რაზე ჟღურტულებდნენ პრიმაკოვი და არძინბა სოჭში?!

რაზე ჟღურტულებდნენ პრიმაკოვი და არძინბა სოჭში?!

      რამდენიმე დღის წინ, სოჭში გამართული შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი პრიმაკოვსა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას შორის იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმ დროს შავიზღვისპირეთში შვებულებით იმყოფებოდა.
    როგორც ცნობილია, სოჭის შეხვედრა წინ უსწრებდა საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსის, ვალერი ჩხეიძის განმეორებით ვიზიტს აფხაზეთში, სადაც გაჭიანურებული სასაზღვრო პრობლემის საკითხები უნდა განხილულიყო.
    საგულისხმოა, რომ შარშან, ასევე აგვისტოში, და ასევე შავიზღვისპირეთში შვებულებით მყოფი პრიმაკოვი შეხვედრას არძინბასთან, მოჰყვა მათი გასაიდუმლოებული ჩამოფრენა თბილისში და გახმაურებული მოლაპარაკებები კრწანისის რეზიდენციაში - დაგეგმილი იყო იმ საკითხთა ფორმატის განსაზღვრა, რომელიც მოგვიანებით დაგეგმილ მოსკოვის შეხვედრაზე უნდა განხილულიყო.
    თუმცა მოსკოვს გამგზავრება საჭირო აღარ შეიქნა. მხარეებმა შეთანხმებას თბილისშივე მიაღწიეს. მაშინ შევარდნაძემ და არძინბამ ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნეს, რომ ამიერიდან სადავო საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა მიღწეულიყო და არამც და არამც იარაღით.
    დღეს უკვე დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ პრიმაკოვის 1997 წლის საზაფხულო ინიციატივა აფხაზეთის სამხედრო წარმატების, ახლა უკვე სამართლებრივ უზრუნველყოფას ემსახურებოდა და მისი ლოგიკური გაგრძელება გახლდათ მაისის ტრაგედია და გაგრის ცნობილი ოქმი, რომელიც «საგარეო მინისტრების» დონეზე გაფორმდა.
    ამით უკვე მერამდენედ გაცხადდა რუსეთის საშუამავლო მისიის ჭეშმარიტი არსი, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების ილუზორული განწყობა, რომ მოსკოვის საშუალებით როგორმე მოახერხებდა კონფლიქტის მოწესრიგებას.
    პრიმაკოვის შარშანდელი წამოწყება, უეჭველია, «მოულოდნელობის ეფექტს» ემყარებოდა და უნდა ითქვას, რომ მან გაამართლა - ქართული მხარე გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა და ამ მძაფრ ცაიტნოტში ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელსაც მისთვის პოზიტიური შედეგი არანაირად არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
    სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტაზე უარის თქმით, საქართველომ ნებაყოფლობით დათმო სეპარატისტულ რეჟიმზე პოლიტიკური ზემოქმედების უკანასკნელი ბერკეტი - ნურავის ეგონება, თითქოს აფხაზებს ნაკლებად აშინებთ ფართომაშსტაბიანი ომის პერსპექტივა.
    რაც შეეხება ზეწოლის იმ ტაქტიკას, რომელსაც ხელისუფლებამ მიმართა (პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება) - არაორგანიზებულობისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო სტრატეგიის უქონლობის გამო იგი იმთავითვე განწირული იყო მარცხისათვის.
    შედეგად მივიღეთ ის, რომ მაისის ცნობილი მოვლენების წინა პერიოდში აფხაზებმა საკმაოდ მახვილგონივრულად მოახდინეს სამურზაყანოს საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისათვის ხელსაყრელი სიტუაციის იმიტაცია და ამას რაც მოჰყვა, ყველასათვის ცნობილია.
    როგორც ჩანს, რაღაც ამგვარივე მზადდება ამჯერადაც. საინტერესოა კომენტარი, რომელიც პრიმაკოვ - არძინბას სოჭის ამჟამინდელ შეხვედრას რუსეთის დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გაუკეთა.
    სოჭი აფხაზეთის გვერდითაა და პრიმაკოვმაც არძინბა უბრალოდ, ვახშამზე მიიწვია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თავის დროზე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არძინბა სწორედ ჟენია პრიმაკოვის ასპირანტი გახლდათ და «ძველი ნაცნობები» ერთმანეთის შესახვედრად თუ განეწყვნენ, ამაში საგანგაშო არაფერიაო» - ითქვა; მეტი ცინიზმი დიპლომატის მხრიდან ძნელი წარმოსადგენიცაა.
    ხომ წარმოგიდგენიათ, ქართული არმიის რომელიმე ოფიცერს (ასეთი კი უსათუოდ იქნება) რუსეთ-ჩეჩნეთის ომისას ასლან მასხადოვი, ვთქვათ, ყაზბეგში მიეწვია ვახშამზე, - აქაოდა, თბილისის საარტილერიო სასწავლებელში ერთად ვსწავლობდით, ახლოს იყო და მომენატრაო.
    ერთი რამ ცხადია: არც «პრიმაკოვის» აღმოსავლურ კარიერას» (სხვათა შორის, იგი საკმო ხანს უშუალოდ კურირებდა რუსეთის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში) ჩაუვლია უკვალოდ და მას ვერც «სამეცნიერო პოლიტიკური» კადრების აღზრდაში დასდებ წუნს - როგორც იტყვიან, ფერი – ფერსა, მადლი ღმერთსა.

მერიდიანი, 24 აგვისტო, 1998 წ.