რას უქადის საქართველოს რუსეთ-ამერიკის ისტორიული სამიტი?   

რას უქადის საქართველოს რუსეთ-ამერიკის ისტორიული სამიტი?    

            ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიის ჯორჯ ბუშის პირველ ოფიციალურ ვიზიტს რუსეთში და არამარტო იქ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თავისთავად ორი (სამხედრო თვალსაზრისით) უძლიერესი სახელმწიფოს შეთანხმება ბირთვული პოტენციალის შემცირების საკითხში იმას ნიშნავს, რომ ისინი სტრატეგიულ ინტერესთა დაახლოებას ცდილობენ. საქართველოს თემამ ბუშის ვიზიტისას რამდენჯერმე გაიჟღერა. ამერიკა-რუსეთის ერთობლივ დეკლარაციაში (ხაზგასასმელია: ერთ-ერთ დეკლარაციაში, ვინაიდან, ასეთი 5 იყო) ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება საჭიროებს დახმარებას, რათა მან შეძლოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტების ალაგმვა.

            ეს არის თვალსაჩინო ახსნა იმ განცხადებისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვალერი ხაბურძანიამ გააკეთა. რასაკვირველია, იგი არ იყო შეთანხმებული მოსკოვური დეკლარაციის ავტორებთან, მაგრამ ნამდვილად საერთო ატმოსფეროს და გეოპოლიტიკური რეალიების შესაბამისია. პანკისში «ბოევიკთა» ყოფნის უარყოფა, უბრალოდ უაზრობა გახდა, ვინაიდან, ყველამ იცის, რომ ისინი იქ ნამდვილად არიან. გაცილებით ჭკვიანურია ამ პრობლემის მოსაგვარებლად დახმარების მოთხოვნა და მიღება – ამერიკელი ინსტრუქტორები უკვე საქართველოში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ამერიკის საქართველოსადმი დახმარების პროგრამა გუშინ ოფიციალურად «გაიხსნა».
        ამერიკა-რუსეთის ერთობლივი დეკლარაციის შინაარსი (კიდევ უფრო მეტად მისი ტონალობა) უეჭველად ადასტურებს: ამერიკა არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან რაიმე ძალისმიერ აქციას პანკისის ხეობაში (საქართველოს საწინააღმდეგოდ). ყოველ შემთხვევაში, საქართველოს საკითხი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გარკვეულ ფაქტორად იქცა, რაც უდავოდ ქართული პოლიტიკის გარკვეული (არცთუ მცირე) წარმატებაა.
        ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ამერიკას შეუძლია საქართველოსთვის გააკეთოს და, რაც, საერთოდ, შესაძლებელია გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით. თანაც, მხარდაჭერაც არ არის უსაზღვრო: პანკისის პრობლემას რაღაც უნდა ეშველოს – იგი, ასე თუ ისე, უნდა გადაწყდეს, თორემ ვაშინგტონსაც აღარ დარჩება არგუმენტები მოსკოვის «შესაკავებლად». მით უმეტეს, რომ მას კიდევ დიდხანს ძალიან დასჭირდება რუსეთის მხარდაჭერა გლობალური ანტიტერორისტული ოპერაციისას, რომელიც, ფაქტობრივად, პერმანენტული ომის სახეს იძენს.
        რაც შეეხება იმ შიშებს, რომ «ამერიკამ შეიძლება საქართველო ხურდაში დაბრუნოს რუსეთს» - ამ თვალსაზრისით, ოპტიმიზმიც გადაჭარბებულია და პესიმიზმიც: საქართველო ჯერ იმდენად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ არგუმენტად არ ქცეულა, რომ ასეთი «ვაჭრობის» საგნად იქცეს, მით უმეტეს, რომ ამერიკა ჩვენს ქვეყანაში ჯერ მიზერულად არის «შემოსული» - ყოველ შემთხვევაში, რუსეთთან შედარებით.
        200 (თუნდაც, 500) ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ვერ შეედრება რუსეთის, ფაქტობრივად, 6 სამხედრო ბაზას (ენგურის აუზში, ლიახვის აუზში, ბათუმში, ახალქალაქში, გუდაუთასა და თბილისში). ჩვენს დედაქალაქში 1500 ჯარისკაცი და ოფიცერია დისლოცირებული, «შტაბის» დაცვის სახით – ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე. მათი გაყვანის მოთხოვნით კი ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას არ გაამწვავებს, მით უმეტეს, რომ ამას ვერც თვით ოფიციალური თბილისი მოითხოვს, რადგან «ენერგეტიკული მარყუჟით» რუსეთი სამიოდე თვეში მოგვახრჩობს ან სამოქალაქო ომის მდგომარეობამდე მიგვიყვანს.
        ბუშ-პუტინის შეხვედრას და მის შედეგებს გუშინ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში ჩავლილ სამიტს «ცივი ომის» ეპოქის დასრულების შემდეგ ყველაზე შედეგიანი უწოდა. რამდენად იქნება ეს შედეგები საქართველოსთვის სასიკეთო, მომავალი გვიჩვენებს.

დილის გაზეთი, 28 მაისი, 2002 წელი