ჟენევას ცრემლების არ სჯერა

ჟენევას ცრემლების არ სჯერა

 

    ის, რაც გასულ კვირას ჟენევაში მოხდა, არის ქრესტომათიული მაგალითი ნამდვილი პოლიტიკისა. ოღონდ, სამწუხაროდ, არა ქართველი, არამედ აფხაზი პოლიტიკოსების შესრულებით. კიდევ ერთხელ გვიწევს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ არძინბასა და სეპარატისტების სხვა ლიდერთა სახით საქმე გვაქვს ძალიან გაქნილ, ეშმაკ და ჭკვიან პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ტაქტიკური შეცდომები თითქმის არ მოსდით.
    როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროში შეხვედრების დროს შეთანხმდნენ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების ახალ ფორმატზე. იგი გულისხმობდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების («საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში» შემავალი სახელმწიფოების) აქტიურ ჩართვას მოლაპარაკებათა პროცესში. ეს ქვეყნები ადრეც მონაწილეობდნენ ჟენევის მოლაპარაკებებში, მაგრამ მხოლოდ დამკვირვებელთა სტატუსით. ამჯერად საქართველო ცდილობდა, მათი სტატუსი გაეზარდა, - რაც ნამდვილად არ ეპიტნავებოდა რუსეთს. ამით შესანიშნავად ისარგებლეს აფხაზებმა: პირველივე დღეს მათ განაცხადეს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა და ამ პროცესში სრულუფლებიან წევრებად «საქართველოს მეგობარი ქვეყნების» ჩართვა. ხოლო როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადმა წარმომადგენელმა, ლივიუ ბოტამ სიტყვა მისცა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ბერნარ ფასიეს, «აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი» სერგეი შამბა პროტესტის ნიშნად ადგა და დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი - მას გაჰყვა მთელი აფხაზური დელეგაციაც. საფრანგეთის ელჩი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა არ შეიმჩნია.
    აფხაზები არც მეორე დღეს გამოცხადდნენ შეხვედრაზე და განაცხადეს, რომ არ გააგრძელებენ მოლაპარაკებას მანამ, სანამ «საქართველოს მეგობარი ქვეყნების» წარმომადგენლებს არ დაუბრუნდებათ ძველი სტატუსი, ანუ - მხოლოდ დამკვირვებლისა. ამ ულტიმატუმს ოფიციალურად არავინ დათანხმებულა, მაგრამ, სარწმუნო წყაროს ცნობით, არაოფიციალურად მართლაც ისე მოხდა, როგორც აფხაზებს სურდათ, - «მეგობარი ქვეყნების» წარმომადგენლებს მოლაპარაკებებში ამის შემდეგ რაიმე ქმედითი მონაწილეობა არ მიუღიათ და მხოლოდ «დაკვირვებით» დაკმაყოფილდნენ.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა კმაყოფილებით აღიქვამდნენ ყოველივე ამას რუსები, რომლებსაც ყოველთვის აღიზიანებთ დასავლეთის ჩარევა «დსთ-ს შინაურ საქმეებში» - თუმცა, ოფიციალურად კრინტიც არ დაუძრავთ და ყოველივე აფხაზთა ხელით გააკეთეს.
    სხვათა შორის, აფხაზებისაგან ზოგჯერ გაიგონებ: ქართველები რუსების მეშვეობით ცდილობთ პრობლემის გადაწყვეტასო. არადა, იმაზე დიდი და უსინდისო (ურცხვი) «პადხალიმაჟი», როგორც ჟენევაში თავად განახორციელეს, ძნელი წარმოსადგენია. რუსეთის წარმომადგენელმა (ლევ მირონოვმა) ფორმატის შეცვლის თაობაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ «ძველ ფორმატს თავისი შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს».
    ამასობაში, ვლადისლავ არძინბა ერთი-მეორეზე თავხედურ განცხადებებს აკეთებს: «თუ საქართველომ შექმნა «მეგობართა ჯგუფი», რომელიც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს აფხაზეთზე, მაშინ აფხაზეთიც შექმნის «აფხაზეთის მეგობართა ჯგუფს», - ჩრდილოეთკავკასიელი ხალხებისგან. «აფხაზეთის მეგობრები» ჭკუას ასწავლიან «საქართველოს მეგობრებს», ეს სავსებით სამართლიანი იქნება» - განაცხადა სეპარატისტთა ლიდერმა.
    ამ ციტატის კომენტირება საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: აფხაზებისათვის «დასავლეთი» თავისთავად არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს - რაკი იგი მხარს არ უჭერს აფხაზურ სეპარატიზმს. ქართული საზოგადოებისათვის კი «დასავლეთი» იმთავითვე შეუვალი ავტორიტეტია - მიუხედავად იმისა, რამდენად მოქმედებს იგი საქართველოს ინტერესების შესაბამისად. ამით ვლინდება ქართული საზოგადოების პროვინციალიზმი და პირიქით (რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს) - აფხაზური მენტალიტეტის არაპროვინციულობა. საკმარისია, რომელიმე დასავლელმა მოღვაწემ საქართველო გაკიცხოს, ქართულ საზოგადოებაში ისტერიკა იწყება. აფხაზებს ანალოგიური კრიტიკა სასაცილოდაც არ ეყოფათ - რაკი თავად დარწმუნებულნი არიან თავიანთ სიმართლეში.
    სწორედ ამ მიზეზით, საქართველო აფხაზეთს ვერასდროს დაამარცხებს ძალით - დასავლეთის მცირე პროტესტიც (ძალის გამოყენების გამო) საკმარისი იქნება სრული იმედგაცრუებისა და «ხელების ჩამოშვებისათვის». არადა, დასავლეთს საქართველოს ბედი იმდენად აღელვებს, რამდენადაც საქართველოს სტაბილურობა მის პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს შეესაბამება.
    რაც შეეხება მოლაპარაკებებს აფხაზურ მხარესთან, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს შეურიგდეს რეალობას: აფხაზური მხარე არავითარ მოლაპარაკებაში, არანაირ «ფართომაშტაბიან საერთაშორისო კონფერენციაში» არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ეს მათზე ზეგავლენის საშუალება იქნება. ამ შემთხვევაში კი, ნებისმიერი წამოწყება ჩაიშლება ისევე, როგორც ჩაიშალა საერთაშორისო კონფერენციის იდეა. თავს ნუ მოვიტყუებთ: «ჟენევის მოლაპარაკება» და «საერთაშორისო კონფერენცია» ერთი და იგივე არ არის.
    სხვა საქმე იქნებოდა, ეს იდეა საქართველოს წამოეყენებინა აფხაზებთან რეალური კომპრომისის პარალელურად - მაშინ აფხაზური მხარე სიამოვნებით დათანხმდებოდა კონფერენციაში მონაწილეობას, მაგრამ ქართული საზოგადოება, როგორც ჩანს, არც საამისოდ არის მზად. ვითარება კი მძიმდება. თითოეული დღე ამცირებს საქართველოს შანსს, მომავალი (გარდაუვალი) კომპრომისის შედეგად მცირედი მაინც დაიბრუნოს.

მთავრობის სხდომა, როგორც «ჭეშმარიტების მომენტი»

    საქართველოს არატიტულირებულ (გნებავთ «არაფორმალურ») მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე რამდენიმე «მცირე» და «დიდი» სენსაცია მოხდა. «მცირეთა» რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ ჭკუასელ-სარალიძის «ქარაგმული» დაპირისპირება გადასახადის აკრეფასთან დაკავშირებით (ეს მიუთითებს, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დაძაბულობა მატულობს). აგრეთვე, ედუარდ შევარდნაძის არცთუ ორაზროვანი განაცხადი პრეზიდენტობის შემდგომ ვადაზე - თუმცა, ესეც მოსალოდნელი იყო.
    «დიდი სენსაცია» კი უეჭველად გახდა სახელმწიფო მინისტრ ნიკო ლეკიშვილის გამოსვლა, რომლითაც მან დაადასტურა, რომ ფლობს «კოკა-კოლას» აქციათა მნიშვნელოვან ნაწილს და ეს არც არასდროს დაუმალავს - ორჯერ გამოაქვეყნა დეკლარაცია შესაბამისი თანხების მითითებით. საქართველოს პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ ხშირად ლაპარაკობდა «წილობანას» დაუშვებლობაზე - თუ ნიკო ლეკიშვილს გულისხმობდა (არადა, ნამდვილად სწორედ მას გულისხმობდა) - სახელმწიფო მინისტრმა საკითხი პირდაპირ დასვა: ან ვიქნები სახელმწიფო მინისტრი და მექნება აქციები, ან წავალ ბიზნესში და უჩემოდ რაც გინდათ, ის გიქნიათო. მეორე მხრივ, შევარდნაძე ნიკო ლეკიშვილს ასე ადვილად ვერ შეელევა, ვინაიდან იგი ბევრ «რამეს» და «ვინმეს» აწონასწორებს საქართველოს ხელისუფლებაში. მაშასადამე, ქართული პლებსი უნდა შეეჩვიოს (შეურიგდეს) მილიონერი მინისტრების არსებობას.
    დასავლეთში სახელმწიფო მოღვაწეს, მინისტრს არავინ უშლის აქციების ფლობას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე მისი გადაწყვეტილება მიკერძოებით არ არის განპირობებული. საკმარისია, ამ თვალსაზრისით ამა თუ იმ დადგენილების, განკარგულების თაობაზე ოდნავი ეჭვიც, რომ მინისტრის კარიერა მთავრდება და შეიძლება «ვირის აბანოშიც» ამოჰყოს თავი.
    აქ არის სწორედ «ძაღლის თავი დამარხული»: საქართველოში გავლენას ძირითადად «არაფორმალური» ბერკეტები განაპირობებენ - აბა, ერთი დაუმტკიცე რომელიმე მინისტრს (გნებავთ, სახელმწიფო მინისტრს) მიკერძოება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, თუნდაც საწარმოს აქციათა პაკეტს ფლობდეს.
    როგორც ჩანს, თამაშის ეს წესები შევარდნაძემაც მიიღო. მისი თქმით, ნიკო ლეკიშვილი უარს უცხადებდა წინადადებაზე, დაეკავებინა სახელმწიფო მინისტრის პოსტი, მაგრამ «მე მიმაჩნდა, რომ ახალ პირობებში, აუცილებელია ისეთი კაცის მოსვლა თანამდებობაზე, რომელმაც ბიზნესიც იცის და ხელმძღვანელობის გამოცდილებაც აქვს». ამ ლოგიკით, სულ მალე მთავრობა «მსხვილ აქციონერთა» საკრებულოდ გადაიქცევა, თუმცა, ჩვენს პირობებში, შეიძლება ეს სასარგებლოც იყოს, რადგან «პირადი დაინტერესების» გარდა პასუხისმგებლობის ამაღლების სხვა მექანიზმი, როგორც ჩანს, აღარ მუშაობს.

თამარაშენის აფეთქებით «სამხრეთ ოსეთის» პრობლემა შეგვახსენეს

    ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, ერთხელ შენიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტულ მოძრაობათა ინსპირატორები, რატომღაც, გაურკვეველი მიზეზების გამო, ერიდებიან კონფლიქტის გაჩაღებას ერთდროულად რამდენსამე წერტილში: «როდესაც ცხინვალში იწყება არეულობა, აფხაზეთი მშვიდად არის, ცხინვალში დაწყნარდება ვითარება - ქვემო ქართლში იფეთქებს და ასე შემდეგ».
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს მართლაც ასეა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ცხინვალის რეგიონში შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო. აფხაზეთის პრობლემამ ისეთი ზემოქმედება იქონია ყველა სხვა პროცესზე, რომ ყოფილი «სამხრეთ ოსეთი» თითქოს დაგვავიწყდა. არადა, ეს პრობლემა დღესაც ისეთივე მწვავე და გადაუწყვეტელია, როგორც 5 წლის წინ (ახლახან სამაჩაბლოში რუსეთის სამშვიდობო ჯარების» შეყვანის ზუსტი ხუთი წელი შესრულდა).
    ჩვენ დაგვავიწყდა, მაგრამ რუსებს და ოსებს კარგად ახსოვთ, რა მძლავრი «კოზირი» აქვთ საქართველოს წინააღმდეგ. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის აფეთქებაც უეჭველად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ბოლოდროინდელ გამწვავებას უკავშირდება. აფხაზეთის პრობლემის «ინტერნაციონალიზაციამ» რუსეთი გააღიზიანა. მოსკოვს, რასაკვირველია, არ სურს დაკარგოს პრიორიტეტი ამიერკავკასიაში. საქართველო კი მეტისმეტად «დამშვიდდა» და «გამორჩა» კიდევ ერთი უმწვავესი საკითხი, რომელიც «შეყოვნებული მოქმედების ნაღმად» არის ჩადებული მის სახელმწიფოებრივ სხეულში.
    თვისებრივად, მნიშვნელობა არა აქვს, ოსებმა ააფეთქეს მაჩაბლის სახლ-მუზეუმი თუ რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალების» წარმომადგენლებმა. მთავარია, რომ მოქმედებს «ინტერესთა ტანდემი» - კრემლში შესანიშნავად აცნობიერებენ: კავკასიაში ოსებზე ერთგული მოკავშირე არ ჰყავთ, ხოლო ქართველები აფხაზებთან უფრო შეძლებენ კომპრომისის მიღწევას (მიუხედავად დამკვიდრებული მცდარი აზრისა, არძინბას სულაც არ სურს აფხაზეთის შეყვანა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში), ვიდრე ოსებთან, რომლებიც მხოლოდ ჩრდილოეთისკენ იყურებიან.

ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა ლოთი ქობალია - გადაიდგა ნაბიჯი სამოქალაქო ომის დასასრულებლად

    საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 54 სიკვდილმისჯილს, ვისაც 1992-1997 წლებში სიკვდილით დასჯა მიესაჯა (ამ პერიოდში, საქართველოში არც ერთი სასიკვდილო განაჩენი არ მოუყვანიათ სისრულეში) - სასჯელის ეს ზომა შეეცვალათ ოცწლიანი პატიმრობით.
    ხელისუფლებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ იურიდიული კოლიზიის გადაჭრა მოუხდა: მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოში ფაქტობრივად, გაუქმდა სიკვდილით დასჯა, მაგრამ იურიდიული ძალმოსილება ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა. ანუ ხელისუფლებას, ფორმალურად, შეეძლო სისრულეში მოეყვანა ყველა სასიკვდილო განაჩენი.
    ამასთანავე, სასიკვდილო სასჯელის შეცვლა სამუდამო პატიმრობით შეუძლებელი იყო, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ამგვარი სასჯელი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯა (უკლებლივ ყველა მსჯავრდადებულისათვის) შეეცვალა ოცწლიანი პატიმრობით.
    რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ქვეტექსტიც აქვს: სიკვდილმისჯილთა შორის არიან ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებიც, რომელთაც სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯათ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით; თუმცა სავსებით ცხადი იყო, რომ სამოქალაქო ომში გამარჯვებულები ასამართლებდნენ ამ ომში დამარცხებულებს. თავისთავად ეს აბსურდია, - სამოქალაქო ომი იურიდიულ კატეგორიებში არ თავსდება - სისხლის სამართლის კოდექსით, სამოქალაქო ომში დამარცხებულის გასამართლება ისეთივე ნონსენსია, როგორც სამხედრო ტყვის გასამართლება იმავე კოდექსით «მკვლელობის ბრალდებით».
    ედუარდ შევარდნაძე ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, ამდენად მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ «შეზღუდავს» მის დასაყრდენ სოციალურ ბაზას და არ გაუმრავლებს მოწინააღმდეგეთ.
    ლოთი ქობალია სწორედ ამ მომენტმა გადაარჩინა და არა ევროპის საბჭოს პრეტენზიებმა. არ არის გამორიცხული, ყოფილი სიკვდილმისჯილები (იმავე მოსაზრებიდან გამომდინარე), რამდენიმე წელიწადში სულაც გაათავისუფლონ. ასეთია სამოქალაქო ომის ლოგიკა: ამ ომში ტყვეს ან დაუყოვნებლივ ხვრეტენ, ან საერთოდ აღარ ასამართლებენ.

დილის გაზეთი, 28 ივლისი, 1997 წ.