რა უნდა რუსეთს?

რა უნდა რუსეთს?

    ზურაბ აბაშიძის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, რუსეთის მიმართულებით გადადგმული პირველი ნიშანდობლივი (ანუ, როგორც რუსები ამბობენ ხოლმე Знаковый) ნაბიჯი არ არის. მანამდე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. თავისთავად, ეს ბევრად უფრო მრავლისმთქმელი დაპირება იყო, ვიდრე უბრალოდ ოლიპიურ თამაშების ბოიკოტირებაზე უარის თქმა, რადგან სოჭის სტადიონებზე გამოსვლით და საქართველოს დროშის იქ აღმართვით, ახალი ხელისუფლება ახორციელებს იმ გადაწყვეტილებათა პოლიტიკურ დეზავუირებას, რაც წინა მთავრობამ და პარლამენტმა მიღეს „ჩერქეზთა გენოციდთან“ დაკავშირებით. სწორედ ასე იქნება ეს აღქმული მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩერქეზულ სამყაროში და უკვე აღიქვეს კიდეც რუსეთში.
    რა თქმა უნდა, არ გამოეპარებოდათ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ერთადერთი პოლიტიკოსისა, რომელსაც რუსული დიპლომატიის მეთაური, სერგეი ლავროვი შეხვდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ; და არც პაატა ზაქარეიშვილის დაწინაურება „ოცნებასთან“ დაახლოებული ექსპერტობიდან - სახელმწიფო მინისტრამდე რეინტეგრაციის დარგში. ზაქარეიშვილსაც და ალასანიასაც მოსკოვში „ხელჩამორთმევად“ (рукопожатный) პოლიტიკოსებად მიიჩნევენ. განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისაგან.
    ზურაბ აბაშიძეც სწორედ ამ რიგში დგება. ანუ მათთვის „ხელჩამორთმევადი“ პოლიტიკოსებისა. მან საკმაოდ დიდხანს იმუშავა მოსკოვში ელჩად: 1998 – 2004 წლებში. მართალია რუსეთ-საქართველოს ურთიერთბათა მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ პერიოდზე მოდის და 2002 წლის 11 სექტემბერს (!) პუტინი შევარდნაძეს ქვეყნის დაბომვითაც დაემუქრა, თუმცა ეს არა იმდენად ელჩ აბაშიძის დამსახურება იყო, რამდენადაც იმდროინდელი პრეზიდენტის განცხადებებისა „ნატოს კარზე დაკაკუნების“ შესახებ, რამაც სხვა მრავალ შედეგთან ერთად, სამხრეთ ოსეთში ფანატიკოსი ანტიქართველი კოკოითის მხარდაჭერა და მისი ხელისუფლებაში მოყვანა გამოიწვია.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მიუხედავად ამისა, დღეს მოსკოვში მაინც ფრთხილობენ. საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალური წამომადგენელი, ალექსანდრე ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე მხოლოდ საქმეების მიხედვით იმსჯელებენ. ანუ, სოჭის ოლიმპიადა ამისთვის საკმარისი არ იქნება. ეს დიპლომატიური ფრაზა პასუხისაგან თავის არიდების საშუალებაა, თორემ აბა რა უნდა იყოს დღევანდელ ეტაპზე იმაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვიდრე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, ან პაატა ზაქარეიშვილის განცხადება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე?
    მიუხედავად ამისა, მოკოვიდან კვლავინდებურად ჩამი-ჩუმი არ ისმის ლუკაშევიჩისა და მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინის მშრალი განცხადებების გარდა, სადაც ძირითადი აზრის გაგება ძალიან ძნელია. აპირებენ კი საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნას საქართველოსთან მოსალაპარაკებლად? თუ ერთადერთ არხად მთავარი სანიტარი ონიშჩენკო მიაჩნიათ? მან უკვე გვიწოდა „ჯუჯა კვაზიეროვნული წარმონაქმნი“ (Карликовое квазинациональное образование) და არ არის გამორიცხული, სწორედ მან დანიშნოს, საქართველოს დასამცირებლად, „სპეციალური წარმომადგენელი“ ზურაბ აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად. თუმცა ეს უკანასკნელი, როგორც მინიმუმ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაინც გეგმავს დიალოგს და არა რუსეთის სანიტარულ ექიმთან.
    პოლიტიკაში პროგნოზირება „მოვე-ტონად“ ითვლება. მით უმეტეს, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მაგრამ გავბედავ ვივარაუდო, რომ გენადი ონიშჩენკო, სინამდვილეში, სულაც არ აპირებს ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე (სერიოზული ოდენობით და არა სიმბოლურად, ანუ თვალში ნაცრის შესაყრელად) სანამ საქართველო ევრაზიულ საბაჟო კავშირში შესვლაზე არ გააკეთებს განაცხადს. სხვა არც არაფერი იქნება საჭირო და საკმარისი, რადგან ეს საბაჟო კავშირი უკვე თავისთავად ის „კოდია“, რომელიც მიჯნავს რუსეთს და მის სატელიტებს - ევროატლანტიკური სივრცისგან.
    რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოშველიებას: WTO-ს წესდების არც ერთი პუნქტი არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ იმპორტზე შეზღუდვა, თუ ეს შეზღუდვა მოტივირებულია არა პროტექციონიზმით, არამედ მოსახლეობის ჯანმრთლობის დაცვის მოსაზრებებით. ჯანდაცვის ნომრებს კი ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად ადგენს - WTO ამაში არ ერევა. აქედან გამომდინარე, თავმოყვარეობასაც კი რომ გადააბიჯოს მთავრობამ, მოლაპარაკება ონიშჩენკოსთან, - ვინც თავსლაფს გვასხავს თავისი შეურაცხმყოფელი განცხდებებით, - რეალური შედეგის მომტანი არ იქნება. თუ, რასაკვირველია, საბაჟო კავშირში შესვალს არ მოვითხოვთ და ამ შემთხვევაშიც კი ბევრს „გვაწრუწუნებენ“, სანამ საბოლოოდ მიგვიღებენ და ბაზარს მართლა გაგვიხსნიან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რაც შეეხება რკინიგზას: მოსკოვს, ერევანს და სოხუმს (მოგვწონს თუ არა, ისიც აქტორია ამ საკითხში), ზაქარეიშვილის განცხადების შემდეგ თავი ისე უჭირავთ, თითქოს ეს რკინიგზა მხოლოდ საქართველოს სჭირდება და აქეთ მოიღებენ მოწყალებას. ამგვარი პოზიციაც აბსოლუტურად ბუნებრივია, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებამდე აცხადებ, რომ არავითარ წინაპირობას არ დააყენებ. ლტოლვილთა დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია - შევარდნაძის დროს აფხაზები და რუსები იმასაც კი არ დაეთანხმნენ, რომ აფხაზეთის გავლით სამგზავრო მატარებლებს ევლოთ: „ქართველები ხომ შეიძლება სადმე გულრიფშთან გადმოხტნენ შემადგენლობიდან, ამიტომ მხოლოდ სატვირთო მატარებლები ივლიანო“.
    მთლიანობაში, ეს ყოველივე მორიგი ისტორიული გაუგებრობის სახეს იძენს, რომელიც იმ ფუნდამენტური პრობლემიდან გამომდინარეობს, რომ ქართულ ელიტას ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან. მართლაც მოარულ კითხვად იქცა და უკვე ლამის 20 წელია ისმის: „რა უნდა რუსეთს“, „როგორ გავიგოთ რა უნდათ ჩვენგან?“, რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ (გავიხსენოთ 1990 -იანი წლების სამხედრო ბაზები, მერე ვარდიკო - გიორგაძე - კვირაია, ახლა კიდევ ოლიმპიადა, რკინიგზა, WTO და ასე შემდეგ), რომ როგორმე გული მოვულბოთ? როგორ გამოვტეხოთ, როგორ ვათქმევინოთ, რა უნდა „ბოლო ბოლო?“
    არადა, პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მარტივია: არაფერი! რუსეთს საქართველოსგან არაფერი არ უნდა!!! მისი ერთადერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო მუდმივად დარჩეს სუსტ, განუვითარებელ, ჩამორჩენილ, დაგლახავებულ „წარმონაქმნად“. ეს პირდაპირ თქვა კიდეც ამას წინათ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა კონსტანტინე ზატულინმა: „თუ საქართველო განვითარდა, იგი იქცევა ვიტრინად მთელი კავკასიისთვის იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა კარგი და სასარგებლოა რუსეთისგან დამოუკიდებლობა“. ბატონ კონსტანტინეს მადლობა ეთქმის ასეთი შესანიშნავი და ზუსტი ფორმულისათვის, რომელიც ბევრ სულელურ ილუზიასა და კითხვას პასუხობს.
    თუმცა, როგორც რუსები ამბობენ: Попытка не пытка. ქართველებსაც ძალიან კარგი მეტაფორა გვაქვს - „წყლის ნაყვის“ შესახებ. სარგებლობას ვერ მოიტანს, მაგრამ არც რაიმეს ავნებს.

2011