რა ელის ვაჟა ლორთქიფანიძის მთავრობას?

რა ელის ვაჟა ლორთქიფანიძის მთავრობას?

 ქართულ მას-მედიას «საინფორმაციო პრიორიტეტთა» განსაზღვრის უცნაური მეოთდიკა აქვს. გასულ კვირას ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა სრულიად ფუჭმა ჭორაობამ იმის თაობაზე, თუ «რა ელის მთავრობას», ვის მოხსნიან, ვის დანიშნავენ, ვინ ვის კლანს გადასძლევს და ასე შემდეგ.
        მთავრობის საგანგებო სხდომასაც ისე ველოდით, როგორც «მეორედ მოსვლასა» და «საშინელ სასამართლოს», რომლის დროსაც, კონტროლის პალატის მასალათა საფუძველზე, «მიცვალებულ საქმეებსაც» განიხილავდნენ და ყველას თავისი მიეზღვებოდა.
        სენსაცირუობისაკენ მიდრეკილება ჩვენი სოციუმისთვის სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ისიც ბუნებრივია, თუ ედუარდ შევარდნაძემ «იმედები გაგვიცრუა»: სხდომაზე არც არავინ მოხსნა და არც ჩამოახრჩო.
        საერთოდ კი, საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკაში პოპულისტური მეთოდების გამოყენება გაცილებით ნაკლებად ახასიათებს, ვიდრე ახლახან თანამდებობიდან თავსლაფდასხმით გადამდგარ მის რუს კოლეგას. არა იმიტომ, რომ თავისთავად «პოპულისტური მეთოდი» (ზოგადად) პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილი არ იყოს, მაგრამ საქართველო და რუსეთი ეთნოფსიქოლოგიითა და საზოგადოებრივი ფსიქოლოგიით ძალზე მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან – მიუხედავად საერთო «საბჭოთა» წარსულისა.
        მაგალითად, რუსეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტს შეეძლო, საკუთარი რეიტინგის 3-4 პროცენტით ამაღლება თავისივე პირადი დაცვის უფროსის (კორჟაკოვის) თანამდებობიდან გადაყენებით და საჯაროდ გამოლანძღვით. საბედნიეროდ, საქართველოში ამას არც პრეზიდენტი აკეთებს და არც საზოგადოება მოითხოვს მისგან ასეთ «დემარშებს».
        ვიმეორებ: საქართველო არ არის რუსეთი და სხვათა შორის, საამაყოა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში (უნდა ვაღიაროთ) ქართული საზოგადოება რუსულზე უფრო მაღალ შეგნებასა და პოლიტიკურ გამჭრიახობას ამჟღავნებს.
        აქედან გამომდინარე, მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური სოციუმის (და არა მთელი საზოგადოების – ეს ერთმანეთში ნუ აგვერევა. – ავტ.) «მოლოდინისა», ედუარდ შევარდნაძე მათ გააწბილებს: არანაირი რევოლუცია, მინისტრთა კაბინეტის შექმნა, მინისტრების ტოტალური «გამოცვლა» მოსალოდნელი არ არის – შევარდნაძემ შესანიშნავად უწყის, რომ შექმნილი კატასტროფული საბიუჯეტო კრიზისის გამოსწორება (მიუხედავად «კორუფციის» შესახებ გაუთავებელი, დიახაც პოპულისტური ყბედობისა) ამჟამინდელ მთავრობასაც შეუძლია.
        ამისათვის აუცილებელია მხოლოდ სახელმწიფოებრივი ნების გამომჟღავნება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული «კონტრაბანდის» მუხლით დასჯადობის ჩაწერა. აგრეთვე, სასჯელის განსაზღვრა: თუნდაც 50 ლარის ოდენობის კონტრაბანდისთვის (სიგარეტი, ფქვილი, ბენზინი _ ერგნეთის ბაზრობიდან და ასე შემდეგ) – თავისუფლების აღკვეთა 5-დან 12 წლამდე.
        ზუსტად ასეთ სასჯელს ითვალისწინებს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი – მიუხედავად ამისა, დე გოლის შემდეგ «მეხუთე რესპუბლიკის» დემოკრატიულობაში ეჭვი არავის შეპარვია.
        ასევე, თუნდაც 1000 დოლარის შემოსავლის დამალვისთვის – ციხე, ვადით იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად დაფარავს «არგადამხდელი» ათმაგ ჯარიმას. თუ დაფარავს – ციხე სამი წლიდან ექვს წლამდე, თუ არადა, ათიდან - თხუთმეტ წლამდე. ამგვარ მექანიზმს ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა. შესაძლოა, იქ ლაპარაკია არა 50 ლარის ოდენობის კონტრაბანდაზე, არამედ (ვთქვათ) 500 ფრანკის ღირებულზე, - არა 100, არამედ 1000 დოლარზე, მაგრამ მიდგომა ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ ასეთია - ცეცხლიო და მახვილი!
        ეს გაცილებით ძნელია, ვიდრე გაუთავებელი ყბედობა (ამჯერად «ოპოზიციის» მხრიდან) «ტოტალურ კორუფციაზე». არადა, კორუფცია საქართველოში (ისევე, როგორც ყველგან) იწყება «ქვემოდან» - ერგნეთის ბაზრობიდან შემოტანილი ორი ჩანთა უაქციზო სიგარეტით და ქვემო ქართლის ტრამალებიდან შემოპარებული ხუთიოდე «კანისტრა» ბენზინით.
        აქ არის საწყისი ჩვენი «საბიუჯეტო კრიზისისა». ერთადერთი შესაძლო გამოსავალიც სავსებით ნათელია (იხილეთ ზემოთ), მაგრამ ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრისა და (შესაბამისად) ქვეყანაში დაძაბულობის ზრდის სურვილი არავის აქვს - არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას; ამ უკანასკნელს ურჩევნია ფუჭი დემაგოგია «კრიშებსა» და «ტოტალურ კორუფციაზე მთავრობაში» - ამისათვის პასუხს არავინ მოსთხოვს.
        ხოლო უმკაცრესი, საზარელი, საშინლად მტკივნეული ზომების მიღება გაცილებით ძნელია, რადგან «მართლა საშიშია» და არა «ვითომ» სარისკო» - როგორც მინისტრების კორუფცირებულებაზე ლაპარაკი – ოღონდ, ზოგადად, კონკრეტულ გვართა დაუსახელებლად. ასევე «კრიშებზე» - აგრეთვე, ზოგადად, მაგალითების დაუსახელებლად და ასე შემდეგ.
        საკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს და მიიღოს დრაკონული (მაგრამ დღევანდელ ვითარებაში სავსებით გამართლებული) ზომები განსაკუთრებით კონტრაბანდისა და გადასახადების დამალვის საწინააღმდეგოდ -–რომ საბიუჯეტო კრიზისი საქართველოში შერბილდება და 1-2 წელიწადში საეროთდ «ამოიწურება». საქართველოს პრეზიდენტმა იცის, რომ მთავრობის უბრალოდ შეცვლა (ამ ზომების გარეშე) მდგომარეობას არათუ გამოასწორებს, არამედ კიდევ უფრო გაართულებს, რადგან ახალი მინისტრი ჯერ უნდა «გაძღეს» და საქმის კეთებას მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს. ამიტომაც გაუცრუა იმედი ედუარდ შევარდნაძემ სენსაციებისა და «თვალსასეირო სანახაობათა «მოყვარულებს – შესაძლოა, სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს, ზოგიერთი მინისტრი წავიდეს, მაგრამ თვისებრივად მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება და არც სრულებით ფუჭი და არაფრისმომცემი «საკონსტიტუციო მსხვრევა» შედგება – ეგრეთ წოდებული, მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების სახით, რომელიც სრულებით უცხოა ძლივსძლივობით, ასე თუ ისე «შეკოწიწებული» და ჯერ კიდევ მყიფე სახელისფლებო სისტემისათვის.
        სამაგიეროდ, უკვე გარდაუვალი ხდება კანონმდებლობის გამკაცრება კონტრაბანდისა და გადასახადის დამალვის წინააღმდეგ.
        სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში («დსთ»-ის ქვეყნების ჩათვლით) არ არსებობს ისეთი «ლმობიერი» კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით, როგორც საქართველოში. არათუ «ლმობიერი» (ვიმეორებ) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი «კონტრაბანდის» ცნებას საეროთდ არ ითვალისწინებს. ვიცი, მეტყვიან, რმო «სისხლის სამართლის კოდექსში მუხლიოს ჩაწერა არ გამორიცხავს გარიგებებს სამართალდამცავ ორგანოებთან». კი, ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ საქმე ის არის, რომ «ხუთწლიანი მუხლისაგან» თავის დაძვრენა (თუნდაც, «ქრთამით») კონტრაბანდისტსა და გადასახადის არგადამხდელს იმდენად ძვირი დაუჯდება – ამითაც საკმარისად დაისჯება. სამაგიეროდ, შესაძლებელი გახდება გადასახადების შემცირება და «პატიოსანი ბიზნესმენებისათვის» მეტი გასაქანის მიცემა.
        სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს – თუმცა, ეს მართლაც ძალზე სარისკოა იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოწურული სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიური საფუძველი. აუცილებელი, სახელმწიფოებრივად გამართლებული «კანონიერი რეპრესიების» განხორციელებით გაიზრდება «უკმაყოფილო სოცუიმის» კრიტიკული მასა (დაპატიმრებულთა ახლობლები, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ), რომელსაც მაშინ გაახსენდებათ «აფხაზეთიც», ზვიადიც, იეღოველებიც» ან ნებისმიერი საბაბი, რომლის მეშვოებითაც შეიძლება დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას. ეს გარდაუვალია, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ ზომებს არ მიიღებს, მოხდება უფულოდ დარჩენილი სახელისუფლებო სტრუქტურების პარალიზება, თანამდევი ქაოსით და საბოლოოდ – იმავე შედეგით. ასე რომ, «არჩევანი» ნათელია.
        მკითხველმა შესალძოა, მიაქცია ყურადღება გასულ კვირას ქართველი ენერგოსისტემის მაკოორდინებელი ორგანოს «რადიკალურ» გადაწყვეტილებას: 2 მაისიდან ელექტროენერგიას საქართველოში მიიღებს მხოოდ ის, ვინც გადაიხდის საფასურს (ვთქვათ, წინა თვის გადახდის შესაბამისად) და არავითარ შემთხვევაში, არაფრის დიდებით, არანაირი გამონაკლისის სახით არ მიიღებს «არგადამხდელი».
        ეს გადაწყვეტილებაც ძალზე «არაპოპულარულია», მასაც უეჭველად მოჰყვება «გართულება», «უკმაყოფილების ზრდა», მაგრამ სხვა გამოსავალი გაუთავებელი, მტანჯველი «ენერგოკრიზისის» თანდათანობით დასაძლევად – ისევე არ არსებობს, როგორც ვქეყნის ეკონომიკური სივრცის დასაცავად და საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესასრულებლად.
        გარდამავალ პერიოდში ნებისმიერი ნივთის კონტრაბანდა თითქმის ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც ნარკოტიკებისა.
        აი, ნახეთ, თუ არ შეიცვლება ვითარება ამ შემთხვევაში, თუ არ გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, თუ არ «დააცხრებიან» ბიზნესმენები სააქციზო მარკებს – ანუ ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი მთავრობის შეცვლა, მინისტრთა კაბინეტის შემოღება, ასი მთავრობა რომ შეიცვალოს, ასი მინისტრთა კაბინეტი რომ ჩამოყალიბდეს (არა აქვს მნიშვნელობა, «კოალიციური» თუ «გუნდური») ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ვიდრე ხელისუფლება ვერ გაბედავს დაიწყოს (დიმახაც) ნამდვილიო კანონიერი ტერორი – კონტრაბანდისა და გადასახადის დამალვის წინააღმდეგ, პარალელურად, გადასახადების შემცირებითა და პატიოსანი (უპირველესად «მცირე») ბიზნესისთვის ხელის შეწყობით.
        ხოლო მტკიცება, თითქოს «ადმინისტრაციულიო ზომებით არაფერი გამოვა» _ წმინდა წყლის დემაგოგიაა. იტალიაში გადასახადების დამალვისთვის ეროვნულიო გმირი – სოფი ლორენი ჩასვეს ციხეში. მართალია, მთელი რომი ქუჩაში გამოვიდა და პრეზიდენტი იძულებული გახდა, გამოეყენებინა «შეწყალების» უფლება, მაგრამ სამი ღამე ხომ გაატარა ციხის საკანში ჯარიმაც ათმაგი გადაიხადა. ამის გამო იტალიის რესპუბლიკის «დემოკრატიულობაში» ეჭვი არავის შეპარვია. ამრიგად, ყველაფერი კვლავ პრეზიდენტზეა დამოკიდებული – მან უნდა მიიღოს ძალზე მძიმე გადაწყვეტილება, რომელიოც მთლიანად უნდა გაიზიაროს მმართველმა გუნდმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ და ისტებლიშმენტმა – თუმცა, «ლიფსიტების» დაჭერისთანავე, მათი მეშვეობით ბადეში ამ ისტებლიშმენტში თავისუფლად მცურავი «ღლავებიც» გაებმებიან.

X X X
        «კონტრაბანდასთან», «ბიუჯეტთან» და «გადასახადებთან» დაკავშირებით, ისევე, როგორც მთავრობასთან მიმართებაში, მოვლენათა მომავალი განვითარების პერსპექტივა ასე თუ ისე ნათელია. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რა უნდა გაკეთდეს. გაკეთდება თუ არა – სხვა საკითხია. გაცილებით უფრო საინტერესო და პრობლემურია რუსეთის ბაზების საკითხი. გასულ კვირას მოსკოვში შედგა ოფიციალური მოლაპარაკების პირველი რაუნდი. თუმცა, ამ მოვლენას საქართველოში გაცილებით ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე მთავრობის შეცვლა-არშეცვლის შესახებ ჭორაობას. სინამდვილეში კი მოსკოვის მოლაპარაკება ქვეყნისთვის თავისი არსით გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. უფრო ზუსტად, სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, თორემ მინისტრების ყოფნა-არყოფნის თაობაზე ჭორაობა ჩირად არ ღირს.
        მოსკოვის მოლაპარაკებამ დაადასტურა: რუსეთი ასე ადვილად არ დათმობს საქართველოში თავის პლაცდარმს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მცდელობა (ილუზია) უზრუნველჰყოს ბაზების ეტაპობრივი ლიკვიდაცია რუსეთთან ურთიერთობათა გაფუჭების გარეშე, - აბსოლუტურად არარეალურია. ბაზების საქართველოში დატოვება კი, ერთი მხრივ, არაერში გვარგია (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან თუნდაც დაცვის თვალსაზრისით), მეორე მხრივ კი, რუსეთის 4 სამხედრო ბაზა ანეკდოტად აქცევს ჩვენს მცდელობას, მოვიპოვოთ რეალური სახელმწიფოებრივი ფუნქცია რეგიონში: ვიდრე საქართველოში დისლოცირებულია რუსეთის ჯარი, ნებისმიერი სერიოზულიო პრობლემის ან საკითხის თოაბაზე ვაშინგტონი, ბრიუსელი (და ასე შემდეგ) მოლაპარაკებას გამართავენ არა თბილისთან, არამედ მოსკოვთან.
        მაგრამ ჯარების გაყვანა ძალიან რთულიო პრობლემაა – მით უმეტეს ისე, რომ რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ. ისიც გასაგებია, რატომ ცდილობს ხელისუფლება, არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან: ამით იგი «ოპოზიციას» ართმევს არგუმენტს. ამ, ეგრეთ წოდებულმა, ოპოზიციამ კი ჭკუა ისწავლა მას შემდეგ, რაც რუსთაველზე დარბოდა იდიოტური ლოზუნგით: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». ახლა ცდილობს, რუსეთის ფაქტორი «აღარ შეამჩნიოს», და სამაგიეროდ, ვითარების გამწვავება საკუთარ მიზნებისთვის გამოიყენოს.
        20-21 აპრილს საქართველოს და რუსეთის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლიოთაც დადასტურდა სტამბოლის დეკლარაციით მხარეთა ნაკისრი ვალდებულებები.
        რუსეთის მხარემ ივალდებულა, რომ 1 აგვისტოდან – 31 დეკემბრამდე შეამცირებს საქართველოში მძიმე ტექნიკისა და საარტილერიო სისტემების რაოდენობას ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე «მხოლოდ» 153 ტანკს, 241 ჯავშნოსანსა და 140 საარტილერიო სისტემას დატოვებს. რუსეთი ამას უეჭველად გააკეთებდა ყველა შემთხვევაში, რომ არ დაერღვია «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე ადაპტირებული ხელშეკრულება. იმავე ოქმში ნათქვამია, რომ 2000 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთმა უნდა გააუქმოს (დაშალოს და გაიტანოს) სამხედრო ბაზები ვაზიანსა და გუდაუთაში, ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ ნიშანვს, თითქოს რუსული სამხედრო ძალა საერთოდ წავა ვაზიანიდან და გუდაუდთიდან. საქმე ის არის, რომ მაგალითად ვაზიანის სამხედრო აეროდრომი 1995 წლის ხელშეკრულებით არ განეკუთვნება «ვაზიანის სამხერდო ბაზას».
        აბსურდია, მაგრამ ფაქტია.
        ხოლო გუდაუთაში დისლოცირებულია ¹345 (ავადსახსენებელი) საპარაშუტო-სადესანტო პოლკი, რომელიც მონაწილეობდა ჯერ 9 აპრილის (1989 წელი), შემდეგ კი აფხაზეთის (1992-93 წლები) მოვლენებში, ამჟამად, ეგრეთ წოდებულ, სამშვიდობო მისიაშიც» მონაწილეობს, ამიტომ, «გუდაუთის ბაზის» ლიკვიდაცია რუსეთისათვის სულაც არ ნიშნავს გუდაუთიდან ამ პოლკის გაყვანას.
        სტამბოლის შეთანხმებით, 2000 წლის 31 დეკემბრამდე საქართველო და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ ორი დანარჩენი ბაზის (ადალქალაქსა და ბათუმში) «ფუნქციონირების ვადებისა და წესის» თაობაზე. ასეთივე ჩანაწერი არსებობს მოსკოვის ომქში.
        სტამბოლში არა, მაგრამ მოსკოვში გაიძვერა რუსი დიპლომატები (მათთან შედარებით «ჩვენები» ნამდვილიო ბავშვები არიან) აღარ მალავდნენ, რომ თუ 31 დეკემბრამდე შეთანხმება ვერ მოხერხდება, მაშინ ისინი გაიყვანენ მხოლოდ «ზედმეტ» სამხედრო ტექნიკას, საერთაშორისო ხელშეკრულება (ევუროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და «ფლანგური შეზღუდვების» თაობაზე) რომ არ დაარღვიონ, სამაგიეროდ, არც ვაზიანის აეროდრომს გადმოგვცემენ, არც ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე მდებარე შტაბს, არც რაიმე სხვა ობიექტს.
        უმთავრესი შეცდომა, რომლეიც აქრთულ მხარეს ჯერ კიდევ სტამბოლში მოუვიდა (რასაც ახლა შესანიშნავად იყენებს რუსეთი) ის არის, რომ ერთობლივ განცხადებაში გაჩნდა ასეთი პუნქტი: «პადგატოვიტ, პრედლაჟენია ო სროკახ ი პარიადკე ფუნკციონიროვანია რასიისკოი ვაენნიხ ბაზ ბატუმი ია ახალკალაქი». სწორედ ეს «ფუნქციოლნიროვანია» აძლევს ახალ რუსეთს საშუალებას, დემაგოგიურად ამტკიცოს, რომ «ფუნქციონირება სხვა არის, ხოლო «გაყვანა» - სხვა». თუ საქართველოს მიაჩნია, რომ 2003 წლის ბოლომდე ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია უნდა დატვონ, მაშინ რუსეთი გვიპასუხებს, რომ 2-3 წელი მას მხოლოდ ამ ბაზების «გაყვანისათვის» სფირდება, ხოლო «ფუნქციონირება» სულ სხვა რამ არის. მაშინ სტამბოლის დოკუმენტში უნდა ჩაწერილიყო სიტყვა «ვაზმოჟნომ – ვაზმოჟნიხ სროკახ ი პარიადკე ფუნკციონიროვანიია» და ასე შემდეგ.
        თუმცა, უკეთესი იქნებოდა, თუ ქართული მხარე ასეთი ვალდებულებებით თავს საერთოდ არ შეიზღუდავდა. ახლა კი, დავაკვირდეთ, რა გამოვიდა: რუსეთი პირნათლად შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებას და გაიყვანს მძიმე ტექნიკასა და შეიარაღებას «ნამეტ» რაოდენობას. ამის შემდეგ, დასავლეთს მასთან სასაყვედუროც აღარაფერი ექნება, ხოლო ჯარს («ცოცხალ ძალას»( ვაზიანიდან და გუდაუთიდან გაიყვანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიკანონებს ახალქალაქისა და ბათუმის სამხერდო ბაზებს მინიმუმ 25 წლით – შემდგომი გაძგრელების უფლებით. ასე ესმით რუსებს «დროებითი განლაგება» - «დროებითი» ხომ 1 წელიც შეიძლება იყოს და 25 წელიც. უკიდურეს შემთხვევაში, ამერიკელებს «ცოტას» დაუთმობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში და ისინიც დაეთანხმებიან, რომ «დროებითი» შეიძლება 25 წელსაც ნიშნავდეს.
        ხოლო თუ საქართველო ამას არ დაეთანხმება, რუსეთი გაიყვანს მძიმე ტექნიკას (რაც «კვოტას» აჭარბებს), თანაც, გვეტყვის (სავსებით საფუძვლიანად), რომ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ» ხელშეკრულება მან პირნათლად შეასრულა, მძიმე ტექნიკა, არტილერია შეამცირა, საქართველოსაგან მიიღო თანხმობა (სტამბოლში) ბაზების «დროებითი» განლაგების შესაებ – ხოლო თუ საქართველო საკუთარი პირობის «დარღვევას» აპირებს, მაშინ საკითხი უნდა გადაწყდეს გაეროს წესდების საფუძველზე.
        ნამდვილად არ იქნებოდა სამართლიანი, ქართველი დიპლომატებისთვის გვესაყვედურებინა -–როდესაც საქმე გვაქვს ისეთ გაიძვერა, გაქნილ, სატანისებრ ეშმაკ დიპლომატიასთან, როგორიც რუსული დიპლომატიაა – უეჭველად ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში.
        მთავარი კი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, პრობლემა გადაეწყვიტა რუსეთთან კონფრონტაციის, ურთიერთობათა დაძაბვის გარეშე - «სავიზო რეჟიმისა» და სხვა გართულებების თავიდან აცილებით. ეს მცდელობაც სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად «პრინციპული», «მაღალზნეობრივი» და კეთილშობილი ოპოზიცია ჩამოყალიბდა საქართველოში – გუშინ რომ ხმის ჩახლეჩამდე გაიძახოდა - «ძირს რუსეთის დამპალი მპერია». დღეს კი გენერალ ლებედს ულოკავს ხელისგულს და «საივზო რეჟიმის აუცილებელ მძიმე შედეგებზე მოსთქვამს – თითქოს «სავიზო რეჟიმი» მათ მიერ ადრე ისტერიულად მოთხოვნილიო დ»დამოუკიდებლობისათვის» უცხო და არაბუნებრივი იყოს.
        დასკვნის სახით შეძილება ითქვას, რომ ხელისუფლების მცდელობიდან, არ გაართულოს ურთიეროთბა რუსეთთან და «ტკბილა»დ გაიყვანოს ჯარები, - არაფერი გამოვა.
        ერთადერთი გამოსავალი შექმნილოი ვითარებიდან არის შემდეგი: საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი (კანონი და არა დადგენილება) 2003 წლის ბოლომდე საქართველოდან რუსეთის ოთხივე სამხერდო ბაზის გაყვანის შესახებ. მიიღოს, ჯერჯერობით», მხოლოდ პ ირველი მოსმენით. ქართველმა დიპლომატებმა რუს კოლეგებს განუცხადონ, რომ თუ რუსმეთი ერთმნიშვნელოვნად არ დაუჭერს მხარს საქართველოს აფხაზეთის საკითხში (საქმით და არა მხოლოდ სიტყვით), კანონს პარლამენტი მიიღებს მეორე, შემდეგ მესამე მოსმენით, იგი შეიძენს იურიდიულ ძალას და, გაეროს წესდებით, ურსეთი ვალდებული ოქნება, მთლიანად გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ოღონდ, სკანდალითა და აურზაურით – როგორც თავის დროზე აზერბაიჯანიდან. როგორც ჩანს, რუსეთ სწორედ ეს აძლევს ხელს, იმისათვის, რომ საქართველოში ახალი დაძაბულობის პროვოცირება მოახერხოს.

დილის გაზეთი, 1 მაისი, 2000 წელი