რატომ დაგვიწუნეს ბრიუსელში ღვინოები; საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრიანდება

რატომ დაგვიწუნეს ბრიუსელში ღვინოები; საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრიანდება

        ბრიუსელში ჩატარებულ კონკურსს, სადაც ქართულმა ღვინოებმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს – საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი შეხედვით თითქოსდა გასაკვირი რამ მოხდა: პირველად, ათწლეულების განმავლობაში, ესოდენ მასშტაბური კონკურსიდან ქართული ღვინოები მედლებისა და ორდენების გარეშე ბრუნდება.
        ქართველი მეღვინეები გაოგნებულნი არიან. მართლაც რა მოხდა? ხომ შეუძლებელია ქართული ღვინო ისე «გაფუჭებულიყო», მოწონება ვერ დაემსახურებინა. მაშასადამე აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე – ბელგიის კონკურსში მონაწილე ფირმები და ორგანიზაციები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ევროპელი მეღვინეების ინტერესებს გამოხატავენ, რაღაცამ შეაშინა. ქართული ღვინოსათვის ისინი «ორდენებსა და მედლებს» ადრე არ იშურებდნენ, - ვიდრე ეს ღვინო მათი კონკურენტი არ იყო, მაგრამ ბოლო დროს სხვა ინფორმაცია მიიღეს.
        საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება. მაშასადამე, ევროპული ქვეყნები იძულებულნი იქნებიან, «ბაზარი გაუხსნან» ქართულ ღვინოს, ხოლო თვით საქართველოს ბაზარი, ჯერ ერთი, ძალიან მცირეა და ნაკლებგადახდისუნარიანი, მეორეც, მსო-ოს წესდების შესაბამისად, ახალ წევრს უფლება აქვს 5 წლის განმავლობაში არ შეამციროს საბაჟო გადასახადები.
        აქედან გამომდინარე, ბრიუსელის კონკურსზე ქართულ ღვინოებს შეხვდნენ არა როგორც «შორეული, ეგზოტიკური ქვეყნის ნობათს» (ასე ხდებოდა წინათ), არამედ როგორც რეალურ და საკმაოდ საშიშ კონკურენტს.
        რასაკვირველია, ასეთ პირობებში ქართული ღვინო ვერანაირ ჯილდოს ვერ მიიღებდა, ვინაიდან თუ ჩვენს ღვინო-პროდუქციას ევროპული სტანდარტებით შეაფასებენ – იგი ამ სტანდარტებში ვერანაირად ვერ «ჩაჯდებოდა».
        ევროპაში არსებობს მეღვინეობის აბსოლუტურად განსხვავებული ტექნოლოგია. «აყენებენ» განსხვავებული ყაიდის ღვინოს. ქართული ღვინო კი სულ სხვაგვარად მზადდება, რაც იმას არ ნიშნავს, თითქოს ევროპაში მას მყიდველი და «დამჭაშნიკებელი» არ ეყოლება. მაშასადამე, ჩვენი ღვინო ევროპულ ბაზარზე უეჭველად მოიპოვებს საკუთარ სეგმენტს – მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მსო-ში გაწევრიანება ქართული ღვინო-პროდუქციის წინაშე ყოველგვარ სატარიფო ბარიერს წაშლის.
        ასეთ პირობებში რატომ გააძლიერებდნენ მოსალოდნელ კონკურენტს კონკურსზე წარჩინებით? ქართულ ღვინოს ამავე სტანდარტებით რომ მისდგომოდნენ წლების განმავლობაში – იგი ვერასდროს მიიღებდა ჯილდოს, მაგრამ მაშინ (ვიმეორებ) მას არ აღიქვამდნენ კონკურენტად. ამჟამად ვითარება შეიცვალა და ქართველი მეღვინეებიც ამისათვის მზად უნდა იყვნენ.
        მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე კი საქართველოს ერთი ნაბიჯიღა დარჩა. დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებათა სერია წევრ სახელმწიფოებთან. გასარკვევია მხოლოდ რამდენიმე საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიასთან მომავალ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, თუმცა, პრინციპული თანხმობა მათ უკვე განაცხადეს.
        ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოსათვის გაეროს წევრობის ტოლფასი მოვლენაა და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც იყოს რამდენიმე მიზეზის გამო: გაეროს წესდება ამორფულია, დაუხვეწავია, - ეს ორგანიზაცია უპირველესად დიდი სახელმწიფოების ინტერესებს გამოხატავს, მათ თანხმობის გარეშე საერთოდ არაფერი გამოვა და ა.შ.
        სულ სხვა «თამაშის წესები» არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
        საკმარისია რომელიმე სახელმწიფომ ეს წესები დაარღვიოს, უმალვე უმკაცრესი საერთაშორისო «პრესის» ქვეშ აღმოჩნდება. მაგალითად, რუსეთი და საქართველო მსო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ, «დერჟიმორდა» გენერალ ნიკოლაევის ხუშტურის გამო რუსეთი ვერ გაბედავდა გზა გადაეკეტა სპირტის ექსპორტისათვის. გაბედავდა და უმალვე გაირიცხებოდა «მსო»-დან. ამ შემთხვევაში მას ვერც ატომური ბომბების ჟღარუნი უშველიდა და ვერც ბალკანეთის «გეოპოლიტიკური კოზირი».
       

მერიდიანი, 14 ივლისი, 1999 წელი