რა ელის კახა თარგამაძეს?

რა ელის კახა თარგამაძეს?

      

        უკანასნელი სკანდალი შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით, სავსებით ლოგიკურად «თავსდება» ბოლოდროინდელ მოვლენათა ალგორითმში: გენერალური პროკურორი შეიცვალა და ახალი გენპროკურორი «გუნდის» სრულუფლებიან წევრია. მაშასადამე შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი პერეტრუბაციები, ყოველ შემთხვევაში, მოულოდნელი არ იქნებოდა.
        მაგრამ როგორც პრეიდენტმა, აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი მოქმედ მინისტრს - კახა თარგამაძეს. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, იგი მხარს უჭერს არა კახა თარგამაძეს, არამედ სიმართლეს,
        იგულისხმება, რომ სიმართლე «დინამოსთან» დაკავშირებულ სკანდალში სწორედ კახა თარგამაძის მხარესაა. ზურაბ ჟვანიას თქმით კი, იგი საკუთრივ საფეხბურთო კლუბის ისტორიას არ ეხება, მაგრამ მოუწოდებს კოლეგებს, ნუ გააუფასურებენ «იმპიჩმენტის» ცნებას.
        ჟვანია ფრთხილი პოლიტიკოსია და სიტყვის მნიშვნელობა კარგად იცის. მისი განცხადება შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე - შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ «საიმპიჩმენტო საქმის» აღძვრის ვერც «რეზონს» ხედავს და ვერც პერსპექტივას.
        მართლა ძალზე საეჭვოა «დინამოს» საქმიდან, მით უმეტეს, დიღმის ბაზაზე მოწყობილი შეხვედრიდან «იმპიჩმენტის» საფუძველი გამოვიდეს.
        საქართველოს კონსტიტუციით, მინისტრი არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის მიმართ. საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია მინისტრი გადააყენოს თანამდებობიდან მხოლოდ იმ პირობით, თუ დაამტკიცებს, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ან დაარღვია კონსტიტუცია.
        ორივე შემთხვევაში საბოლოო ვერდიქტი უმაღლესმა ან საკონსტიტუციო სასამართლოებმა უნდა გამოიტანონ. თუ კობა დავითაშვილი და ვასილ მაღლაფერიძე საქმეს წარმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ დიღმის ბაზაზე შეხვედრის მოწყობა ქვეყნის ძირითადი კანონის დარღვევაა.
        ამ საკითხზე ყურადღების აქცენტირება შემთხევითი არ არის თბილისის დინამოს, საფეხბურთო კლუბისა და შპს- დაფუძნება, თუნდაც არასაბიუჯეტო სახსრების მიმართვა კლუბის საიჭროებისათვის, იურისტთა აზრით, ძირითად ბრალდებად ვერ გამოდგება, ვინაიდან თარგამაძის მოწინააღმდეგეებმა უნდა დაამტკიცონ ანგარება, ან თუნაც თანამდებოლბის გადამეტების ფაქტი, რაც არც ისე ადვილია, როგორც ზოგიერთს ჰგონია
        კახა თარგამაძე ძალიან (ასე ვთქვათ) გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო, ასეთი შეცდომა დაეშვა.
        სხვა საქმეა «პოლიციელების მიტინგი» - აქ ბევრი რამ ინტერპრეტაციაზე იქნება დამოკიდებული. სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ როდესაც კონსტიტუცია გაუმართლებლად მიიჩნევს პოლიციელთა შეკრებას «ღია ცის ქვეშ ან ჭერქვეშ», აქ უეჭველად იგულისხმება არა უბრალოდ შეკრება, არამდე, ჯერ ერთი, საკუთრივ პოლიციელთა შეკრება (პროფესიული ნიშნით) და შინაარსობრივად პოლიტიკური შეკრება. კონსტიტუციის ამ მუხლის ბუკვალური წაკითხვით შეიძლება პოლიციელებსა და ჯარისკაცებს იმ შემთხვევაშიც კი აეკრძალოთ მიტინგებსა და შეკრებებში მონაწილეობა, თუ უფორმოდ იქნებიან და პოზიციას არ გამოხატავენ.
        მეორე მხრივ, საპირისპირო ინტერპრეტაციის ავტორებსაც აქვთ საკმაო ანგარიშგასაწევი არგუმენტები: კახა თარგამაძეს, როგორც სპორტსაზოგადოება «დინამოს» თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სივრცე უშულაოდ არ იცნობს, სამაგნიეროდ, იცნობს კახა თარგამაძეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ამიტომ, ძირითადი კანონის თვალთახედვით, დიღმის ბაზაზე სიტყვით სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდიოდა.
        ბევრი იქნება დამოკიდებული ოსაძის კომისიაზე - რომელ ინტერპრეტაციას დაუჭერს იგი მხარს. თუ გახსოვთ, მიხეილ ოსაძემ საკვანძო ფუნქცია შეასრულა შოთა კვირაიას ბედის გადაწყვეტისას, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა: კახა თარგამაძის «საქმე», იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი «ოსაძის კომისიამ» კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წარიმართოს.
        მხოლოდ სასამართლოს დასტურის შემდეგ (გამამტყუნებელი განაჩენი) - მივა საქმე პარლამენტში კენჭისყრამდე, თანაც არა უბრალოდ კენჭისყრამდე, არამედ აუცილებლად კვალიფიციური უმრავლესობით.
        სავარაუდოა, რომ საპარლამენტო უმცირესობა «ახიას» პრინციპით, თარგამაძის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ შესალძოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი, მით უმეტეს, რომ აქ ისე ერთმნიშვნელოვნად არ არის საქმე, როგორც შოთა კვირაიას შემთხვევაში, რომელც ჟურნალისტთა სატელეფონო საუბრების მოსმენაში იმხილებოდა.
        აქ შეხედულებანი უეჭველად გაიყოფა. მოტივაციაც არ არის ერთგვაროვანი და უეჭველად გადამწყვეტი იქნება პრეზიდენტის პოზიცია. ედუარდ შევარდნაძე კახა თარგამაძეს არ გაწირავს, ვინაიდან 6 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ბევრად რთული სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში დაიდო ლომის წილი.

დილის გაზეთი, 22 მარტი, 2001 წელი