ჟორჟოლიან-ასათიანი შაიბნენ ანუ პოლიტიკურ ლანდშაფტს გაჰქონდა გრიალი

ჟორჟოლიან-ასათიანი შაიბნენ ანუ პოლიტიკურ ლანდშაფტს გაჰქონდა გრიალი

   

    თემურ ჟორჟოლიანის დაბრუნება საქართველოში ჰოლანდიიდან, სადაც იგი პოლიტემიგრანტის სტატუსით გაემგზავრა და შეეძლო, მთელი ცხოვრება უზრუნველად გაეტარებინა, შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მას არ დაურეკავდა და არ ეტყოდა, არიქა ჩამოდი, «მემარჯვენე» ძალთა გაძლიერება გვჭირდებაო, მაგრამ კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერმა თავად იგრძნო, რომ მისი დრო დადგა. უფრო სწორად, ის დრო ბრუნდება, როცა ამგვარი ყაიდის პარტიებს საქართველოს პოლიტიკაში გარკვეული ნიშა ეკავათ. მით უმეტეს, ჟორჟოლიანმა სასჯელი «პირნათლად» მოიხადა და შეუძლია გულდამშვიდებით გადაეშვას პოლიტიკურ ორომტრიალში. მისი ძირითადი ოპონენტი, როგორც ჩანს, კაკო ასათიანი იქნება, ირიბად (ქარაგმულად) კი - ასლან აბაშიძე, რომელიც კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერს ტრადიციონალიზმის დიად იდეათა განსხეულებად არ მიაჩნია.
    ჟორჟოლიანმა და ასათიანმა ფაქტიურად ერთად შექმნეს მონარქისტული პარტია საქართველოში და საკმაო ხანს ერთად მოღვაწეობდნენ. თემურ ჟორჟოლიანმა ჯერ მრგვალ მაგიდას დაუჭირა მხარი და «არასაბჭოური, ერთადერთი» არჩევნების მომხრე იყო. 1990 წელს, უნივერსიტეტში, სტუდენტთა ცნობილი «შიმშილობისას» იგი ზვიად გამსახურდიას ბანაკში იმყოფებოდა. იმ დღეს უნივერსიტეტში (მაშინ მესერი არ ჰქონდა შემოვლებული) ერთდროულად ორი თავყრილობა გაიმართა - ზვიადის მომხრეთა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე თანახმა იყვნენ და «კონგრესმენთა», ვინც მხოლოდ ეროვნული კონგრესის არჩევას უჭერდა მხარს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა «საბჭოურ არჩევნებს, როგორც ეროვნული მოძრაობის საბჭოურ სტრუქტურებში მოქცევის დამღუპველ მცდელობას».
    ორი თავყრილობის მონაწილენი თითქოს ცდილობდნენ საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთს «პარლამენტიორებს» უგზავნიდნენ ლამის თეთრი დროშებით. . . . სწორედ ერთ-ერთი ასეთი დისკუსიის დროს თქვა თემურ ჟორჟოლიანმა: მრგვალი მაგიდა იკისრებს პასუხისმგებლობას და მოვა ხელისუფლებაშიო, რამაც «კონგრესმენ ელჩთა» აღშფოთება გამოიწვია. იმ შეხვედრაზე კაკო ასათიანიც ძალზე აქტიურობდა და ნოდარ ნათაძე მკაცრად გააკრიტიკა.
    1990 წლის ეპოქიდან დაგვამახსოვრდა აგრეთვე თემურ ჟორჟოლიანის ინტერვიუ რუსეთის ტელევიზიისათვის - ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინტერვიუერი ქართულად საუბრობდა, ხოლო რუს ჟურნალისტ აბრამოვს თარგმანი დასჭირდა.
    სულ მალე ასათიან-ჟორჟოლიანის გზები გაიყო, ვინაიდან თემურ ჟორჟოლიანმა მაინც კონგრესი არჩია და «მრგვალი მაგიდის» სიით საბჭოურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
    შესაძლოა, აქ გარკვეული უტყვი გარიგებაც მოხდა, რათა არ მომხდარიყო მონარქიული იდეის დისკრედიტაცია და ამ იდეის მატარებელი პარტია ორივე დაპირისპირებულ ბანაკში დარჩენილიყო - შემდგომ რომელ მათგანსაც უნდა გაემარჯვა, თვით «მონარქია» გადარჩებოდა.
    გამსახურდიას ხელისუფლების კრახის მოახლოებისთანავე ჟორჟოლიანის «მონარქისტები» გააქტიურდნენ და უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ასათიანის «ტრადიციონალისტები»; ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივიდა, ხოლო «რადიკალური ოპოზიციის» ინტერესები დაემთხვა რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს, რომელნიც საქართველოში «მართვადი ქაოსის» დამკვიდრებას ცდილობდნენ.
    თემურ ჟორჟოლიანი იმდროინდელ მოვლენათა ერთ-ერთი გმირია. თავისი ინტერესებიდან და «კონგრესის» პოზიციიდან გამომდინარე, იგი უფრო პრინციპულად მოიქცა, ვიდრე კაკო ასათიანი, რადგან ამ უკანასკნელმა ავადმყოფობის მომიზეზებით გაცლა ამჯობინა და აჭარას შეაფარა თავი, ჟორჟოლიანი კი ციხეში ჩაჯდა, რათა «დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლთა» არგუმენტები გაეძლიერებინა.
    ექსპრეზიდენტის დამხობის შემდეგ კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია მომავალი ხელისუფლების პარტიასთან აღმოჩნდა ერთიან საარჩევნო ბლოკ «მშვიდობაში», ტრადიციონალისტები კი ე.წ. «პრეფერენციების» წყალობით, ზვიადისტური ფენომენის «დასაბალანსებლად» შეიყვანეს პარლამენტში.
    ამჟამად ვითარება გარკვეულწილად მეორდება - «ტრადიციონალისტები» და «კონსერვატორ-მონარქისტები» ერთმანეთს აბალანსებენ. ჟორჟოლიანის პოზიციები გარკვეულწილად თითქოსდა უფრო პერსპექტიული და მომგებიანიც უნდა იყოს, ვინაიდან იგი უშუალოდ ხელისუფლებასთან არ ასოცირდება, ასლან აბაშიძე კი მაინც ხელისუფალია, მაგრამ სწორედ რომ ერთი შეხედვით;
    ცოტა არ იყოს, კომიკურია მხოლოდ ის გარემოება, რომ საკუთრივ «მონარქიზმი», როგორც ასეთი, აღარც ერთს აინტერესებს და აღარც მეორეს. კაკო ასათიანი პრეზიდენტის სტატუსს უჭერს მხარს და ჟორჟოლიანსაც კარგად ესმის, რომ მონარქიზმს საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
    ეს იდეა არც ყოფილა ოდესმე პერსპექტიული, თუმცა გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობა მაინც ენიჭებოდა. «მონარქისტულ იდეაზე» დაყრდნობით საქართველოში რამდენიმე პარტია შეიქმნა (არსებობდა კიდევ «რადიკალურ-მონარქისტული» პარტია), მაგრამ ამჟამად მონარქიაზე, თუნდაც კონსტიტუციურ მონარქიაზე აშკარად აღარავინ საუბრობს, უფრო ზუსტად, სერიოზულად აღარ საუბრობენ, თორემ «მონარქიზმი» პოლიტიკურ დაჯგუფებათა ფორმალურ-იდეოლოგიურ საფუძვლად შეიძლება კიდეც დარჩეს.
    რაც შეეხება ჟორჟოლიან-ასათიანის დაპირისპირებას, ისინი უერთმანეთოდ ვერც გაძლებდნენ, ვინაიდან «ურთიერთმაცოცხლებელნი და აზრის მიმნიჭებელნი არიან პოლიტიკურ საფლავთა შინა».

მერიდიანი, 24 ივლისი, 1998 წ.