რას გვიპირებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია?

რას გვიპირებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია?

    ბიძინა ივანიშვილს და როვნაგ აბდულაევს განსხვავებული მიზნები აქვთ, მაგრამ რატომ იტკივებს აუტკივარ თავს ჩვენი მთავრობა?

    პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ პირადად ეწვია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ს, სადაც ამ კომპანიის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა. ქართული მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკების მთავარი მიზანი ნავთობსა და გაზზე ფასების შემცირება იყო, თუმცა აზერბაიჯანელები სხვა აქცენტებს სვამენ და უფრო ინვესტიციების გაზრდაზე ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ კი არ შემგვიმციროს, არამედ პირიქით - გაგვიზარდოს ფასები, რადგან ბაქო უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის გეგმებით, აღადგინოს რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კავშირი

    SOCAR-ის ოფისში ბიძინა ივანიშვილის მისვლის ფორმალური მიზეზი ახალი შენობის გახსნა იყო. თუმცა ასეთ ღონისძიებებში უფრო ენერგეტიკის მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობენ ხოლმე. სხვა საქმე იქნებოდა, თბილისში რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე ჩამოსულიყო და ქართველ კოლეგასთან ერთად გაეჭრა წითელი ლენტი. ჩვენს შემთხვევაში კი სხვაგვარად მოხდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მისვლა უფრო შორსმიმავალ მიზნებს ემსახურებოდა, ვიდრე უბრალოდ დიდი კომპანიისადმი პატივისცემის დადასტურებას. ეს პატივისცემა, ვიმეორებ, შეიძლებოდა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესაც დაედასტურებინა. ბოლოს და ბოლოს საქმე ეხებოდა არა რაიმე მსხვილი პროექტის დაწყებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ახალი ოფისის გახსნას, სადაც მასპინძლებმა პრემიერ-მისნიტრს თანამშრომელთა სასადილო დაათვალიერებინეს.
    ასეთი პატარ-პატარა ეშმაკობებით ყველანაირად ცდილობდნენ ხაზი გაესვათ, რომ საქართველო მათზე დამოკიდებულია და ამაში არც ტყუიან: ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ქვეყანა თანდათან მიდიოდა იმ სიტუაციისკენ, როდესაც ენერგეტიკულად სულ აღარ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, სამაგიეროდ, მთლიანად დამოკიდებული აღმოვჩნდით აზერბაიჯაზე, რომელსაც თავისი ინეტრესები აქვს და ამ ინტერესებს ყველანაირი ხერხებით დაიცავს. მათ შორის ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენებითაც.
    არც ის არის შემთხვევითი, რომ ამას წინათ SOCAR-მა გაზგამანაწილებელი კომპანია „იტერა-საქართველო“ იყიდა. ამით მთელი ქვეყნის გაზგამანაწილებელი სისტემა მის ხელში გადავიდა გარდა თბილისისა. თუმცა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შეძენა აზერბაიჯანს ნამდვილად არ გაუჭირდება. ეს მხოლოდ დროის საქმეა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    SOCAR აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიაა. დაახლოებით იგივეა, რაც Газпром-ი რუსეთში. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის Газпром-ივით იქცევა, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება. პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო არ გაეთვალისწინებინა მოსახლეობის თხოვნა-მუდარა გაზსა და ელექტოენერგიაზე ფასების შემცირების თაობაზე, ამიტომ ოფისში იმისთვის მივიდა, რომ ეს მოლაპარაკება დაეწყო. ასევე, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესაც ნამდვილად უნდა, გამოჩნდეს, როგორც ეფექტური მენეჯერი, რომელიც არა მხოლოდ ფეხბურთს თამაშობდა კარგად, არამედ შეუძლია უბრალო ადამიანებს სარგებლობა მოუტანოს. მით უმეტეს ენერგეტიკულ კომპანიაში კალა-კაპიტალის წილებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ.
    თუმცა აბდულაევმა უკვე შეხვედრის შემდეგ ურჩია ქართულ მხარეს ყურადღებით წაეკითხა ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაფორმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარ გაიაფებას SOCAR არ აპირებს. ფასებს დაწევს კი არა, თუ საქართველოს მთავრობამ გააგრძელა სრულიად უაზრო ლაპარაკი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე აფხაზეთის გავლით, აზერბაიჯანელებმა ფასი შეიძლება გაგვიზარდონ კიდეც.
    იმ ხელშეკრულებით, რომელიც აბდულაევმა ახსენა და „ყურადღებით წაკითხვა“ გვირჩია, საქართველოს არა აქვს ფასის ცვლილების შესაძლებლობა, თორემ აზერბაიჯანი კი გამონახავს ხერხებს, როგორ დაგვსაჯოს მისდამი მტრული სომხეთის მხარდაჭერისთვის. მაგალითად, ფასს არ გაზრდის (ეს მისთვისაც აკრძალულია), მაგრამ იტყვის, რომ გაზსადენზე ავარია მოხდა. ანუ მოიქცევა ზუსტად ისე, როგორ იქცეოდა Газпром-ი. საპასუხოდ ჩვენ ისღა შეგვეძლება, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა გადავკეტოთ, მაგრამ ეს უკვე მართლა ომის გამოცხადება იქნება. თანაც არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთისთვის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დღეს საქართველო გაზს თითქოს რამდენიმე წყაროდან იღებს, თუმცა ყველა ეს წყარო აზერბაიჯანულია. თუ არ ჩავთვლით რუსეთიდან-სომხეთში გაზის გატარებისთვის 150 მილიონ კუბურ მეტრს წელიწადში, რაც მიზერია და არაფერს ეყოფა, რადგან ჩვენი წლიური მოხმარება 1 მილიარდ 800 მილიონი კუბური მეტრია! ანუ დანარჩენი აზერბაიჯანიდან შემოდის. აქედან რაღაც ნაწილს შეღავათიან ფასად ვყიდულობთ, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, მაგრამ მთავარი ხელშეკრულება მაინც SOCAR-თან გვაქვს გაფორმებული. საკმარისია ამ ხელშეკრულებას რაიმე ზიანი მიადგეს და ფასის დაწევაზე კი არა, დღევანდელი ფასის შენარჩუნებაზე გვექნება ლაპარაკი.
    როგორც ჩანს ეს მოლაპარაკება, სინამდვილეში, უკვე დაიწყო, რადგან ახალი მთავრობა სწრაფად სწავლობს და ხვდება განსხვავებას სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. იმასაც მიხვდებიან ალბათ, რომ თუ გაზის ნაწილში კიდევ შეიძლება რაღაც ხელშეკრულებებზე ლაპარაკი, - რაც SOCAR-ს ცოტათი გაურთულებს ჩვენი დასჯის საქმეს, - ბენზინის და სხვა ნავთობპროდუქტების ნაწილში მისი შესაძლებლობები საერთოდ შუზღუდავია. არადა, თუ არჩევნების შემდეგ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდება, თუ გაზი, ნავთობი (აქედან გამომდინარე ელექტროენერგია) გაიაფების მაგივრად გაძვირდება, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება უკვე 6 თვის შემდეგ და სრულიად კატასტროფულ სიტუაციაში - მომავალი წლის ბოლოს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. SOCAR-მა ეს ძალიან კარგად იცის. ისევე, როგორც ყოველთვის კარგად იცოდა Газпром-მა
    ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ როგორც კი ბაქოდან გამაფრთხილებელი სიგნალები წამოვიდა, თბილისში შეწყდა სრულიად არაფრისმომცემი და „ცარიელი“ (რბილად თუ ვიტყვით) ლაპარაკი რკინიგზაზე, რამაც მოსკოვის გულგრილად დამცინავი დამოკიდებულება (თითქოს მათ კი არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება) და ბაქოს გაღიზიანება გამოიწვია. ეს რკინიგზა არის ფანტომი, ჰაერი, ზღაპარი, მოჩვენება და რაც გინდათ ის დაარქვით - რეალური პროექტის გარდა. მას იმდენი პრობლემა აქვს პოლიტიკურიდან - ფინანსურამდე, რომ მასზე ლაპარაკიც კი ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს.
    ახალი მთავრობა ალბათ იმიტომაცაა „ახალი“, რომ ჯერ არ ესმის: პოლიტიკის მთავარი კანონი აუტივარი თავის უზაროდ არატკივებაა. თუმცა ყველაფრით ჩანს, რომ ძალიან მალე სწავლობენ და ამ კანონსაც სწრაფად ისწავლიან

2011