რამდენად შორს წავა რუსეთი?

რამდენად შორს წავა რუსეთი?

    კვირას ნაშუაღამევს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უპრეცედენტოდ მასირებული საარტილერიო და საჰაერო დაბომბვის შემდეგ (რომლის დროსაც გამოიყენებოდა სტრატეგიული ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები), საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.
    ყველაზე საზარელი ის არის, რომ რუსეთმა მოახერხა ეთნიკური წმენდის განხორციელება სამაჩაბლოს ქართულ სოფლებში.
    როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს დაიკავოს როგორც მინიმუმ ე.წ. «კონფლიქტის ზონის» მთელი ტერიტორია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1992 წლის 24 აგვისტოს, დაგომისში ხელმოწერილი შევარდნაძე-ელცინის ხელშეკრულების შესაბამისად, რუსული ტანკები უშუალოდ მიადგებიან გორს და ამიერიდან სრულად გააკონტროლებენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტრასას, ვინაიდან ეს ავტომაგისტრალი კონფლიქტის უსაფრთხოების ზონის საზღვრად ითელება.
    რუსეთის სარდლობამ საქართველოს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: გაიყვანოს ყველა შეიარაღებული ფორმირება კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არმიამ უნდა დატოვოს არათუ ცხინვალის ზონა, არამედ გორიც კი.
    როგორც ჩანს, უშუალოდ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის სამხედრო ფაზა დასრულდა და დასრულდა ტრაგიკულად. ერთ-ერთი რუსი ექსპერტის თქმით «იმ ხერხს, რაც მოსკოვმა სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა «კგბ-შნიკური რაზვოდკა» ეწოდებაო».
    ეს ჟარგონული ტერმინი ძნელი სათარგმნია ქართულად, თუმცა ძალიან ზუსტად ასახავს მოსკოვის მზაკვრობას. დავაკვირდეთ, რა გველეშმაკურ განცხადებებს აკეთებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონფლიქტის პირველ Dდღეს «მოვუწოდებთ ორივე მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება . . . . და ა.შ». მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო «ღრმად შეითრიეს», დაიწყო ერთმნიშვნელოვანი განცხადებები და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-საინფორმაციო დაბომბვა (სარაკეტო დარტყმებთან ერთად).
    დღეს უკვე მომხდარის ანალიზზე ბევრად მეტად აქტუალურია საკითხი, თუ სად შეჩერდება რუსეთი და შეჩერდება თუ არა იგი საერთოდ. თუ რუსეთის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს სრული განადგურება, მან შეიძლება განაგრძოს შეტევა თბილისის მიმართულებით, აიღოს არა მხოლოდ კოდორის ხეობა, არამედ ზუგდიდი.
    თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით, იმავე მიზნის მისაღწევად, საკმარისი იქნება გორთან გამავალი საავტომობილო მაგისტრალის ბლოკირება.
    უმთავრესი საკითხი, რომელიც სათაურში გამოტანილ პრობლემასაც ხსნის, დასავლეთის აქტიურობას უკავშირდება: ანუ რუსეთი შეჩერდება იქ, სადაც მას დასავლეთი შეაჩერებს და არ შეჩერდება თბილისამდე, თუ ამ თვალსაზრისით ვაშინგტონიდან და ევროპის დედაქალაქებიდან მკაფიო მესიჯებს არ მიიღებს.
    სამწუხაროდ, რუსეთი ახერხებს ნაწილობრივ საქართველოსათვის არასასურველი საინფორმაციო ფონის შექმნას სამხრეთ ოსეთში «ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებასთან» დაკავშირებით, მაგრამ უმთავრესი ფაქტორი მაინც დასავლეთის ეგოისტური ინტერესია: საქართველო-რუსეთის კონფლიქტი დაემთხვა ვითარების დაძაბვას ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.
    ირანმა უარყო საერთაშორისო «ექვსეულის» წინადადება ბირთვული პროგრამის «კონტროლირების» შესახებ, ხოლო რუსეთმა დასავლელ პარტნიორებს აგრძნობინა, რომ შეიძლება მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის მიღებას. თუ, რასაკვირველია დასავლეთი «სხვა მიმართულებებით» გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს.