეჭვი არ ეპარებოდათ მის შედეგში, იოტისოდენი ეჭვი არ ეპარებოდათ იმაში, რომ საქართველოს აფხაზეთში რუსეთი დაამარცხებდა, მაგრამ მათ ისიც შესანიშნავად უწყოდნენ, რომ ეს ომი მისცემდათ საშუალებას, გადაეჭრათ ზვიად გამსახურდიას, ანუ ყოფილი ხელისუფლების პრობლემა! ომი აფხაზეთში როგორც არ უნდა დამთავრებულიყო, იგი ზვიად გამსახურდიას პრობლემის გადაწყვეტას მაინც უზრუნველყოფდა, - აი, ეს იყო მათთვის მთავარი და არა ის, შეძლებდა თუ არა ამ ომის პროცესში საქართველო ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებას.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    1992 წლის 3 ოქტომბერს დაეცა გაგრა; მისი ქუჩები დახოცილი ქართველების გვამებით მოიფინა; 11 ოქტომბერს კი, თბილისში, საარჩევნო ყუთებთან, უზარმაზარი რიგები გაიჭიმა.
    ისინიც კი, ვინც მანამდე (გაგრის დაცემამდე, აფხაზეთის ომამდე) არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, 11 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე, რადგან მოქმედებდნენ სავსებით გამართლებული ლოგიკით: «რა დროს ეგ არის - საქართველო იღუპება!»
    სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე მისცა მან ხმა უკანონო ხროვას. ანუ, იმ კრიმინალურმა ბანდამ, რომელმაც დეკემბერ-იანვარში ხელისუფლება დაამხო, საწადელს მიაღწია - ოქტომბრის არჩევნებით მოხდა მისი ლეგიტიმაცია, დაკანონება, ხოლო მოსახლეობის თვალში იგი იქცა ხელისუფლებად, რომელიც «სამშობლოს მთლიანობისთვის იბრძვის» განსხვავებით ყოფილი ხელისუფლებისაგან, რომელიც «სამშობლოს მტრებთან იმყოფება გროზნოში».
    1992-93 წლებში ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ის კი არ იყო, როგორ მოეგო ომი (ომი რუსეთთან წინასწარ წაგებული იყო), არამედ ის, თუ როგორ დაებრალებინათ ომის წაგება გროზნოში მყოფი ყოფილი ხელისუფლებისა და მისი მომხრეებისთვის.
    თუ ამ კუთხით განვიხილავთ იმდროინდელ მოვლენებს, მაშინ ბევრ იდუმალებით მოსილ საკითხს ნათელი მოეფინება: ნათელი გახდება, თუ რატომ იდებოდა უცნაური, წინასწარ განწირული ხელშეკრულებები, რატომ ეწყობოდა (აფხაზეთის ომის დროსაც) დამსჯელი ექსპედიციები სამეგრელოში და ა.შ.
    შედეგი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მოსალოდნელი იყო: აფხაზეთი კი დაკარგა საქართველომ, მაგრამ დეკემბერ-იანვრის გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ პოზიციები შეინარჩუნა.
   

«კვირიონი», 9 ივნისი, 1996 წელი.