რა არის ნაციონალური მოძრაობა?

რა არის ნაციონალური მოძრაობა?

        რუსული მედია საზოგადოებისა და ისტებლიშმენტისათვის ახლო წარსულში ჩვეული კითხვა «ჰუ იზ მისტერ პუტინ», საქართველოში, როგრც ჩანს, ტრანსფორმირდება არანაკლებ დამაინტრიგებელ კითხვაში «ჰუ იზ მისტერ სააკაშვილი».
        ამ კითხვაზე პასუხი თანდათან იკვეთება პოლიტიკურ პროცესთა განვითარებასთან ერთად: მიშა სააკაშვილი არის საკმაოდ ნიჭიერი პოლიტიკოსი, რომელიც მეტ-ნაკლებად ფლობს და აქტიურად იყენებს პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიას. არცთუ უმნიშვნელოა ის მომენტი, რომ ამ ბრძოლისას შედეგსაც აღწევს, რაც «დამარცხებულის» ფსიქოლოგიით შეპყრობილ ქართული საზოგადოებისთვის ძალზე საყურადღებოა. მაგალითად: შთამბეჭდავი გამარჯვება ვაკის არჩევნებში. რაც შეეხება სააკაშვილის «ნაციონალურ მოძრაობას», ეს პარტია ჯერ თითქოს ემბრიონულ მდგომარეობაშია და ხელმძღვანელი ბირთვიც კი არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება ყრილობა, რომელიც ბევრ რამეს გაარკვევს.
        რაც მთავარია, მიშა სააკაშვილმა მიაღწია მთავარს: მან მოსახლეობის ფართო მასებს (და არა მხოლოდ ვაკე-ვერა-საბურთალოს) გაუგზავნა მისთვის (ამ მოსახლეობისთვის) მისაღები და გასაგები «მესიჯი». ეს «შეტყობინება» (თუ «მოწოდება» _ შინაარსობრივად) მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ნაციონალურ მოტივებს და შეუძლებელია, გამოძახილი არ ჰპოვოს _ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანასა თუ საზოგადოებაში. სოციალური და ნაციონალური მოტივების შემცველი მესიჯები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ანგაჟირებული, როგორც ნაციონალ-სოციალისტური, ანუ ფაშისტური. სინამდვილეში, არ არსებობს პოლიტიკოსი და არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ მოტივებს არ იყენებენ. თანაც, ეს სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, ვინაიდან ტოტალიტარულ რეჟიმებში საზოგადოებრივი «მესიჯები» მხოლოდ ოფიციალურ ხასიათს ატარებს.
        საკმაოდ გონივრულად არის შერჩეული სახელწოდებაც. თუმცა, «ნაციონალური» არ ნიშნავს იგივეს, რასაც «ეროვნული». როგორც ჩანს, «მოძრაობის» ლიდერებს იმის თქმა სურთ, რომ მათი მოძრაობა თვისობრივად განსხვავდება წინა «ეროვნული მოძრაობისგან» და თუ ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მხოლოდ ქართველთა მოძრაობა იყო, «ნაციონალური მოძრაობა» საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებას შეეცდება – მათი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური რწმენის მიუხედავად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიშა სააკაშვილს «საყოველთაო-სამოქალაქო მოძრაობის» წამოწყება სურს, თუმცა, მისთვის უმჯობესი იქნება, ეს დაწვრილებით არ განმარტოს, თორემ «ადგილობრივი მენტალიტეტის» გათვალისწინებით, მძვინვარე საწინააღმდეგო რეაქციას მიიღებს.
        «ნაციონალური მოძრაობა», ალბათ, უახლოეს მომავალში გაერთიანდება უფრო ფართო კოალიოციაში, რომელშიც, აგრეთვე, შევა ზურაბ ჟვანიას პარტია - აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ორი პოლიტიკოსი უეჭველად შეთანხმებულად იმოქმედებს კვლავაც, ვინაიდან ამგვარი ტაქტიკა წარსულში საკმაოდ წარმატებით გამოსდიოდათ: ზურაბ ჟვანია ზომიერი იყო, ხოლო სააკაშვილი უფრო რადიკალური და უკომპრომისო. არ არის გამორიცხული, ახალი ფართო კოალიციის მესიჯად სწორედ «ნაციონალური მოძრაობის» მესიჯი იქცეს.
        კოალიციაში გაწევრიანების თაობაზე, ზოგიერთი ცნობით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, აგრეთვე, «ტრადიციონალისტებთან», «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებად მოიაზრებენ მიხეილ სააკაშვილს, ლევან ბერძენიშვილსა და რეზო შავიშვილს. ჯერჯერობით, უცნობია, ეყოლება თუ არა ხსენებულ «ფართო კოალიციას» კოორდინატორი ან «შემკრები» ფიგურა და ვინ იქნება იგი.
        შესაძლოა, ასეთ ფიგურად სწორედ ზურაბ ჟვანია იქცეს. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას (უახლოესი 2 წლის განმავლობაში _ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც), «ნაციონალური მოძრაობა» იბრძოლებს თბილისის მერის პოსტის მოსაპოვებლად. სააკაშვილის რეიტინგი საკმაოდ მაღალია საიმისოდ, რათა დედაქალაქში ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად იქცეს. რაოდენ უცნაურადაც უნდა ეჩვენოს ვინმეს, მიხელ სააკაშვილი ელექტორატს ედავება «მემარცხენეებსაც», თუმცა, სინამდვილეში, მისი განწყობა-მოწოდება ლიბერალური ხასიათისაა. ამის მიზეზი ის არის, რომ «ლეიბორისტები» და «სოციალისტები» ზოგადად ლაპარაკობენ «კორუფციასა» და «ოლიოგარქებზე», მაგრამ კონკრეტულ გვარებს არასდროს ასახელებენ – მიშა სააკაშვილისგან განსახვავებით.

დილის გაზეთი, 30 იანვარი, 2002 წელი