რა ჩამოგვიტანა ქალბატონმა ჰილარიმ?

რა ჩამოგვიტანა ქალბატონმა ჰილარიმ?

    „ძალიან დავიღალე“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა ბათუმის აეროპორტში ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე. დიპლომატიას თავისი ენა აქვს, ხოლო ყველა სიმბოლოს - საკუთარი მნიშვნელობა. ძალიან ეჭვი მეპარება ანალოგიური განცხადება ქალბატონ ჰილარის ბაქოში ან მით უმეტეს ანკარაში გაეკეთებინა, სადაც საქართველოდან გაემგზავრა. როგორც ჩანს, დიპლომატიური ენიდან თარგმანია საჭირო. ამ თარგმნის შესაბამისად კი, კლინტონს უნდოდა ეთქვა, რომ მეგობრებთან ჩამოვიდა და დასვენებას აპირებს. ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ეს ქარაგმა უეჭველად იმასაც ნიშნავს, რომ მეტის და განსაკუთრებით ბევრის იმედი ამერიკისგან არ უნდა გვქონდეს. ანუ, იმაზე მეტის, რასაც დღეს აკეთებს და რაც ჰილარიმ მოიმოქმედა აჭარაში ყოფნისას.
   ქალები ბუნებით დიპლომატები არიან. ამიტომ ჰილარი კლინტონიც შესანიშნავი დიპლომატია. აბა რომ არა მისი „დიპლომატიური ნიჭი“, როგორ ამოძვრებოდა იმ თავსლაფდასხმიდან, რაც მისმა ღირსპატივცემულმა ქმარმა, პრეზიდენტმა კლინტონმა დამართა 1990-იან წლებში, როდესაც ოვალურ კაბინეტს (ჯორჯ ვაშინგტონი საფლავში გადატრიალდებოდა) „ორალური კაბინეტი“ უწოდეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა. სიგარაც ბევრად პოპულარილი გახდა მაშინ ამერიკის დედაქალაქში. თუ რატომ, არ დავაკონკრეტებ. საქმეში ჩახედული მკითხველს ეხსომება. გაზეთებს კი 18 წლამდე ბავშვებიც კითხულობენ.
   თუმცა, დავანებოთ თავი ქალბატონ ჰილარის ქალურ-დიპლომატიურ ღირსებებს. ბოლოს და ბოლოს თვითონ განაცხადა, რომ დაიღალა პოლიტიკით და უახლეს ხანებში საზოგადოებრივ აქტიურობას საერთოდ ჩამოშორდება: „ქმარ-შვილს უნდა მივხედო, ამას წინა გოგო გავათხოვეო“. ბათუმის აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე და მისი მშვენიერი მოადგილე ნინო კალანდაძე დახვდნენ, რომელიც ჩვენი საგარეოპოლიტიკური უწყების ფავორიტად რჩება მიუხედავად იმისა, რომ მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა დიპლომატიურ და შიდაპოლიტიკურ ფრონტზე.
   როგორც ჩანს, ქართულ დიპლომატიურ უწყებაში მიიჩნიეს, რომ „მონათესავე სულები“ უფრო გაუგებდნენ ერთმანეთს. ნინო კალანდაძეც ხომ „ბრწყინვალე დიპლომატია“ ამ აზრით. თვით გრიგოლ ვაშაძემ კი ჰილარის ქალურ ეშმაკობებს ცოტა არ იყოს უცნაური დემარშები შეაგება. ჯერ ერთი, განსხვავებით 2010 წლის თბილისური ვიზიტისგან, თეთრი ვარდების კონა აღარ აჩუქა. როგორც ჩანს, ამერიკელმა დიპლომატებმა რბილად აუხსნეს, რომ მისი თბილისური ჟესტი არც თუ მთლად დიპლომატიური იყო. ყოველ შემთხვევაში, ჰილარი კლინტონმა მსოფლიო სამჯერ მოიარა უკვე და აეროპორტში ყვავილების თაიგულით ან ხელზე კოცნით არსად დახვედრიან. შესაძლოა არაოფიციალურ გარემოში ჩუქნიან და კოცნიან კიდეც. მით უმეტეს, რომ ჰილარის უყვარს კარგი ცხოვრება, რაც ამას წინათ კარაკასის ღამის ბარებში დააფიქრსირეს აბეზარმა ფოტოსტრინგერებმა, მაგრამ პროტოკოლი-პროტოკოლია და მისი დარღვევა ამერიკელებს არ მოეწონებოდათ.
   გარდა ამისა, კლინტონთან მოლაპარაკება (აეროპორტში ნათქვამი მეგობრული ფრაზაც ითვლება დიპლომატიაში) გრიგოლ ვაშაძემ იმ ცნობით დაიწყო, რომ ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოსთან დიალოგს უვიზო რეჟიმის შესახებ. მერედა ამერიკა რა შუაშია? ამერიკა კი არა, შენგენის ზონაში დიდი ბრიტანეთიც არ შედის და მანამდე არაფერი გეტკინოთ პატივცემულო მკითველო, რაც ევროკავშირი საქართველოს (ისევე, როგორც რუსეთს, უკრაინას, ბელორუსს და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვალზე ოცნებობს მთელი ცხოვრება) უვიზო რეჟიმს არ დაუწესებს!
   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
   მოგვიანებით, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკული დიპლომატიის ქალბატონმა ასევე ქარაგმულად გვითხრა: უვიზო რეჟიმზე ოცნებას თავი დაანებეთ, მაგრამ თავისუფალ ვაჭრობაზე და ახალ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე დიალოგი სავსებით შესაძლებელიაო. კაცმა რომ თქვას, არც ეს არის ცოტა. ამერიკის ბაზარზე შესვლა მართლაც სერიოზული ბონუსია, მაგრამ ერთი უბედურება სჭირს ამ ბაზარს (ჩვენთვის): მეტისმეტად შორსაა. გზის დანახარჯები კი, ნებისმიერი „უპირატესი კეთილგანწყობის“ პირობებშიც კი ისე აძვირებს პროდუქციას, რომ იგი არაკონკურენტული ხდება.
   რაც შეეხება საინვესტიციო ხელშეკრულებას, ამ განცხადებამ სასიამოვნო იმედი აღმიძრა: იქნებ მიხვდნენ ბოლოს და ბოლოს საქართველოს მთავრობაში, რომ არანაირ „საინვესტიციო ხელშეკრულებას“ ამერიკასთან აზრი არა აქვს (ინვესტორები ერიდებიან კაპიტალდაბანდებას იმ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქთან არც ისე შორს ატომური ზესახელმწიფოს ტანკები დგანან) მანამ, სანამ არ ექნებათ გარანტია ამ ინვესტიციების დაცვისა პოლიტიკური რისკებისაგან. ესე იგი, ამერიკელებთან პირველ რიგში მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ არა მითიურ „უვიზო რეჟიმზე“ (რაც უბრალოდ ზღაპარია), არამედ ხელშეკრულებაზე სახელმწიფო ორგანიზაცია OPIK-თან, რომელიც ამერიკის მეგობარ ქვეყნებში ამერიკულ კერძო ინვესტიციებს აზღვევს. მათ შორის პოლიტიკური რისკებისგანაც.
   იმის თქმა არ მინდა, თითქოს თუ პრეზიდენტი ობამა OPIK-ს (ვიმეორებ - სახელმწიფო კორპორაციაა) საქართველოში ინვესტიციების დაზღვევას უბრძანებს, ამერიკელი ინვესტორები აღა-მაჰმად ხანის ურდოებივით შემოგვესევიან, მაგრამ მაინც, - ეს უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე წყლის ნაყვა უვიზო რეჟიმზე ან ბევრის არაფრის მომცემი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
   ისე, მართლა ძალიან საინტერესოა, რამდენად „ტვინავს“ ამას ღირსპატივცემული ქალბატონი ნინო, რომლის შთამბეჭდავი და კაშკაშა ღიმილი ჰილარი კლინტონის ბათუმური ვოიაჟის თვალგასახარ სიმბოლოდ იქცა.
   კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, კლინტონმა კვლავ ახსენა „ოკუპაცია“ და „მილიტარიზაცია“ რუსეთთან მიმართებაში. ამერიკა იმიტომ არის ამერიკა და იმიტომაა ზესახელმწიფო, რომ განსახვავებით ევროპის დღვანდელი დედალმაშო ლიდერებისგან, მას არ ეშინია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს ომს გამოუცხადებს ჩვენს გამო, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ვერც ერთ ევროპელ პრეზიდენტს თუ პრემიერს ეს ტერმინი (ოკუპაცია) ვერ წამოვაცდენინეთ, ამერიკელი ლიდერების მხრიდან ასეთი განცხადებები მაინც არ არის „ხუმრობა საქმე“.
   კლინტონმა ისევ და ისევ ხაზი გაუსვა ავღანურ ოპერაციაში ქართული კონტინგენტის წვლილს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ „პროდასავლური კურსის“ გაგრძელებას და ევრო-ამერიკელ ლიდერებში ჩვენი ქვეყნის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობის ჩანერგვას ვაპირებთ. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ავღანეთში ჩვენი ვაჟკაცი და სულმნათი ბიჭები იღუპებიან, მაგრამ „უაზროდ და უშედეგოდ იხოცებიანო“ - ამის თქმა არა მხოლოდ არასწორია, არამედ უზნეობაცაა.
   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
   გარდა ტკბილი ნუგბარისა „ოკუპაცია-მილიტარიზაციის“ შესახებ გაკეთებული განცხადებების სახით, ქალბატონმა ჰილარიმ სანაპირო დაცვის კატარღა გვაჩუქა. მივაქციოთ ყურადღება: იგი ამერიკელებმა საუკეთესო სანავიგაციო და წყალმავალი ტექნიკით აღჭურვეს, მაგრამ მასზე არანაირი იარაღი არ დაგვიმონტაჟეს. ესეც არა მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილებაა, არამედ დიპლომატიური მინიშნებაც. თანაც არა იმდენად რუსეთის, რამდენადაც ჩვენს მიმართ: რუსეთს ომს მაინც ვერ მოუგებთ, თქვენს გამო კი „დათვთან“ ომს ვერც ჩვენ დავიწყებთ, - ამიტომ დიპლომატია უნდა გააძლიეროთ და სხვა გარანტიები უნდა ეძიოთო.
   რაში მდგომარეობს ეს სხვა გარანტიები, მოგვიანებით გაირკვა, როდესაც კლინტონი მისი ვიზიტის მთავარ თემას - მომავალ არჩევნებს შეება. ბათუმში იგი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილიც მიიწვიეს, მაგრამ მილიარდერმა უარი განაცხადა. იგი ცალკე შეხვედრას ითხოვდა და დათო გამყრელიძის ან გიორგი თარგამაძისთის თავის გაყადრებას არ აპირებდა. ძალიან ცუდად უნდა იცნობდე ამერიკას და ამერიკულ დემოკრატიას, სახელმწიფო მდივნისგან მოითხოვო ცალკე შეხვედრა მხოლოდ იმის გამო, რომ 8, 10 ან თუნდაც 100 მილიარდი გაქვს. ამას ამერიკელები შეურაცხყოფადაც კი აღიქვამდენ. მით უმეტეს, რომ შენი მხარდაჭერის დონე ჯერ არც ერთ არჩევნებში არ გარკვეულა: მიტინგი (თუნდაც მრავალათასიანი) ამ დისკურსში „არ ითვლება“ და ამერიკე;ლებს მთავარ ინდიკატორად სულაც არ მიაჩნიათ.
   ზუსტად ამავე მიზეზით, 2010 წელს ჰილარი კლინტონმა უარი განაცხადა ცალკე შეხვედროდა ნინო ბურჯანაძეს, რადგან არც მას მიუღია მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც მისი პოლიტიკური ძალის რეალურ (არასამიტინგო, არამედ ელექტორალურ) მხარდაჭერას დადასტურებდა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ქალბატონი ბურჯანაძე საერთოდ მიიწვიეს თუ არა ბათუმურ შეხვედრაზე. არ არის გამორიცხული, ამერიკელებმა იგი დასაჯეს 2010 წლის უარის გამო და, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, მოსაწვევი საერთოდ არ გაუგზავნეს. არც მისი 2009-2011 წლების განცხადებები გამოეპარებოდათ ელჩის მისამართით. მაგრამ ნინო ბურჯანაძემ ეს თავიდანვე გათვალა და კლინტონის ვიზიტის დროს საქართველოდან წასვლა ამჯობინა. ამდენად, თუ მის ხელქვეითებს კითხავდი: „ქალბატონი ნინო მიიწვიეს ბათუმში თუ არა“, გპასუხობდნენ: „საქართველოში არ არის და, ბუნებრივია, ვერც მიიწვევდნენო“. ძალიან გულუბრყვილო ხალხზეა გათვლილი ეს პასუხი: ქალბატონ ნინოს რომ კლინტონთან (მით უმეტეს, მისთვის სასურველ ფორმატში) შეხვედროს შანსი ჰქონოდა, ნებისმიერ საზღვარგარეთულ ვიზიტს გადადებდა!
   ოპოზიციასთან საუბრის დროს კლინტონმა ნამდვილად აღნიშნა: „არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობას უკავშირდებაო“, მაგრამ ისიც გაიკვირვა, „თუკი საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს ბიძინა ივანიშვილს, რატომ არ სარგებლობსო“. საქმე ისაა, რომ ამერიკელებმა, რასაკვირველია იციან ვაშინგტონში გაჩაღებული „ლობისტური ომის“ შესახებ და ამით უნდოდა ეთქვა: „შეგვიკალით ხელში „ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცესო საააკშვილმა“ და თუ მიეცა ასეთი შანსი, რატომ არ იყენებსო“.
   იურიდიულ-საკონსტიტუციო ნიუანსებში კაზუისტურ ჩაღრმავებას რომ ჰილარი კლინტონი ვერ შეძლებდა და არც მოინდომებდა, მზესავით ნათელია: ისედაც უამრავი პრობლემა აქვს დაწყებული სირიით, დამთავრებული ირანისა თუ ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამებით და, ახლა, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე დადგმულ ინტრიგებს ვერ შეყვებოდა, რასაკვირველია.
   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
   მაგრამ ერთი კი ძალიან მკაფიოდ თქვა: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობათა შემდგომი განვითარება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიული იქნება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ამას, როგორც იტყვიან, „წყალი არ გაუვა“. ქვეყანა რომ დაიქცეს, ამერიკელები აქ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევენ უკან. მივაქციოთ ყურადღება, რომ როიტერის კორესპოდენტმა (როიტერი კი ხუმრობა საქმე არ არის ზოგადად) ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე კითხა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს: „პრემიერ მინისტრობას ხომ არ აპირებო“, შემდეგ იგივე კითხვა სახელმწიფო მდივანს შეუტრიალა: „თუ მიშა პრემიერ-მინისტრი გახდა, ისევე გააკრიტიკებ თუ არა, როგორც პუტინს აკრიტიკებ მისი სახელისუფლებო პერტურბაციებისთისო“.
   სააკაშვილმა კითხვას არ უპასუხა. თუმცა, როგორც ბევრმა დამკვირვებელმა არაერთგზის აღნიშნა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრემიერობას აპირებს. არანაკლები ალბათობით შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა, თავად და მისი გუნდი (!) 2013 წლამდე, მთ უმეტეს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, „კოჭლ იხვად“ გადაიქცეს, რომელიც „ისედაც წამსვლელია“, ხოლო ვირთხებმა გემიდან გადახტომა დაიწყონ ახალი პატრონის ძიებაში.
   რატომღაც მგონია, რომ კლინტონთან პირისპირ შეხვედრისას მიშა უფრო მეტად გულწრფელი იქნებოდა ამ თემაზე საუბრისას. კლინტონს კი ვერაფერს შეატყობდი. ნამდვილად სერიოზული იგი მხოლოდ იმ მომენტში გახდა, რაც მეორე ამერიკელმა ჟურნალისტმა პეკინში პუტინ-ჰუ ძინ ტაოს შეხვედრის შესახებ დაუსვა კითხვა ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა მორიგი ანტიდასავლური „ხიდისთავს ფიცი შეკრეს“ სირიის საკითხში, რომელიც ევრო-ამერიკელებისთის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ლამის ირანის თემაც კი დაჩრდილოს. მხოლოდ ამ თემაზე საუბრისას აუელვარდა ქალბატონ ჰილარის ფოლადი თვალებში, როგორც მონიკა ლევინსკიზე საუბრისას უელავდა ხოლმე 13 წლის წინ.
   იმავე პრეს-კონფერენციაზე, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკვე გაუგზავნა დირექტივა ამერიკის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას მთელს მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც, რასაკვირველია), სცნონ და ლეგალურად მიიჩიონ ე.წ. „სტატუს-ნეიტრალური“ პასპორტები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება გასცემს აფხაზებისა და ოსებისთვის. ბუნებრივია, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები ბევრს არავის მისცემენ ამ დოკუმენტების აღების საშუალებას, მაგრამ ამერიკის მხრიდან მაინც მნიშვნელოვანი ჟესტია. თანაც სწორედ საქართველოს მიმართ, რაკი უეჭველად თბილისის წინადადება იყო. ევროპელებს ხომ ესეც ვერ გავაბედინეთ.
   მაშ სხვა რა ჩამოგვიტანა ქალბატონმა ჰილარიმ „ნეიტრალური პასპორტების“ ცნობისა და გარემონტებული საბჭოთა „გრიფის“ გარდა? ჩამოგვიტანა მესიჯი, რომ ამერიკისთვის სულ ერთი არ არის, რა დაემართება საქართველოს. ამიტომ, თუ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, თუ რუსული სამხედრო წვრთნების გამო არ ჩავისველებთ და ხმას იგორ გიორგაძეს არ მივცემთ, თუ პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემას (მათ შორის მედია-სივრცეს) ავაშენებთ ისე, რომ ეს პლურალიზმი ქვეყანას არ დააქცევს და გაუთავებელი უაზრო დაპირისპირების მარაზმში არ ჩაფლავს, ამერიკა ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი იქნება! ანუ დაგვეხმარება იმდენად, იმ დოზით, რამდენსაც Realpolitik-ის ფარგლებში შეძლებს.
   უბრალოდ, ეს ფარგლები მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოსთვის უფრო ფართოა, ვიდრე ბევრი სხვისთვის.

2012