რატომ გაცხრილეს მოსამართლეები

რატომ გაცხრილეს მოსამართლეები

  

    მიუხედავად სკანდალური განცხადებისა, რომელიც მოსამართლეთა გამოცდებს უძღვოდა წინ, მთლიანობაში ამ გამოცდებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. იმთავითვე ნათელია: გამოცდებში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა მოსამართლემ, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეენარჩუნებინა პოსტი.
    240 კანდიდატიდან 60 გავიდა მეორე ტურში. მათგან 20 ამჟამად მოქმედი მოსამართლეა, მაშასადამ,ე მოსამართლეები «ბოიკოტის» თაობაზე ვერ შეთანხმდნენ და ვერც შეთანხმდებოდნენ, ვინაიდან შესანიშნავად უწყოდნენ, რომ მათ გარდა საქართველოში ასეულობით იურისტია, რომელიც ადრინდელი სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში მოსამართლის სავარძელს ვერასოდეს დაიკავებდა.
    არადა (როგორც აღმოჩნდა), ცოდნა და კვალიფიკაცია მათ გაცილებით მაღალი აქვთ - ეს გამოცდის პირველი და ყველაზე მთავარი შედეგია. არ გაჭრა ზოგიერთი მოსამართლის დემაგოგიამ - თეორიული ცოდნა არ კმარა, პრაქტიკა არისო აუცილებელი.
    სინამდვილეში მოსამართლეს დიახაც მხოლოდ კანონის ცოდნა მოეთხოვება - მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთრივ პროცესუალური ნორმებისა.
    «გამოცდილებაში» თუ ზოგიერთი საქმის «გაიმასქნებას» და «ფულის აღებას» გულისხმობს, ასეთი გამოცდილება მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს. მეორე დემაგოგიური არგუმენტი იყო: «ჩვენ 2001 წლამდე დავინიშნეთ და მანამდე ვერავინ შეგვცვლისო». არადა, 1991 წლის შემდეგ საბჭოთა კაშვირი დაიშალა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია - რატომ უნდა შეენარჩუნებინათ პოსტი მოსამართლეებს ატესტაციის გარეშე? სამოცმა მათგანმა გამოცდები პატიოსნად ჩააბარა და აქვს შანსი, ეს პოსტი კანონიერად შეინარჩუნოს.
    ბოიკოტი ვერ შედგა იმის გამოც, რომ მოსამართლეთა არჩევნებზე «არ გამოცხადება» უბრალოდ უაზრობა იქნებოდა - გამოცდები მაინც ჩატარდებოდა და მასში ასეულობით მოსამართლეობის მსურველი იურისტი მიიღებდა მონაწილეობას.
    მთლიანობაში სასამართლო რეფორმა უეჭველად «მოქალაქეთა კავშირის» საარჩევნო კოზირად იქცევა. ვერც «გაყალბებისა» და «ჩაწყობის» თემას ააგორებს ოპოზიცია, ვინაიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში უცხოელ დამკვირვებელთა გარდა არავინ იყო, მათთან კი საქმეს ვერ ჩააწყობ - უბრალოდ, ვერ მიახვედრებ (ინგლისურადაც რომ ელაპარაკო), რას სთხოვ ან რას ნიშნავს «ჩაწყობა».
    ჩატარებული გამოცდები უეჭველად გაზრდის მოსამართლეთა ავტორიტეტს და ზოგადად ნდობას მესამე ხელისუფლებისადმი, რაც, სხვათა შორის, სახელმწიფოებრივი მდგრადობის ერთ-ერთი გარანტიაა.
    თუ სასამართლო ხელისუფლება მაღალპროფესიული და მიუკერძოებელი იქნება, ყველა ჯურის კრიმინალსა და ნაძირალას აღარ მიეცემა საშუალება, სასამართლო პროცესს პოლიტიკური ელფერი შესძინოს.

მერიდიანი, 22 მაისი, 1998 წ.