რას უმზადებს საქართველოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები?

რას უმზადებს საქართველოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები?

 

        პოლიტიკით დაღლილ-დაქანცული და მაინც უზომოდ (ლამის პათოლოგიურად) პოლიტიზირებული ჩვენი საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რომ ჭეშმარიტად «მძვინვარე» პოლიტიკური წელი გვიახლოვდება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შეიძლება დაახლოებით ისეთივე როლი შეასრულოს, როგორიც 1989 წელმა. მართალია, 1990 წლიდან დღემდე ყველა არჩევნები «საბედისწერო» იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს უფრო პროპაგანდისტული ზარ-ზეიმით ფორმდებოდა.

        სინამდვილეში, 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ, პირველი «თვისებრივად განმსაზღვრელი» არჩევნები სწორედ 2003 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. «სახელმწიფო აპარატის» დაშლის შემდეგ პირველად დადგება ამომრჩეველი მკაფიო ალტერნატივის წინაშე («მოქალაქეთა კავშირი» მაინც პოლიტიკურ კონცეფციათა და ორიენტაციათა ნაკრები იყო). გარდა ამისა, 2003 წლის 2005 წლის პოლიტიკურ პრელუდიად ითვლება. 2005 წელი უკვე ანგაჟირებულია, როგორც «პოსტშევარდნაძისტული» ეპოქის დასაწყისი». თუმცა, 2003 წელს მოვლენათა განვითარებამ აქსიომად მიჩნეული ეს დებულება შეიძლება, საეჭვო გახადოს. ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადა მართლაც იწურება 2005 წლის აპრილში, ოღონდ, მხოლოდ არსებული კონსტიტუციური სივრცის ფარგლებში. თუ თვით კონსტიტუციური სივრცე შეიცვალა, განხორციელდა კონსტიტუციური რეფორმა, დაფუძნდა მინისტრთა კაბინეტი, შეიკვეცა, გაფართოვდა თუ სხვაგვარად «განვითარდა» პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილება, მაშინ «მესამე ვადის» საკითხი შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა სულ სხვა კონტექსტში განიხილონ.
        არ არის გამორიცხული, შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ პოლიტიკურმა ელიტამ და მთლიანად ისტებლიშმენტმა თავად სთხოვონ პრეზიდენტს,M დარჩეს თანამდებობაზე, ოღონდ «გერმანული მოდელის» ფარგლებში, როდესაც პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და
        მას მხოლოდ «არბიტრის» ფუნქცია ეკისრება. შევარდნაძეზე უკეთეს «გამაწონასწორებელს» ქართული პოლიტბომონდი ვერ მიაგნებს.
        იმავე კონტექსტში განიხილება პრემიერ-მინისტრის საკითხი, რომელიც ამ მოდელში აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური მეთაურია. ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებათა გზით – ქვეყნის ძირითად კანონში რადიკალური ცვლილებების შეტანით, თვით კონსტიტუციური წყობის რეფორმირებით. შესაბამისი ნიშნები უკვე გამოჩნდა.
        პრეზიდენტისთვის განმსაზღვრელი ხდება მისი საპარლამენტო მიმართვისადმი დამოკიდებულება, ვინაიდან სწორედ ამ დოკუმენტში იყო ჩამოყალიბებული მომავალი კონსტიტუციური რეფორმის კონტურები.
        მთავრობის ბოლო სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ უახლოესი ერთი წლის (ანუ 2003 წელი) საკონსტიტუციო რეფორმათა პერიოდი იქნება. ამის შემდეგ, ვახტანგ რჩეულიშვილი (რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიესალმა «საპარლამენტო მიმართვაში» ჩამოყალიბებულ თეზისებს) ინიშნება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელად. ეს საკმაოდ პერსპექტიული პოსტია, თუ კონკრეტული პოლიტიკოსის ინტერესები დაემთხვა პრეზიდენტის პოლიტიკასა და საკონსტიტუციო ცვლილებების «მეინსტრიმს».

        იწყება მოლაპარაკება ბათუმთან, რომელიც სინამდვილეში ბევრად მეტად კეთილგანწყობილია საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სახეცვლილი ფორმით ამჟამინდელი ბალანსის შენარჩუნებისადმი, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. ასლან აბაშიძეს «გარკვეული» (თუმცა, არც თუ უპრობლემო) მიმართებები ურჩევნია «გაურკვევლობას», როდესაც ახალი მიმართებები თავიდან იქნება «დასაწყობი».
       

დილის გაზეთი 14 დეკემბერი