პუტინსა და მედვედევს შორის ფარული ომი მიმდინარეობს

პუტინსა და მედვედევს შორის ფარული ომი მიმდინარეობს

                არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა რუსეთის ამჟამინდელი «პრეზიდენტის», დიმიტრი მედვედევის მდგომარეობა ასე დაახასიათა: «იმას ჰგავს, მშვენიერ ქალთან რომ კანონიერი, ოფიციალური ქორწინებით იყო შეუღლებული და რეალურ ცოლ-ქმრობას გიშლიდნენო».
        მართლაც, მედვედევი რუსეთის კანონიერი პრეზიდენტია და ოფიციალურად სრულ, განუყოფელ საპრეზიდენტო ხელისუფლებას ფლობს, მაგრამ რეალურად ძალაუფლებას ვერ ახორციელებს, ხოლო რუსეთის «ნამდვილ მმართველად» კვლავ ვლადიმერ პუტინი ითვლება.
        რამდენ ხანს მოითმენს დიმიტრი მედვედევი კიდევ ამგვარ მტანჯველ მდგომარეობას? როგორც ჩანს, ვეღარც ითმენს და ვითარებაც თანდათან იძაბება. უფრო ზუსტად, დაპირისპირება «გარეთ გამოდის» და ამაზე უკვე საჯაროდ მსჯელობენ, რაც უეჭველად აძლიერებს ორივე მხარის იჭვნეულობასა და შიშს.
        რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინს, რომლის რეიტინგი 2008 წლისათვის ლამის 100 პროცენტს აღწევდა, მედვედევი სჭირდებოდა არა როგორც «მემკვიდრე», არამედ ერთგვარი «პროქსი» ანუ დროებითი შირმა, მისი ნების გამტარებელი «ტიკინა». მაგრამ საქმე ისაა, რომ თვით საპრეზიდენტო ინსტიტუტი რუსეთში ისეთი უფლებამოსილებითაა აღჭურვილი (მხოლოდ აბსოლუტური მონარქია თუ შეედრება) და თავისთავად ხელისუფლებასაც იმგვარი ხიბლი აქვს, რომ განურჩევლად პუტინის «პროექტებისა», თანდათან იწყება მის მიერ 4 წლის ვადით შეკოწიწებული სისტემის რღვევა.
        პუტინის მიზანი იყო 4 წელი ეცლია «პროქსი-მედვედევისთვის», ხოლო 2012 წელს ისევ დაბრუნებოდა ძალაუფლებას და მორიგი ორი ვადით ემართა რუსეთი ანუ 2024 წლამდე, რაკი საკონსტიტუციო ცვლილებით, საპრეზიდენტო ვადა 4-დან – 6 წლამდე იზრდება.
        მედვედევს კი ისე გაუტკბა ხელისუფლება, რომ რეალურ ძალაუფლებასაც წაეპოტინა.
        პირველი ნიშანი იყო ამჟამინდელი პრეზიდენტის განცხადება: «პუტინი ჩემი მეგობარია, მაგრამ პრობლემები უნდა გადაწყდესო». ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი კი არის მედვედევის მეგობარი, მაგრამ ასეთი პრემიერი რად გინდა, თუ პრობლემებს ვერ წყვეტს?
        პრეზიდენტს კი, კონსტიტუციის შესაბამისად, ერთი ხელის მოწერით შეუძლია შეცვალოს პრემიერ-მინისტრი და გადააყენოს მთავრობა. არც სახელმწიფო სათათბიროს თანხმობა სჭირდება ამისთვის (სადაც პუტინის პარტიას აბსოლუტური უმრავლესობა აქვს) და არც ხალხისა.
        შემდგომ მედვედევმა კიდევ უფრო გაამძაფრა კრიტიკა და განაცხადა, რომ «პუტინი თვალს ხუჭავს პრობლემებზე» და «მე ბოლო დროს ხშირად ვუთითებ მას პრობლემებზე, რაკი ჩემთვის უმთავრესია არა ვინმეს პირადი ამბიცია, არამედ მოქალაქეთა ინტერესები».
        გამოდის, პუტინს (მედვედევის აზრით) საკუთარი ამბიცია უფრო აღელვებს, ვიდრე რუსეთის პირადი ინტერესები. მედვედევმა იქვე დასძინა (პუტინს რომ არ დავიწყნოდა): «მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად მე დავასახელეო» და აღარ უხსენებია, რომ თავის დროზე მისი პერსონა (პრეზიდენტად) სწორედ პუტინმა შესთავაზა საკუთარ გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩებოდა ერთ ჩვეულებრივ ჩინოსნად; ისევე, როგორც თვით პუტინი დარჩებოდა საშუალო რანგის ჩინოსნად, მისი კანდიდატურა ელცინისათვის 2000 წელს ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილს რომ არ «შეეთავაზებინათ» - «ლოგოვაზის» მოსკოვურ წარმომადგენლობაში ერთი გემრიელი სადილის შემდეგ. მანამდე კი (პატარკაციშვილის თქმით) «პუტინს საცოდავი დალაქავებული კოსტუმი ეცვა და იმით დადიოდა მისი ცხოვრება».
        თუმცა ეს რუსეთია და მისი ტრადიცია.
        «ნელა ვმუშაობთ, ნელა» - აგრძელებს მედვედევი პუტინის კრიტიკას - «ასეთი ტემპით მუშაობა დაუშვებელია კრიზისის დროს». საქმეც სწორედ ისაა, რომ, გლობალური კრიზისის პირობებში (რასაც რუსეთიდან აგვისტოს შემდეგ დასავლური კაპიტალის «გაქცევა» დაემატა), პუტინისა და მედვედევის რეიტინგმა ქვემოთ ჩამოჩოჩება იწყო.
        ამჟამად პუტინის ნდობის რეიტინგი 68 პროცენტია, ხოლო მედვედევისა – 53.
        მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან ომმა ეს დაპირისპირება მცირე ხნით შეაჩერა – ეკონომიკური კრიზისის შედეგად იგი კვლავ მწვავდება. თანაც მედვედევი არ ერიდება სირთულეთა გამოყენებას, რათა პრობლემები უშუალოდ პუტინს დააბრალოს. აგვისტოს ომისა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთა «ანშლუსის» შედეგად მედვედევის რეიტინგი გამყარდა, სამაგიეროდ პრემიერ-მინისტრისა – კვლავ იკლებს.
        ამასობაში, მედვედევი ამრავლებს მთავრობაში თავის მომხრეებს, თუმცა პუტინს რჩება ისეთი კოზირი, როგორიცაა «ძალისმიერი მინისტრების» სრული ლოიალობა და ვეცე-პრემიერი სერგეი ივანოვი, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კურირებს.
        პუტინის დანიშნულია ყველა მნიშვნელოვანი გუბერნატორიც, თუმცა «სამეფო კარზე გადატრიალების» შემთხვევაში ისინი უმალვე რეალურად გადაერთვებიან (უკვე თანდათან «ერთვებიან» კიდეც) დიმიტრი მედვედევზე.
        გასაკვირი არ არის, რომ შიშნეულობა, მოლოდინები და იჭვნეულობა როგორც კრემლში, ასევე რუსულ «თეთრ სახლში» სულ უფრო იზრდება. ბიუროკრატიულ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ «პუტინი უცნაურად იქცევა – ხშირად ევძებთ მას პრეზიდენტის აპარატიდან და საერთოდ ვერ ვპოულობთ: გვეუბნებიან რომ არ არის ან საუნაშია და ისვენებს. პირადი დაცვის წევრებიც კი ვერ პოულობენ. . . . პუტინი ძალიან ცოტას მუშაობს და თავის საქმიანობას გულგრილად ეკიდება».
        ასახელებენ კონკრეტულ მაგალითებსაც: რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსული რუბლის კურსი ერთბაშად ჩამოიშალა, რუსეთის ცენტრალური ბანკი აყოვნებდა სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას, რადგან პრემიერს ვერ პოულობდნენ, ხოლო მისი ვიზის გარეშე ბანკი ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას რუსეთში ვერ მიიღებს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში თუნდაც ეს ერთი ეპიზოდი გახდებოდა პრემიერის გადადგომის საფუძველი, მაგრამ მედვედევი ჯერ ითმენს და გადაწყვეტილებას არ იღებს.
        ამასობაში, პრემიერმა პუტინმა მუშაობის განსაკუთრებული სტილი დაამკვიდრა: კაბინეტში საერთოდ არ ჩერდება – 20 წუთით შემოივლის ხოლმე მთავრობის სახლში და ვიცე-პრემიერებს ხვდება. მთავრობის სხდომებსაც არ ატარებს. კაბინეტთან კი ბასეინი მოაწყობინა. იჟევსკში გამართულ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე პუტინი უბრალოდ არ ჩამოვიდა მოსკოვიდან და მედვედევი გაცოფებული იყო – იტყობინებიან კრემლის წყაროები.
        რატომ ერიდება ამ ყველაფრის მიუხედავად მედვედევი გადაწყვეტილების მიღებას და რატომ არ იშორებს პუტინს, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტად დაბრუნებას აპირებს? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ორივეს, პუტინსაც და მედვედევსაც (აგრეთვე მათ გუნდებს) ეშინიათ, რომ ღია დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთის თავისებურებიდან გამომდინარე, მთელი სახელისუფლებო სისტემა (ანუ პუტინ-მედევდევის რეჟიმი) ერთბაშად, ერთიანად ჩამოიშლება, სახელმწიფოებრივი კრიზისი დაიწყება, რუსული სახელმწიფო დაინგრევა და ორივეს მოიყოლებს ნანგრევებში.

2009 წლის 26 თებერვალი