პუტინის სუსტი წერტილი

პუტინის სუსტი წერტილი

Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
   
   
  რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინია. კაცმა რომ თქვას, იგი არც არსად წასულა 4 წლის განმავლობაში და ყველა მნიშვნელოვან პროცესს ყურადღებით მართავდა. „დროებით განზე გადგომა“ კი ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც დასავლეთში თანდათან ჩამოყალიბებული „დიქტატორული იმიჯის“ შერყევას ისახავდა მიზნად. დიმიტრი მედვედევი მხოლოდ ადგილმონაცვლეა. უფრო ზუსტია რუსული გამოთქმა «Местоблюститель». ამჟამად ეს თამაში დამთავრდა და პუტინი მინიმუმ 6 წლით (შესაძლოა 12 წლითაც) დაბრუნდა კრემლში. ბუნებრივია დასავლეთს, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს დიდად არ ეპიტნავება, მაგრამ ამერიკელებს დიდი ხანია არა აქვთ პასუხი კითვაზე, მაინც „რა უყონ პუტინს“ და რა მეთოდით შეიძლება მისი მართვა, რომ მნიშვნელოვან საკითხებში (სირია, ჩრდილო კორეა, ირანი, პოსტსაბჭოური სივრცე) ანტიდასავლურ და კონფრონტაციულ პოლიტიკაზე უარი თქვას.
    იოლი იყო ელცინის დროს, როდესაც ბარელი ნავთობი საშუალოდ 15 დოლარი ღირდა და რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (ესე იგი იმავე დასავლეთის) კრედიტთა იმედად დარჩა. მაგრამ დღეს ნავთობის ფასი იშვიათად თუ ეშვება 100 დოლარს ქვემოთ, რაც რუსულ ბიუჯეტს ავსებს და პუტინის „დამოუკიდებლობას“ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ისიც სულ უფრო „მიმწოლი“ და მოურიდებელი ხდება. პირველ რიგში პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, თუმცა არა მხოლოდ: რუსეთი ნელ-ნელა იბრუნებს პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში, რომელიც დასავლური ცივილიზაციის „მზის წნულია“. სირიულ პორტ ტარტუში უკვე დისლოცირებულია მისი სამხედრო ხომალდები. ანუ, ფაქტობრივად, აღდგა სამხედრო ბაზა, რაც დასავლეთს ხელს უშლის იმ ქვეყნის პირსისხლიანი დიქტატორის, - ბაშარ ალ ასადის „ჩამოგდებაში“ ადგილობრივი ოპოზიციის ხელით. არადა, ეს საკითხი (ასადის დამხობა) ევრო-ამერიკული თანამეგობრობისთვის სულ უფრი პრინციპული ხდება.
    მაგრამ როგორ გინდა რუსეთი (პუტინი) აიძულო, შეცვალოს თავისი დამოკიდებულება? „ფინანსური ყულფი“ გაზრდილ და გავეშებულ დათვს კისერზე აღარ ეტევა - იმდენი ფული აქვს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შევსებასაც კი სთავაზობს დასავლეთს მაშინ, როდესაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იმ ფონდის პირველი მათხოვარი იყო: აი, რას ნიშნავს ასი დოლარი ბარელი ნავთობისთვის!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არადა, სიტუაცია სულ უფრო მწვავდება: დასავლურ დედაქალაქებში პირდაპირ ვერ ამბობენ, თუმცა კი შესანიშნავად ხედავენ და ძალიან აღელვებთ, რომ პუტინი აღარც მალავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი კავშირის შექმნის გეგმებს, რაც ევრო-ატლანტისტებს უამრავ პრობლემასა და თავის ტკივილს უქადის. გამოსავალი კი არ ჩანს, რადგან რუსეთზე ზეწოლის რაიმე სერიოზული ბერკეტი დასავლეთს დღეს, თითქოსდა, აღარც გააჩია.
    ფინანსურ წნეხზე უკვე ვთქვით: რომელ ფინანსურ ზეწოლაზეა ლაპარაკი, როდესაც ევროკავშირმა ლამის რუსეთისგან ისესხოს ფული ევროს გადასარჩენად და კრიზისის დასაძლევად? რუსეთს - დასავლეთისა არც ერთი ცენტი აღარ მართებს, მისი სავალუტო რეზერვები კი იმდენად დიდია, რომ რუსულ ბიუჯეტს რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეავსებს - გაზი და ნავთობი საერთოდაც რომ ვერ გაყიდოს. ამავდროულად, ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსული გაზის წილი დღითი-დღე იზრდება და უკვე 27 პროცენტს მიაღწია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია ესოდენ კოლოსალური ეკონომიკისათვის: საკმარისია „გაზპრომმა“ ონკანი ერთი დღით ჩაკეტოს, რომ ენერგეტიკული, მაშასადამე ეკონომიკური კატასტროფა კონტინეტზე გარდაუვალი გახდება. რუსული გაზის ჩანაცვლება კი ვერ ხერხდება: მოსკოვი კასპიის ზღვაზე ომის დაწყებით იმუქრება, თუ ბრიუსელი უარს არ იტყვის ტრანსკასპიური გაზსადენის „პროვოკაციულ“ გეგმებზე.
    ამასობაში, „გაზპრომი“ სულ უფრი ახრჩობს უკრაინას (იანუკოვიჩის უკრაინასაც კი!), რათა კიევი „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანებაზე დაითანხმოს. ანუ, მთლიანობაში, ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთსა და დასავლეთს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება და მძიმდება. მაგრამ ბოლო დრომდე ამერიკის ისტებლიშმენტმა უბრალოდ არ იცოდა, „რა ეყო“ და რა დაეპირისპირებინა რსუეთისათვის. პირიქით, - მოსკოვი აქტიურად იყენებდა მთავარ სანიტარ ონიშჩენკოს, რათა ამერიკული და ევროპული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეღწევა ზეწოლის სერიოზულ ბერკეტად ექცია.
    ეს პოლიტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შემდეგაც გრძელდება: აღმოჩნდა, რომ პუტინს WTO მხოლოდ პრესტიჟისთვის სჭირდება, თორემ ნავთობისა და გაზის გარდა რა შეიძლება რუსეთმა შესთავაზოს მსოფლიო ბაზრებს? რომელი ტექნოლოგიური ინოვაცია ან რა კრეატიული პროდუქცია? გაიარეთ თბილისი ბაზრებზე: სავსეა ჩინური მობილური ტელეფონებით, ჩინური „აი-პადებით“ და ასე შემდეგ. რუსული წარმოების თუნდაც კონტრაფაქტული მობილური გინახავთ სადმე?
    რაც შეეხება გაზს, ნავთობს, ისევე როგორც შეიარაღებას, მათ გასაყიდად რუსეთს „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია“ სულაც არ სჭირდება, ანუ გენადი ონიშჩენკოს სრულიად დაუსჯელად შეუძლია განაცხადოს (როგორც ერთხელ უკვე გააკეთა, როცა მოსკოვსა და ბერლინს შორის რაღაც თემაზე უთანხმოება წარმოიშვა), რომ თურმე „მერსედესი“ უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს და, ამიტომ, მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის იმპორტი უნდა აირძალოს. ისევე, როგორც ამერიკული ქათმის ბარკლები, იტალიური ფეხსაცმელები და ა.შ. თვითონ რუსეთი არაფერს აწარმოებს და საპასუხოდ რას აკრძალავენ? - ვერაფერს!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    აქედან გამომდინარე, ბოლო დრომდე, დასავლეთი და ამერიკა საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი, - რა მოემოქმედათ პუტინის გონზე მოსაყვანად და ზეწოლის რა ბერკეტი გამოეყენებინათ, რათა მისი რუსულ-ნაციონალისტური მთავრობა უფრო ლოიალური ყოფილიყო. და ბოლოს, მაინც მიაგნეს ერთ ძალიან მძლავრ ბერკეტს, რომელმაც პუტინი აშკარად გაანერვიულა და შეაშინა:
    რამდენიმე დღის წინ, ამერიკის კონგრესში პლენარულ სხდომაზე გასატანად მომზადდა ე.წ. „კარდინის კანონპროექტი“. საქმე ეხება სენატორ კარდინის წინადადებას, რომელიც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში დამნაშავე რუსი ჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მიაქციეთ ყურადღება, არა მხოლოდ ჩინოსნების, არამედ მათი მეუღლეების, შვილების და ა.შ) ამერიკაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. „კარდინის სიის“ ანალოგიური „სიები“ ევროპულ სახელმწიფოებშიც მზადდება. ამან რუსული საგარეო საქმეთა სამინისტროს ჭეშმარიტად ისტერიული რეაქცია გამოიწვია. დღე არ გავა, ლავროვის უწყებამ მრისხანე განცხადება არ გააკეთოს და საპასუხო ზომებით არ დაემუქროს ამერიკასა და ევროპას, თუკი „კარდინის სია“ საბოლოოდ იქნება დამტკიცებული. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ამერიკელებმა მართლაც მიაგნეს რეჟიმის „სუსტ ადგილს“, რომელზე შეხებაც ბევრად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ლიტონი განცხადებები და რეზოლუციები.
    საქმე ის გახლავთ, რომ მართალია ნაციონალისტურ რუსულ ისტებლიშმენტს დასავლეთი სძულს და პუტინიც ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ პიროვნულად, ამ ისტებლიშმენტის წევრებს ძალიანაც უყვართ ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობა. ისინი თავის ფულს სწორედ დასავლურ ბანკებში ინახავენ, ბინებს იქ ყიდულობენ, მათი შვილები დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და ა.შ. დავაკვირდეთ: „კარდინის კანონპროექტი“ არა მხოლოდ ვიზების გაცემაზე უარს ითვალისწინებს, არამედ ფინანსური ავუარების გაყინვასაც გავლენიანი რუსი ჩინოსნებისა და ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლებისათვის. თანაც, სია არ გამოქვეყნებულა - ვითომდაც დელიკატური მოსაზრებებით, რათა კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო რუსეთთან ურთიერთობა. სინამდვილეში კი, მით უარესი პუტინისთვის! რაკი სია არ გამოქვეყნებულა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ არის ვალდებული ახსნას, რატომ არ აძლევს ვიზას ამა თუ იმ რუს ჩინოვნიკს თუ ოლიგარქს (დღევანდელ რუსეთს ხომ სპეცსამსახურთა „გაოლიგარქებული“ ჩინოსნები მართავენ!) და მუდამ შეიძლება უარი აიხსნას იმ დებულებებით, რასაც „მაგნიტსკის კანონპროექტი“ შეიცავს.
    წარმოიდგინეთ, რა დაემართება რუსულ ოლიგარქიას, - რომელსაც ეყრდნობა პუტინი, - თუ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთში შესვლას აუკრძალავენ, მათ შვილებს კი ლონდონ-პარიზში მოგზაურობას, კურშაველში დასვენებასა და კემბრიჯ-სტენფორდში სწავლას? პუტინის ორივე შვილი „საძულველ დასავლეთში“ ცხოვრობს. კონკრეტულად მათ შეიძლება პრობლემა არც შეექმნათ, მაგრამ უეჭველად შეექმნებათ პრობლემა იმავე რუსული ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს - პარიზის ბუტიკებში რომ არიან მიჩვეულნი ჩაცმა-დახურვას.
    რას მოიმოქმედებს რუსეთი საპასუხოდ? თვითონაც შეზღუდავს ვიზების გაცემას? მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ამერიკელები, ინგლისელები და ფრანგები არ ოცნებობენ რუსეთში ცხოვრებაზე, სწავლასა და მოგზაურობაზე. რუსული ელიტა (მათ შორის ახალგაზრდა ელიტა) კი, რომელსაც რიტორიკის დონეზე სძულს დასავლეთი და ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ან ასეთ პოლიტიკას მხარს უჭერს, სწორედაც რომ ოცნებობს დასავლეთზე და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება შენგენის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ვიზის გარეშე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუ სენატორ კარდინის ეშმაკური ინოვაცია ამერიკელებმა და ევროპელებმა ბოლომდე მიიყვანეს (დარწმუნებული ვარ, სერგეი მაგნიტსკის საქმე მხოლოდ საბაბია და არა ნამდვილი მიზეზი) შედეგად აუცილებლად წარმოიშობა სერიოზული კონფლიქტი ვლადიმერ პუტინსა და მის დასაყრდენ რუსულ ოლიგარქიას შორის. წარმოიდგინეთ, რომან აბრამოვიჩს ვიზა აღარ მისცენ ლონდონური „ჩელსის“ თამაშზე დასასწრებად - როგორი იქნება მისი რეაქცია და ვის სასარგებლოდ ამოქმედდება დასავლურ ბანკებში დაცული მისი მილიარდები?
    არ ამოქმედდება და გაუყინავენ იმავე ბანკებში!
    ამიტომაც ღელავს პუტინი: დასავლეთმა ნამდვილად მიაგნო მის „სუსტ წერტილს“ და თუ ძლიერად დააჭერს, სირიის საკითხშიც მიიღებს დათმობას და ირანის პრობლემაშიც: რუსული ოლიგარქია „პუტინის თავს თეფშზე დადებულს მიართმევს“.
    ბუნებრივია, რუსული მასა სულაც არ ღელავს ვიზების გამო, არ ოცნებობს დასავლეთზე და სრულებით არ ანაღვლებს შენგენის ან ამერიკული ვიზების საკითხი. მაგრამ სენატორ კარდინის მიგნება იმიტომაცაა გენიალური, რომ დარტყმა მიმართულია ელიტის წინააღმდეგ. იმ რუსული ელიტისა, რომელიც დასავლეთში ცხოვრობს, ფულს დასავლურ ბანკებში ინახავს, შვილებს იქ აცხოვრებს, ასწავლის, მაგრამ პუტინს მხარს უჭერს, ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ან ასეთ პოლიტიკას აქტიურად არ ეწინააღმდეგება.

2012