რაო? რისი თქმა გინდათ, ექსპრემიერო სიგუა?

რაო? რისი თქმა გინდათ, ექსპრემიერო სიგუა?

  
   

    თენგიზ სიგუას ტრაგიკული კარიერა ქართული პოლიტიკური მეცნიერების ქრესტომათიულ მაგალითად იქცევა. მაგალითად იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს ერთის მხრივ ბობოქარი პიროვნული ვნებების, ხოლო მეორეს მხრივ - ბრძენი და გამოცდილი მტრის სპეცსამსახურთა ხელში ბრმა იარაღად ყოფნას.

    თენგიზ სიგუა, შეიძლება ითქვას, ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია - სხვა საკითხია, რამდენად არის თვით ეს ინტელიგენცია «თვალსაჩინო», ან მის მიერ გამომუშავებულ-შეთვისებული ზნეობრივ-ეთიკური ნორმები რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტად ცივილიზებულ დონეს; მაგრამ ამჯერად ჩვენ ამ საკითხს არ ვიხილავთ. მხოლოდ გაკვრით შევახსენებ მკითხველს ილფისა და პეტროვის შესანიშნავი კომიკური მოთხრობის გმირის საქციელს, რომელიც ოპერის პარტერში უაღრესად ზრდილი და რაფინირებული მანერების მქონე იყო, მაგრამ გარდერობში, «გალოშების» აღებისას ამტყდარი შეხლა-შემოხლის დროს, ნამდვილ პირუტყვად იქცა.

    ის, ვისაც სურს გაიგოს, შეიცნოს, ამ პიროვნების ურთულესი ბუნება, მისი ტრაგედიის სიღრმისეული მიზეზები, ვერასოდეს შეძლებს ამას, თუ არ უნახავს თენგიზ სიგუა 1991 წლის 21 დეკემბრის საღამოს. მეორე დილით თბილისში ომი დაიწყო. რაც მთავარია, იმ საღამოს ყველა «მთავარმა გმირმა» უკვე იცოდა ამ ომის გარდაუვალობა, იცოდა ეს თენგიზ სიგუამაც. აი, მისი სიტყვები: «მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი. . .» მეორე დღეს საცოდავმა გურამ პეტრიაშვილმა ალბათ თავის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად გამოამჟღავნა რაღაც ინტელექტის მაგვარი და ტელეეკრანიდან მიმართა ექსპრემიერს: «გუშინდელი თქვენი საუბარი ნორმალური ადამიანის საუბარს აღარ ჰგავდაო». თვითმხილველები დამიდასტურებენ, რომ იმ ბობოქარ დღეებში სიგუას მთელი არსება ერთი წყურვილით, ერთი ვნებით იყო აღსავსე - იგი გამუდმებით, ტყვიების ზუზუნში გარბოდა გარეთ, საბრძოლო პოზიციებზე, ეხმარებოდა დაჭრილებს, იოტისოდენ შიშს არ ამჟღავნებდა და ლამის თავადაც აეღო იარაღი ხელში.
    მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ვნება არ იყო ხელისუფლებისაკენ სწრაფვა; თენგიზ სიგუა არ განეკუთვნება «პარტიულ ნომენკლატურას», რომელიც «სავარძლიდან ჩამოშორებას» ისევე აღიქვამს, როგორც ნარკომანი - წამლის უკმარისობას; «ძალაუფლებრივი კრუნჩხვა» უცხო იყო და არის «საბჭოთა მეცნიერისათვის». მისი ნება და აღტკინება სულ სხვა მიზეზით აიხსნება. კერძოდ, ფანატიკური, მძვინვარე სიძულვილით ზვიად გამსახურდიასადმი.
    უნდა ვაღიაროთ: ამ უკანასკნელს დაახლოებულ პირთა «გამძვინვარების» განსაკუთრებული უნარი გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ თენგიზ სიგუა კარგა ხნის განმავლობაში უარს ამბობდა დაეკავებინა პრემიერის სავარძელი; შემდეგ რამდენიმეჯერ თავადაც კი მიმართა პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, მაგრამ მაშინ გამსახურდიამ ამ თხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად ჩათვალა. შედეგად კი ის მიიღო, რომ სიგუა, 1992 წლის 4 იანვარს, ომითა და ნგრევით დაუბრუნდა საკუთარ სავარძელს. ისევ და ისევ ვიმეორებ: არა ხელისუფლებისადმი მანიაკალური სწრაფვის გამო, არამედ საძულველი მტრის ჯინაზე - მის დასამცირებლად.

    მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, თენგიზ სიგუას პიროვნული ვნებები მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. მეორე მხრივ კი, რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს მოვლენათა განვითარებას საქართველოში, რა თქმა უნდა ხელიდან არ გაუშვებდნენ ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის შანსს, რომელსაც «ქართული კომპლექსებით» აღტკინებულ პიროვნებათა შეურიგებელი ანტაგონიზმი ქმნიდა.
    სწორედ მათ შექმნეს სიგუა-კიტოვანის ტანდემი, რომლის მეორე მონაწილეს, პირველისაგან განსხვავებით, მიუხედავად ინტელექტუალური დონისა, სწორედ რაციონალური საწყისი ამოძრავებდა და არა პირადი სიმპატია - ანტიპატია.
    ესეც ამ ტანდემის ერთ-ერთ პარადოქსად უნდა ჩაითვალოს. თუ რატომ, მკითხველი თავად მიხვდება. რაც შეეხება კონკრეტულ ხერხს, ტექნოლოგიას, ეს უკვე (როგორც იტყვიან) «ტექნიკის საქმე იყო».
    გაზეთ «კომსომოლსკაია პრავდა»-ში 1991 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა პატარა სტატია სათაურით: «строчи пулемётчик за сыра кусочек» - მასში აღწერილი იყო საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის მცდელობა, სურსათ-სანოვაგის სანაცვლოდ რუსეთიდან იარაღი მიეღო. წერილი სიგუას არაკომპეტენტურობის გამოვლინებად ჩაითვალა.
    ეს მხოლოდ პირველი ნაპერწკალი იყო, რომლისგანაც ავარდა შემდგომ «დემოკრატიული რევოლუციის ალი».

    გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შედეგად, ზემოთხსენებულმა ტანდემმა სახელისუფლო კონსტრუქციის სახე შეიძინა. მაგრამ ამ კონსტრუქციის მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ ედუარდ შევარდნაძე არც ერთი პარამეტრით არ ჰგავდა ზვიად გამსახურდიას. ანუ ის ხერხები და მეთოდები, რომელსაც ექსპრეზიდენტი წონასწორობიდან გამოჰყავდათ, «პოლიტიკური ინტრიგის დიდოსტატს» სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს კიტოვანი ციხეში ზის და, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა. რაც შეეხება მის განუყრელ «სულიერ ძმასა და მეგობარს», მან თავად შესწირა საკუთარ ვნებას პოლიტიკური პერსპექტივაც და საზოგადოებრივი იმიჯიც.
    ხოლო თენგიზ სიგუა-ჯაბა იოსელიანის «ტანდემი» შეუძლებელი და განუხორციელებელია, რადგან «ბებერი მოჯაჰედინი», როგორც პოლიტიკური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სხვა კატეგორიის ფენომენია.

«მიმოხილველი», 10 აგვისტო, 1995 წელი.