ჟენია პრიმაკოვი უსინდისო კაცი და ცუდი თბილისელი აღმოჩნდა

ჟენია პრიმაკოვი უსინდისო კაცი და ცუდი თბილისელი აღმოჩნდა


    თუმცა რუსმა მინისტრმა ნოდარ დუმბაძეს საფლავზე ჭიქა ღვინო წაუქცია

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება კარგა ხანია მოუთმენლად ელოდა. საფუძველიც ჰქონდა, რადგან ფორმალურად საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულება არასდროს ყოფილა ისეთი «დადებითი ემოციების აღმძვრელი», როგორც დღეს.
    გარდა ამისა, ჟენია პრიმაკოვი «თბილისელი ბიჭია». იგი ჩვენს ქალაქში გაიზარდა, სკოლაც აქ დაამთავრა და კარიერაც შევარდნაძის ფრთებქვეშ დაიწყო. პრიმაკოვს ქართველი მეუღლე ჰყავდა (როგორც ამბობენ «საყველპურო ქართულიც» იცის). მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (რომლის აღზევება, ვიმეორებ, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის დამსახურებაა) არ ჩქარობდა საქართველოში ჩამოსვლას, რათა რუსი კონსერვატორების რისხვა არ გამოეწვია.
    საგარეო დაზვერვის ყოფილი «შეფი» ელცინმა სწორედ იმისათვის დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, რათა პოლიტიკური ოპონენტები დაემშვიდებინა. იმ დროს «კოზირევის დიპლომატია» უკვე ყოველმხრივ დისკრედიტირებული და გახრწნილი იყო. პრიმაკოვს აღფრთოვანებით შეხვდა კომუნისტური ოპოზიცია. თუმცა, აღფრთოვანება უმალვე მინავლდა, როგორც კი რუსული «დემოკრატიული პრესის» ფლაგმანმა, «ნეზავისიმაია გაზეტამ» პრიმაკოვის «საქართველოსთან სიახლოვის» დამადასტურებელი ცნობები გამოაქვეყნა.
    «საქართველოსთან სიახლოვე» საგარეო საქმეთა მინისტრს შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდა: 1996 წლის 16 ივნისამდე რამდენიმე თვეღა რჩებოდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ზიუგანოვის გამარჯვების შემთხვევაში პრიმაკოვს არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდნენ «შევარდნაძესთან ვიზიტს».
    მეორეს მხრივ, საქართველოში სულ რომ არ ჩამოსულიყო, არც ეს შეიძლებოდა: პრიმაკოვმა ხომ ყოფილი სსრკ-ს თითქმის ყველა რესპუბლიკა მოინახულა.
    რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოსავალი მაინც იპოვა - იგი თბილისში სულ რაღაც სამიოდე საათით ჩამოვიდა და ეს ვიზიტი «ამიერკავკასიური ტურნეს» შემადგენელ ნაწილად აქცია. საქართველოში ყოფნისას პრიმაკოვი ისე იქცეოდა, თითქოს იმ ქვეყანაში ჩავიდა სტუმრად, რომელმაც ადრე რუსეთს ომი გამოუცხადა და დაპყრობა სცადა, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა კაპიტულაციისათვის ხელი მოეწერა.
    ვიზიტის უმთავრესი თემა, რა თქმა უნდა, კონფლიქტების მოწესრიგება იყო. პრიმაკოვს საქართველოში ჩვენი «ძველი ნაცნობი» - ბორის პასტუხოვიც ჩამოჰყვა, რომელმაც მშვიდად მოისმინა თამაზ ნადარეიშვილის საყვედურები და საუბრის ბოლოს მუშტიც კი აბრახუნა მაგიდაზე: «რუსეთის სამშვიდობო ჯარები საქართველოს პირველი მოთხოვნისთანავე დატოვებენ კონფლიქტის ზონას, მაგრამ ეს ომის განახლებას ნიშნავს, უმჯობესია, ამ ეტაპზე ვიფიქროთ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის აღდგენაზე, რომელსაც რუსეთის ჯარები დაიცავენ».
    ფაქტობრივად, რუსეთს პოზიცია იოტისოდენად არ შეუცვლია. იგი შეიძლება შემდეგნაირადაც ჩამოყალიბდეს: თუ საქართველო ოფიციალურად მოითხოვს აფხაზეთიდან ჯარის გაყვანას, რუსეთის ჯარი დატოვებს ამ პოზიციას, მაგრამ იარაღი და აღჭურვილობა დარჩებათ აფხაზებს - ქართული არმია ვერ შეძლებს პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას, ამდენად, უმჯობესია საქართველო დათანხმდეს ე.წ. «ევოლუციური გეგმის» განხორციელებას: რუსეთის არმია დაიკავებს აფხაზეთის ზღვის სანაპიროს (რკინიგზაც სწორედ სანაპირო ზოლს გასდევს) და უზრუნველყოფს ქართველ ლტოლვილთა ნაწილის დაბრუნებას.
    ქართული მხარე გეგმას არ ეთანხმება, ვინაიდან იგი არ გულისხმობს საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ამ ტერიტორიაზე. უფრო პირიქით - რუსეთის გავლენა აფხაზეთში იურიდიულადაც დაკანონდება.
    მდგომარეობის პარადოქსულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვის გეგმა არც აფხაზურ მხარეს აძლევს ხელს. სამწუხაროდ, ვერც თბილისში, ვერც სოხუმში ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთის გარეშე ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა, ეს პრობლემა ალბათ მთელი სისავსით მხოლოდ 16 ივნისის შემდეგ დაისმება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ყველა მოლაპარაკება (თუნდაც უმაღლეს დონეზე) აფხაზეთთან დაკავშირებით - მხოლოდ სიმბოლური აქტია და სხვა არაფერი. პრიმაკოვმა ამ თვალსაზრისით დიპლომატიური «ვალი მოიხადა». - მის ვიზიტს პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა.
    «მერიდიანი», 14 მაისი. 1995 წელი.